„კაბელების საქმე“ კვალიფიკაციას იცვლის - დაკავებულებს მალე გაათავისუფლებენ

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ეგრეთ წოდებულ „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებულები საპატიმროს, დაახლოებით ორ თვეში დატოვებენ. ასეთია თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის 26 იანვრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ამ საქმეში ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავეა არა სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულებს, საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 7 წლის ნაცვლად, სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა. ამ ვადიდან მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა კიდევ 50 დღის განმავლობაში მოუწევთ. გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში მყოფ ბრალდებულთა დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. გადაწყვეტილება, თავის მხრივ, მიუღებელია ბრალდების მხარისთვისაც.

Your browser doesn’t support HTML5

„კაბელების საქმე“ კვალიფიკაციას იცვლის - დაკავებულები მალე გათავისუფლდებიან

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების - პატიმრობაში მყოფი გიზო ღლონტის, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძის, ნუგზარ კაიშაურისა და დავით წიფურიას - ადვოკატები, სოსო ბარათაშვილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს 26 იანვრის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით გაასაჩივრებენ:

სოსო ბარათაშვილი

“რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რომ გაფლანგვა არ არსებობს ამ შემთხვევაში და არც ერთი არ გაუფლანგავთ ამ ადამიანებს, დღეს გამოჩნდა და დადასტურდა ეს ყველაფერი. მეორე მხრივ, ბუნებრივია, ჩვენ არ ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომ ამ ადამიანებმა უფლებამოსილება გამოიყენეს ბოროტად და, საერთოდ, გაუგებრად მიგვაჩნია, როგორ შეიძლება ჯგუფურად გამოიყენო რაიმე თანამდებობა. ბუნებრივია, ჩვენ გავასაჩივრებთ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებაზე, თავის მხრივ, პროკურორი ნინო აღლემაშვილიც ლაპარაკობს, რომლისთვისაც გაუგებარია, რატომ შეცვალა სასამართლომ სისხლის სამართლის იმ მუხლის კვალიფიკაცია, რომელიც სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ითვალისწინებდა:

“შეუძლებელია სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იყოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის და მტკიცებულებების ღრმა გაანალიზების შედეგი. რეალურად დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა სახეზე - სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვეთანხმებით, თუმცა არ გავაკეთებთ სხვა სახის შეფასებებს. ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაშიც სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონით და მტკიცებულებით და არა საქმის საბოლოო შედეგით დაინტერესებული პირების სუბიექტური მოსაზრებებით“.

ეგრეთ წოდებულ „კაბელების საქმეზე“ თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2016 წლის 16 მაისს გამოიტანა და თავდაცვის სამინისტროს ხუთ თანამშრომელს შვიდწლიანი პატიმრობა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების 2 წლის ვადით უფლების ჩამორთმევა შეუფარდა. გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძესა და გიორგი ლობჟანიძეს პროკურატურა სახელმწფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავებოდა ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ 2013 წელს გამოცხადებულ საიდუმლო ტენდერში, რომელშიც უპირატესობა კომპანია „სილქნეტს“ მიენიჭა. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები 2014 წლის ოქტომბერში დააკავეს. წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ ისინი, თავდებით გაათავისუფლეს, თუმცა საქალაქო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე კვლავ დააბრუნეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. „კაბელების საქმეს“ კი მთელი ამ ხნის მანძილზე პოლიტიკური შეფერილობით გამოარჩევდნენ არა მარტო თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია და მისი „თავისუფალი დემოკრატები“, არამედ პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრისა და სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილიც. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელი გია გვილავა ამბობს, საქმეში პოლიტიკური მოტივები იკვეთებოდა როგორც ბრალის არადამაჯერებლობით, ისე ამ ბრალის დამტკიცების პროცესში პროკურატურის ლოგიკითა და დაუსაბუთებელი სამართლებრივი შეფასებით:

“როდესაც ეს საქმე თავის დროზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობდა, ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც ჩვენ დავინახეთ, იყო ბრალის დასაბუთებასთან მიმართებაში. მაშინ მათ ბრალად წაუყენეს გაფლანგვა-მითვისება და ჩვენ მიგვაჩნდა, რომ, საქმიდან გამომდინარე, არ ჩანდა მოტივი ამ ფულის მითვისების, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში აქ აუცილებელი კომპონენტია, რომ როდესაც მითვისება ხდება, ის, რაც მიითვისა პირმა, ან თავისთვის უნდა იყოს, ან კონკრეტული პიროვნებისთვის უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ვინაიდან ეს კომპონენტი არ იყო ბრალში, ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ძალიან სუსტად იყო ბრალი დასაბუთებული და, პრინციპში, იმ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს საქმე გარკვეულ პოლიტიკურ მოტივებს შეიცავდა“.

არც გაფლანგვა არ არსებობდა და არ არსებობს გაფლანგვა, არც ის მუხლი არ არსებობს, რაც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ორ თვეში დატოვებენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები საპატიმროს, ხოლო ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას და, შესაბამისად, ჩვენ საბოლოოდ მივაღწევთ მიზანს და სიმართლე დადასტურდება ამ საქმეზე...
ლევან სამუშია

თავისუფალი დემოკრატები კი ამბობენ, რომ, მართალია, სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოტანილი სასჯელი შეამსუბუქა, მაგრამ ამით მათ დამნაშავეების სახელი ვერ მოაცილა და, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება ისეთივე პოლიტიკურია, როგორიც იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. შალვა შავგულიძე არ გამორიცხავს, რომ თუ საჭირო გახდა, საქმე შეიძლება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომდეც მივიდეს და აღნიშნული პირების მიმართ გამამართლებელი განაჩენი იქ დადგეს. ეგრეთ წოდებულ „კაბელების საქმეში“ ბრალდებულთა უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობაზე ლაპარაკობს მისი თანაპარტიელი, ადვოკატი ლევან სამუშიაც:

„ბუნებრივია, გამამართლებელ განაჩენს ველოდებოდი და ამ საქმეზე უტყუარად უნდა დამდგარიყო გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ სასამართლომ იმ ზეწოლის პირობებში რაც მოახერხა, ის მოხერხდა, რომ მაქსიმუმამდე შეუმცირა სასჯელი, გადააკვალიფიცირა. ბუნებრივია, არც გაფლანგვა არ არსებობდა და არ არსებობს გაფლანგვა, არც ის მუხლი არ არსებობს, რაც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ორ თვეში დატოვებენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები საპატიმროს, ხოლო ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას და, შესაბამისად, ჩვენ საბოლოოდ მივაღწევთ მიზანს და სიმართლე დადასტურდება ამ საქმეზე“.

„კაბელების საქმეზე“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26 იანვრის გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებით დაცვის მხარე შეეცდება დაამტკიცოს, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები უდანაშაულონი არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილშიც.