„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო - ვინ აგებს პასუხს უხარისხო სამუშაოებზე

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, წელს კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში, ჯამში, 6 მილიონ 500 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. სოფლებში პრიორიტეტული პრობლემების მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა მოსახლეობა გასულ წლებში უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე წუხს და ხელისუფლებისგან უფრო მეტს ითხოვს.

კახეთის სოფლებში კრებები ტარდება. მოსახლეობის უმრავლესობამ უნდა დაადგინოს, თუ რა არის დასახლებისთვის ნომერ პირველი პრობლემა, რათა მათთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ თანახმად გამოყოფილი ფულით ეს პრობლემა მოგვარდეს. პროგრამა რომ ზოგადად კარგია, კახეთში ამაზე არ დაობენ, თუმცა ლაპარაკობენ იმაზე, რომ უმეტეს შემთხვევაში სამუშაოები უხარისხოდ ტარდება, შედეგად კი ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები ერთი და იმავე პრობლემის მოგვარებაზე იხარჯება. ასე მოხდა თელავში, ასე მოხდა სოფელ წინანდალშიც.

გიორგი გემაზაშვილი: „წელს ჩვენი მოთხოვნაა: გვჭირდება მინი სტადიონის რეკონსტრუქცია, რადგან ხელოვნური საფარი უკვე დაზიანდა. სწორედ ახლა გვინდა, რომ აღადგინონ“.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კავშირში 2013 წელსსანიაღვრე არხი გააკეთეს, თუმცა არხი დღეს ისევ თავიდანაა გასაკეთებელი.

„ეს გააკეთეს მაშინ, როცა ძალიან დიდი ყინვა იყო. არ არის ხარსისხიანი, იმიტომ რომ ჩაასხეს ზამთარში. ყინვაში რომ ჩაასხეს, როგორი ბეტონიც უნდა ყოფილიყო, მაინც დაიშლებოდა. ზაფხულში გაკეთებული და ყინვაში გაკეთებული რადიკალურად განსხვავდება“, - განაცხადეს ადგილობრივებმა.

ამ პრობლემებზე დღევანდელი სახელისუფლებო გუნდიც მიუთითებდა, ოღონდ მანამდე, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. დღეს კი ამბობენ, პროგრამაში ხარვეზები არ არისო. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ მირზა ალიევის სიტყვებით, „ლაგოდეხში ყველა პროექტი ხარისხიანია და ხარვეზებიც არსად არ იკვეთება“:

„სოფლის დახმარების პროგრამა შესრულდა ძალიან კარგად. რაც იყო გათვალისწინებული პროგრამით, გაკეთებულია სრულად. ჩავარდნა არსად არ ყოფილა. იმედია, წელსაც ისე იქნება, როგორც შარშან“.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები რომ ხშირ შემთხვევაში უხარისხოდკეთდება, ამაზე ლაპარაკობს ოპოზიციაც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ლაგოდეხის საკრებულოს წევრის ვახტანგ დევიძის თქმით, ობიექტების უმეტესი ნაწილი გახსნიდან 6 თვეც კი ვერ მუშაობს:

„არის ფაქტები, რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომაც და ზედამხედველობის სამსახურმაც გარკვეული სამუშაოები ჩათვალა სტანდარტულად და ხარისხიანად, მაგრამ შედეგი სახეზეა: კონკრეტულმა ობიექტმა 5-6 თვეც კი ვერ იმუშავა“.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება ცენტრალურმა ხელისუფლებამ 2009 წელს დაიწყო.6 წლის განმავლობაში მხოლოდ კახეთში დაახლოებით 45 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, თუმცა უმეტესი მათგანი დღეს არ მუშაობს. ერთ-ერთი მსხვილი პროექტია ველისციხის აბანო. მის ასაშენებლად 50 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა აბანოს არც ერთი დღე არ უმუშავია. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა ხელისუფლებას მოუწოდებს წელს ხარისხზე გაამახვილონ განსაკუთრებული ყურადღება.