გაამართლა თუ არა კახეთის განვითარების გეგმამ

სიღნაღი

2012 წელი კახეთის განვითარების და ტურისტულ წლად იყო გამოცხადებული, რაც, თავის მხრივ, რამდენიმე კომპონენტს მოიცავდა, მათ შორის: ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და, რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას.

გაამართლა თუ არა მთავრობის გეგმამ და იყო თუ არა 2012 წელი ტურისტული მიმართულებით სხვა წლებისგან განსხვავებული? პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთის მხარეში ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ იყო ხელის შემშლელი ფაქტორები და ბუნებრივი პროცესები, რომელმაც გაწერილ სამუშაოებში ცვლილებების შეტანა გამოიწვია, თუმცა ტურისტული მიმართულება მაინც მნიშვნელოვნად განვითარდა. ჭიაბერაშვილის თქმით, რეგიონის განვითარება მრავალწლიანი პროექტია და სამუშაოების ჩატარებას მომავალ წელსაც ითვალისწინებს:

„როცა ასეთი რეგიონალური განვითარების პროექტები კეთდება, ბუნებრივია, მისი შედეგები ვერ იქნება გარანტირებული მხოლოდ ერთ წელს განხორციელებული ქმედებებით ან თუნდაც ორ წელზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საფუძველი კარგია ჩაყრილი, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა მიმართულებით, ეს იქნებოდა სოფლის მეურნეობის მიმართულება, ინფრასტრუქტურული მიმართულება თუ ტურისტული პოტენციალის გაზრდა, ყველა ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა“.

კახეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებისთვის სახელმწიფომ მსოფლიო ბანკისგან 60 მილიონიანი სესხი აიღო, ხოლო თანადაფინანსებით ბიუჯეტიდან 40 მილიონი გამოყო. თანხა ყვარლის, თელავის და ახმეტის გარკვეულ ნაწილში ფასადების და შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას, სანიაღვრე არხების მოწესრიგებას, გარე განათების სისტემის დამონტაჟებას და სკვერების მოწყობას ითვალისწინებდა.

ამ პროექტის ფარგლებში დაიწყო თელავში ბატონის ციხის და ერეკლე მეორის სასახლის რეაბილიტაციაც. პროცესის მიმდინარეობის დროს მთავრობის შეცვლის შემდეგ მშენებლობების ხარისხსა და ისტორიული იერსახის შენარჩუნებაზე ეჭვები გაჩნდა. კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი ამბობს, რომ დღეს სამუშაოები შეჩერებულია და ბატონის ციხის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია:
საერთოდ მუზეუმი დაბომბილი გეგონებათ. ეს არის დანაშაული, რომელზეც უნდა დაისაჯონ, ძეგლთა დაცვის კუთხით, ნიკა ვაჩეიშვილი და ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ...
თენგიზ ალავიძე

„მე დავუკავშირდი მუნიციპალური განვითარების ფონდს და მათ ვთხოვე პირადად სასწრაფოდ შეაჩერონ ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოები ამ ობიექტებზე“.

ერეკლე მეორის სასახლის იერსახის დამახინჯებაში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ადანაშაულებს თელავის ისტორიული მუზეუმის ყოფილი დირექტორი თენგიზ ალდამიძეც. საქმე ეხება ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც კახეთის განვითარების და თელავის რეაბილიტაციის ფარგლებში დაიწყო.

ალდამიძე ამბობს, რომ ახალი პროექტი განსხვავებულია და მისი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საუკუნოვან ძეგლებს ისტორიული იერსახე დაუმახინჯდება:

„საერთოდ მუზეუმი დაბომბილი გეგონებათ. ეს არის დანაშაული, რომელზეც უნდა დაისაჯონ, ძეგლთა დაცვის კუთხით, ნიკა ვაჩეიშვილი და ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა. როგორც მე ვიცი, ძიება უკვე დაწყებულია“.

ბატონის ციხის და ერეკლე მეორის სასახლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილიც გამოეხმაურა:
ხომ გაკეთდა?! კარგია, ლამაზია. ცუდად გაკეთდა თუ კარგად, დასამახსოვრებელი იყო, რომ თელავი გალამაზდა ...

„დეტალებს მე არ ვიცნობ, თუმცა როდესაც ხდება ამა თუ იმ ისტორიული ძეგლის აღდგენა, ყოველთვის შესაძლებელია მოიძებნოს ექსპერტთა სამი, ოთხი, ხუთი და ათი სხვადასხვა ჯგუფი, რომლებსაც ექნებათ განსხვავებული მოსაზრებები ამა თუ იმ ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებით. ღმერთს ვთხოვ, რომ იგივე ძალისხმევით, იგივე შემართებით გააგრძელოს ახალმა ხელისუფლებამ ისტორიული ძეგლების გადარჩენა“.

როგორ აფასებს საზოგადოების ნაწილი უკვე ჩატარებულ სამუშაოებს? თელავის რეაბილიტირებული ნაწილის შეფასება რიგით ადამიანებს ვთხოვეთ:

„თეატრი დაამახინჯეს! მილები ჩასვეს და იერსახე დაუკარგეს. რეაბილიტაცია გააკეთეს. ზოგან წყალი ჩამოდის, ზოგან გაკეთებული ჩამოიშალა. „ქართული ოცნების“ ოფისს კი ფასადი მოუშალეს და აღარ გააკეთეს. დაიკარგა ის სილამაზე, რაც ჰქონდა თელავს“.

„ხომ გაკეთდა?! კარგია, ლამაზია. ცუდად გაკეთდა თუ კარგად, დასამახსოვრებელი იყო, რომ თელავი გალამაზდა“.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საფინანსო პოლიციამ "კახეთის განვითარების პროექტის" ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების შესწავლა დაიწყო. გაგრძელდება თუ არა კახეთის განვითარების პროექტის ფარგლებში სამუშაოები 2013 წელსაც, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.