კახეთში სამსახურიდან დაითხოვეს 665 საჯარო მოხელე

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე კახეთში 665 საჯარო მოხელე თანამდებობიდან გათავისუფლდა - ამ მონაცემებს კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები აქვეყნებენ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ბოლო 3 თვის განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველობებში შექმნილი არასახარბიელო ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვეს. მათი განცხადებით, კახეთის 8-ვე რაიონში საჯარო მოხელეთა გათავისუფლება აშკარა თუ ფარული ზეწოლის საფუძველზე ხორციელდება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვრცლად ისაუბრეს ერთ-ერთ კონკრეტულ ფაქტზე, რომლის მიხედვითაც, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურაბ დანელიშვილი ღიად აფიქსირებს, რომ საკადრო საკითხებს წყვეტს არა კანონით, არამედ თავისი მორალური პრინციპებიდან გამომდინარე.

საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი ამბობს:
„პრობლემის იდენტიფიცირება მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, როდესაც გამგებლის მოადგილემ, ბატონმა ზურაბ დანელიშვილმა, სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, რომ საჯარო მოხელეთა დანიშვნა-გათავისუფლებას იგი არ უკავშირებს და არ ხელმძღვანელობს კანონის მოთხოვნებით, არამედ, თავისი მორალური პრინციპებიდან გამომდინარე. მან გააკეთა საჯარო მოხელისათვის შეუფერებელი განცხადება“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ კახეთის რეგიონალური კოორდინატორი ნანა დევიძე ამბობს, რომ თანამშრომლები საჯარო სამსახურებიდან სხვადასხვა მიზეზებით გათავისუფლდნენ, მათ შორის, იმის მიხედვით, კონკრეტული კადრი რომელი პარტიის მხარდამჭერია. დევიძე ამბობს, რომ სამსახურებში ახალი თანამშრომლების მიღებაც ამის მიხედვით ხდება.
ეს არ ხდება მხოლოდ პარტიული ნიშნით, იმიტომ რომ ჩვენ მიერ ჩატარებულ მონიტორინგში ასე მოგვაწოდეს ინფორმაცია. ზოგ შემთხვევაში თუ ხდება ეს პარტიული ნიშნით, ზოგ შემთხვევაში აჰყავთ პროფესიონალი ადამიანები...
ნანა დევიძე

ნანა დევიძე - „სამართლიანი არჩევნების“ კახეთის რეგიონალური კოორდინატორი:

„ეს არ ხდება მხოლოდ პარტიული ნიშნით, იმიტომ რომ ჩვენ მიერ ჩატარებულ მონიტორინგში ასე მოგვაწოდეს ინფორმაცია. ზოგ შემთხვევაში თუ ხდება ეს პარტიული ნიშნით, ზოგ შემთხვევაში აჰყავთ პროფესიონალი ადამიანები. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ის, რომ გამგებლები აჟღერებენ ინფორმაციას კონკურსის ჩატარების შესახებ. ვიტყვი იმასაც, რომ აქამდე აყვანილი თანამშრომლები მაინც არ იქნებიან თანაბარ პირობებში იმ ადამიანებთან, ვისაც მოუწევს კონკურსის გავლა. ამიტომ ჯობდა თავიდანვე ეს ადამიანები დაენიშნათ კონკურსის წესით და თანამშრომლების აყვანის ფაქტები ყოფილიყო გამჭვირვალე პროცესი“.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშს გამოეხმაურა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურაბ დანელიშვილი. ის ადასტურებს, რომ ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში სამი თანამშრომელი ნამდვილად გათავისუფლდა სამსახურიდან. დანელიშვილის თქმით, ის არ იზიარებს მესამე სექტორის აზრს, რომ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით უშვებენ თანამდებობებიდან.

ზურაბ დანელიშვილი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:

„საკუთარი განცხადებით სამსახურიდან განთავისუფლება თითქმის უკვე ავტომატურად იქცა პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლების იდენტურად. ნამდვილად არ დამიზუსტებია, მაგრამ, როგორც მახსოვს, იმ ადამიანების დასაქმება სწორედ არჩევნების წინა პერიოდში მოხდა“.
’ნაციონალური მოძრაობის’ რიგებში ვიყავი საარჩევნო პერიოდში. არაერთი პიროვნება იყო მოსული იმასთან დაკავშირებით, რომ მაიძულებდნენ სამსახურიდან საკუთარი ნებით წასვლის შესახებ დამეწერა განცხადება...
თორნიკე მაჭარაშვილი

კიდევ ერთი ფაქტი, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, ლაგოდეხში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფორსს ეხება. თორნიკე მაჭარაშვილი სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ, თუმცა ირწმუნება, რომ მას ლაგოდეხის გამგებელი სამსახურის დატოვებას სთხოვს. მაჭარაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობის გამო ისჯება.

თორნიკე მაჭარაშვილი - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ლაგოდეხის რაიონული სამსახურის უფროსი:

„’ნაციონალური მოძრაობის’ რიგებში ვიყავი საარჩევნო პერიოდში. არაერთი პიროვნება იყო მოსული იმასთან დაკავშირებით, რომ მაიძულებდნენ სამსახურიდან საკუთარი ნებით წასვლის შესახებ დამეწერა განცხადება და მშვიდ გარემოში დამეტოვებინა თანამდებობა, თუმცა მე მათ უარი განვუცხადე“.

ლაგოდეხის გამგებელი ვალერი ალიბეგაშვილი თორნიკე მაჭარაშვილის ბრალდებებს უპასუხებს. როგორც გამგებელი ამბობს, პოლიტიკურ ზეწოლას ადგილი არა აქვს. მისი თქმით, აღნიშნულ სამსახურში არასახარბიელო მდგომარეობაა, რის გამოც მან თანამდებობა უნდა დატოვოს. ვალერი ალიბეგაშვილი - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

„სპორტი ლაგოდეხში, ფაქტობრივად, არ არსებობს. ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება და არც არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, არავის არაფერი არ უთქვამს მისთვის“.

არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ მიმდინარე წლის მარტისთვის არჩევნების შემდეგ განვითარებული პროცესებისა და საკადრო ცვლილებების თაობაზე უფრო ვრცელი ანგარიში მოამზადონ, რომელშიც მთელ საქართველოში არსებული მონაცემები იქნება შესული.