ტურისტული წელი კახეთში

სიღნაღი

ტურიზმის განვითარების მიზნით, კახეთის რეგიონი წელს ტურისტულ წლად არის გამოცხადებული. ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც რეგიონში მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო, ჯერ არ დასრულებულა.
მთავარი სამუშაოები თელავის, ყვარლისა და ახმეტის რაიონის სოფელ დართლოში მიმდინარეობს.

მომზადდა სპეციალური ვებგვერდი და ლოგო, სადაც ძირითადი მიმართულებებია კულტურული ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი და ღვინის ტურიზმი. ასევე, შეიქმნა სლოგანი "აღმოაჩინე შენი კახეთი".

ტურისტების მოსაზიდად ვებგვერდზე განთავსებულია ინგლისურენოვანი ვიდეორგოლები, რომელიც უცხოელ დამთვალიერებელს რეგიონის შესაძლებლობებს აცნობს.
იქნება ეს ბილიკები, თავშესაფარი, აღჭურვილობა თუ ცხენები - იმსახურებს მაღალ შეფასებას, რადგან ეს არის ხელმისაწვდომი, ყოველთვის არის ხარისხიან მდგომარეობაში ...

"მოხდება დაახლოებით 8 ქუჩის და რამდენიმე სკვერის რეაბილიტაცია, აღდგენილი იქნება სახლები და სავაჭრო ობიექტები, რომლებსაც დაუბრუნდება ძველი იერსახე", ამბობს ახმეტის გამგებელი კობა მაისურაძე.

რეგიონის სხვადასხვა ქალაქში მრავალი ღირსშესანიშნაობის ნახვაა შესაძლებელი. ამ კუთხით, ლაგოდეხი უნიკალურობითა და ხელშეუხებელი ბუნებით გამოირჩევა. ტურიზმის მოყვარული უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია ნაკრძალი.

"ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სერვისი არის მაღალი კლასის. ეს გულისხმობს იმას, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა - იქნება ეს ბილიკები, თავშესაფარი, აღჭურვილობა თუ ცხენები - იმსახურებს მაღალ შეფასებას, რადგან ეს არის ხელმისაწვდომი, ყოველთვის არის ხარისხიან მდგომარეობაში და, ამის მიუხედავად, ფასი არის საოცრად დაბალი. ყველა აღნიშნავს ამას, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მათ უჭირთ თანხის დახარჯვა", ამბობს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სურამანიძე.

ერთადერთი, რაც ლაგოდეხში მეტ-ნაკლებად განვითარდა, ეს არის ტურიზმი, - ასე აფასებენ ადგილობრივები ქალაქის დღევანდელ ცხოვრებას. უხარიათ, რომ ტურისტები ჩამოდიან, თუმცა ნაწილი დასასვენებლად წასვლას ვერც საქართველოს ტურისტულ ზონებში ახერხებს და ვერც საზღვრებს გარეთ.

"4 შვილის დედა ვარ და პირობები არ არის ისეთი, რომ გავიდე გარეთ ბავშვებთან ერთად დასასვენებლად."
ველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გვაქვს ლაგოდეხელებს, ეს არის ნაკრძალი ...
გურამ კაკალაშვილი

"დასასვენებლად? ფინანსები არ არის, სად წახვალ?"

"ოჯახში ყოველთვის არის დასასვენებლად წასვლის სურვილი. ბავშვები გვყავს, არც უფროსებს გვაწყენს. ასე რომ, ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული."

"სად აქვს საქართველოში ქართველ გლეხს დასვენების უფლება?! მაგის შესაძლებლობები ჩვენ არ გაგვაჩნია ჯერჯერობით და აწი რა იქნება, ღმერთმა იცის. თუ გავიდა ჩვენი საქონელი საზღვარგარეთ, შეიძლება რაღაც მოხერხდეს. თუ არადა, საზღვარგარეთ კი არა, შეიძლება ცოტა ხანში ლაგოდეხშიც ვერ ამოვიდეთ ექიმთან", - ასეთი ლაპარაკია ადგილობრივ მოსახლეობაში.

მაჟორიტარი დეპუტატი გურამ კაკალაშვილი ამბობს, რომ ტურიზმი კიდევ უნდა განვითარდეს, რადგან ლაგოდეხს ამისთვის დიდი პერსპექტივები აქვს. დეპუტატი იმედებს კვლავ ლაგოდეხის ნაკრძალზე ამყარებს:

"მე ვფიქრობ, ქალაქში არის იმის პერსპექტივა, რომ ჩვენ, ნაკრძლიდან გამომდინარე, განვავითაროთ ტურიზმი. ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გვაქვს ლაგოდეხელებს, ეს არის ნაკრძალი. ძირითადად ტურისტულ სფეროში უნდა ჩავებათ. ამ მიმართულებით ბევრი რამე კეთდება, უკვე თითქმის ათეულობით საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს ლაგოდეხში და ყველა დატვირთულია."

ტურიზმი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მრავალი ქვეყნისთვის, მაგალითად, ისეთებისთვის, როგორებიცაა საფრანგეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ და ა.შ. ამ ინდუსტრიას მიეკუთვნება გასართობი ადგილები: პარკები, კაზინოები, სავაჭრო ცენტრები, მუსიკალური დაწესებულებები და თეატრები.