თამბაქო, აბრეშუმი, სამკერვალო ფაბრიკა - მთავრობის ხედვა კახეთის განვითარებისთვის

სიღნაღი

რა პოტენციალი აქვთ კახეთის ცალკეულ რაიონებს მომავალი განვითარებისთვის? საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ინიციატივები გააჟღერა, თუმცა ადგილზე გამგებლებმა დეტალურად არაფერი იციან, როდის დაიწყება რეალურად სამუშაოები. საკუთარი მოსაზრებები აქვს საზოგადოებასაც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთის რეგიონის განვითარების მთავრობისეული ხედვა წარმოადგინა. პრემიერმა ყველა რაიონზე ილაპარაკა, თუ სად რა პოტენციალი არსებობს. ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივები კახეთში, საწარმოების სახით, ათეული წლის წინ უკვე მუშაობდა და ახლა მის აღდგენა-განვითარებაზეა ლაპარაკი:

„ახმეტას აქვს ტყავისგადამამუშავებელი წარმოების განვითარების რესურსი; საგარეჯოში გვაქვს უნიკალური მინერალური სამკურნალო წყლები; გურჯაანს აქვს აგურის, რკინა-ბეტონის წარმოების რესურსი. დედოფლისწყაროში არის სპირტის, ლუდის წარმოების, ასევე ცემენტის წარმოების, ტყავის გადამუშავების რესურსი“.

პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, სიღნაღის ეკონომიკური მომავალი, რომელიც თავის მხრივ დასაქმებასაც გულისხმობს, სამკერვალო წარმოების განვითარებაზეა დამოკიდებული. როგორც ჩვენ გავარკვიეთ, სამკერვალო ქარხანა ამ რაიონში წლების წინ, საბჭოთა კავშირის პერიოდში, უკვე მუშაობდა და იქ 600-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული. ჩვენ დავინტერესდით, რა იციან ადგილობრივ თვითმმართველობაში პრემიერის მიერ გაჟღერებულ სამომავლო პროექტებზე. გამგებლის მოადგილე ბერდო ასანიშვილი გვეუბნება, რომ კონკრეტული სამუშაოების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.

პრემიერმა მხოლოდ იდეა გააჟღერა?

„კი, კი, პრემიერმა სიღნაღში იდეა გააჟღერა და ბიზნესმენებს მიმართა, რომ იქნებ წარმოგვიდგინოთ გეგმა მისი განვითარების და აღორძინებისო“.

თელავი

თელავის განვითარებას მთავრობა მარმარილოს გადამამუშავებელი ქარხნის ამუშავებაში ხედავს. ასეთი ქარხანა წლების წინ უკვე მუშაობდა და იქ 100-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. ჩვენ თელავის გამგებელს ალექსანდრე შათირიშვილს ვკითხეთ, რა იცის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე და კონკრეტულად როდის დაიწყება მუშაობა.

„კონკრეტულად საქმე-საქმეზე რომ იყოს, ეგ არ ვიცი, მაგრამ ძველი ქარხანა არსებობს, შენარჩუნებულია, მე მგონი, არ გაძარცულა.პატრონი ჰყავს ქარხანას. ვნახოთ, მერე რა იქნება“...

პრემიერის კიდევ ერთი გეგმა, სადაც თამბაქოსა და აბრეშუმის კულტურების აღდგენაზეა ლაპარაკი, ლაგოდეხს ეხება. ჩვენ საზოგადოებას ვკითხეთ, რას ფიქრობენ უკვე გაჟღერებულ ინიციატივებზე:

„თამბაქო და აბრეშუმი ძლივს მოისპო. ასეთ რაღაცას ნამდვილად არ დავეთანხმები“.

„მე მომწონს ეს იდეა. ხალხისთვის შემოსავლის წყარო ის უფრო იყო. ახლარა არის ლაგოდეხში, რომ ხალხმა რაღაც ლუკმაპური იშოვოს? არაფერი! ზედაპირულად რასაც ვხედავ, იმის საშუალებაც არ გვაქვს, რომ ვიარსებოთ“.

„ახლა ვინ მოიყვანს აბრეშუმს? ხალხი დაავადდა, ზოგს წნევა აქვს, ზოგს შაქარი. აღარ მგონია, რომ მოიყვანონ“.

კახეთის რეგიონის განვითარების მთავრობისეული ხედვის წარდგენის პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა უკვე განხორციელებულ პროექტებზეც ილაპარაკა. ღარიბაშვილმა განსაკუთრებით სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა გამოყო, რომელიც უკვე მზადაა. ეს პროექტი სახელმწიფოს 20 მილიონამდე ლარი დაუჯდა. როგორ იმუშავებს სისტემა? ის პრაქტიკაში პირველივე სეტყვისას გამოიცდება და შედეგიც ცნობილი გახდება.