„მთავრობის წყალმა“ ყველა სოფლამდე ჯერ ვერ მიაღწია

რამდენიმე დღეა კახეთის სოფლებში სასმელ წყალს არიგებენ - თითო ოჯახზე 250 ლიტრს. ინიციატივა რეგიონის გუბერნატორს ეკუთვნის, თუმცა არის სოფლები, სადაც „მთავრობის“ წყალი ჯერ არ მიუღიათ, ხოლო იქ, სადაც მიიღეს, ამბობენ, რომ 250 ლიტრი არასაკმარისია.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ილიაწმინდა იმ სოფლების ჩამონათვალში ჯერ ვერ მოხვდა, სადაც სასმელ წყალს არიგებენ. არადა, სოფელში სასოცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა ათწლეულებია აწუხებთ. როგორც სოფლის მცხოვრებლებმა განაცხადეს, მათ სასმელი წყალი დღის განმავლობაში, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ერთი საათით მიეწოდებათ:

„სასმელი წყლის გამო მეზობელთან მომივიდა დიდი ჩხუბი. წყალი მცირე ხნით და ისიც ცოტა მოდის, ამიტომ წყლის აღებას ვერც ერთი ვერ ვასწრებთ“.

„21-ე საუკუნეში კი არა, ჩვენ ვართ პირველყოფილთა წყობილებაში. მინდვრიდან რომ მოხვალ და წყალი არ გაქვს, რა უნდა გააკეთო?!“

„წყალი დღეში ერთი საათით მოდის, შემდეგ წყდება და მომდევნო დღეს ველოდებით“, - განაცხადეს ილიაწმინდაში მცხოვრებლებმა.

ილიაწმინდაში გამგებლის წარმომადგენელი ილია ბაიდოშვილი სასმელი წყლის პრობლემას ძლიერ გვალვებს უკავშირებს, თუმცა ირწმუნება, რომ პრობლემა არ არის მასშტაბური.

„კონკრეტულ უბანში რომ წყალი საერთოდ არ იყოს, ასეთი რამ არ არის. პრობლემა მეტ-ნაკლებად არის, თუმცა წყალი ყველა უბანში მაინც მოდის“.

ბოლო თვეების განმავლობაში, ძლიერი გვალვის გამო, კახეთში წყლის მიწოდების პრობლემა შეიქმნა, ამიტომ თექვსმეტი აგვისტოდან კახეთის ზოგ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლება სპეცტექნიკის მეშვეობით მოსახლეობას წყლით ამარაგებს - თითო ოჯახს 250 ლიტრით. წყალი 2-ჯერ უკვე დარიგდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გუჯარეთში, თუმცა ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ წყალი არასაკმარისია და დამატებით მისი მოტანა 5 კილომეტრის სიშორიდან უწევთ.

„ეს 250 ლიტრი მხოლოდ დღეს გვეყოფა და ხვალ რა ვქნათ? ან საქონელს რა დავალევინოთ? წყალი არ გვყოფნის და დამატებით მეზობელი სოფლიდან, გიორგეთიდან, მოგვაქვს - ისიც, თუ მანქანა ვერ ვიშოვეთ, 5 კილომეტრი ფეხით უნდა ვიაროთ“.

წყალს კახეთის ზოგ სოფელში თავდაცვის სამინისტროსგან გამოთხოვილი სპეცტექნიკის მეშვეობით არიგებენ. მხარის გუბერნატორის განცხადებით, თითოეულ რაიონს 3-4 სპეციალური მანქანა ემსახურება.

„სადაც პრობლემაა, სატრანსპორტო საშუალებებით სასმელ წყალს ვაწვდით. მოთხოვნის შესაბამისად, ტრანსპორტი თავდაცვის სამინისტრომ გამოგვიყო. წყალს მანამდე დავარიგებთ, ვიდრე პრობლემა იარსებებს“, - განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ძლიერი გვალვის გამო, კახეთში წყლის მიწოდების პრობლემა შეიქმნა. დაშრა თითქმის ყველა მთის მდინარე, საიდანაც წყლის სათავო ნაგებობები მარაგდება. სასმელი წყლის გარდა, პრობლემურია სარწყავი წყალიც. ამის გამო კი ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები უკვე განადგურდა.