ყურძნის დიდი მოსავალი და დაბალი მოთხოვნა - როგორი იქნება „რთველი 2015“

„რთველი 2015“-ისთვის მზადება დაწყებულია, თუმცა რომელი ღვინის კომპანიები ჩაიბარებენ ყურძენს, რა რაოდენობით და რა ფასად, ცნობილი არ არის. ჩვენ საქართველოში მოქმედი სამი უმსხვილესი კომპანიის - „ასკანელი ძმების“, „ბადაგონისა“ და „თელავის ღვინის მარნის“- წარმომადგენლებს ვესაუბრეთ და ისინი ამბობენ, რომ წელს, სავარაუდოდ, გლეხებისგანყურძენს არ ჩაიბარებენ.

ღვინის მწარმოებელკომპანიებში აცხადებენ, რომ პირველეტაპზე საკუთარი ვენახებიდან მიღებულიმოსავლის რეალიზაცია უნდა მოახდინონ. პრობლემა, რომელსაც კომპანია „ბადაგონის“ ხელმძღვანელიგერმანე შენგელია ასახელებს,გასულ წელს წარმოებული ღვინის არსებული მარაგია, რომელიც ვერ გაყიდეს:

„ვერ გეტყვით ვერც სავარაუდო ფასს და ვერც რაოდენობას, რამდენს მივიღებთ. ჯერ ჩამოსასხმელი გვაქვს, რომ ქარხანა გათავისუფლდეს. 10-15 დღეში გაირკვევა ყველაფერი“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი არ მალავს, რომწელს ყურძენზე მოთხოვნა მცირე იქნება, რაც მის საბაზრო ღირებულებასაც შეამცირებს. გიორგი სამანიშვილი რთველზე საუბრისას სიტყვა „პრობლემის“ ხსენებას ერიდება, თუმცა მის მიერ ჩამოთვლილი რამდენიმე ფაქტორი პრობლემებზე მიუთითებს.

სამანიშვილის თქმით, ყურძენზე ფასის დარეგულირებას თავად კომპანიები უზრუნველყოფენ, სახელმწიფო კი მევენახეებს სუბსიდირების სახით დაეხმარება:

„მოლოდინი გვაქვს, რომ, დაახლოებით, 70 კომპანია ჩაიბარებს ყურძენს, თუმცა იმდენს არა, როგორც შარშან, რადგანაც მოთხოვნა აღარაა. ჩემი რჩევაა, ვისაც აქვს ყურძენი, უკვე დაიწყოს იმაზე ფიქრი, ვის ჩააბარებს“.

სახელმწიფო უნდა დადგეს მევენახის გვერდზე და უნდა დაიცვას მისი ინტერესები, მიიჩნევს ექსპერტი სოფლის მეურნეობის დარგში პაატა კოღუაშვილი. მისი შეფასებით, სუბსიდირების სახით დახმარება გლეხის ფინანსურ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს და ეს მევენახეთა დიდ ნაწილს სტიმულს უკარგავს.კოღუაშვილი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვალდებულია ყურძნის საბაზრო ფასის დადგენაში ჩაერიოს და სახელმწიფო აგრარულ პოლიტიკას გადახედოს:

„35 თეთრი სუბსიდია საკმარისია? დაუთვალეს, რა უჯდება გლეხს? ისინი მხოლოდ მატერიალურ დანახარჯს უთვლიან და არ უთვლიან მის შრომას. სასაცილოა! ფასის საკითხში ხომ ვერ ჩავერევიო? აბა, რაში ერევი? მაშინ ვის რაში სჭირდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო?“

სახელმწიფო უწყებებისა და მეღვინეებისგანგანსხვავებით, ყურძნის ჩაბარების საშუალო ფასი უკვე დათვლილი აქვთ კახელ მევენახეებს. მათი თქმით, 1 კილოგრამიყურძნის ჩაბარების მინიმალური ღირებულება1 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს:

„ლარზე ნაკლებად არ ჩავაბარებთ. წავიღებ, ბაზარში გავყიდი ან დავწურავ“;

„წამალი შარშან რვა ლარი ღირდა, წელს 12 ღირს და ყურძენს კარგი ფასი უნდა ჰქონდეს“;

„მთავრობას რომ 50 თეთრად ჩავაბარო, მე რაღა დამრჩება?“

„ლარ-ნახევარი უნდა იყოს, ხალხს რომ რაღაც დარჩეს“.

,,რთველი 2015“-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, წელს რთვლის საკოორდინაციო მთავარიშტაბი თელავში განთავსდება, ხოლო წარმომადგენლობა -გურჯაანში. გასულ წელს ერთი კილოგრამი რქაწითლის ფასი, სუბსიდიის ჩათვლით, ერთ ლარს შეადგენდა, ხოლო საფერავი 2-დან 3 ლარამდე იყო.