„კაბელების საქმის“ წინასასამართლო განხილვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეგრეთ წოდებული „კაბელების საქმის“ წინასასამართლო სხდომა 15 აპრილს განახლდება. მხარეთა თანახმად, სხდომის გადადება ძირითადად ტექნიკური ხასიათის საკითხებმა განაპირობა - კერძოდ, მოსამართლის მტკიცებულებებთან დაკავშირებულმა შეკითხვებმა, რომელზე პასუხის მოსამზადებლადაც დაცვისა და ბრალდების მხარეებს 15-დღიანი ვადა განესაზღვრათ. 1 აპრილს გამართული სხდომა კი პროცესის დაწყებიდან ცოტა ხანში დაიხურა.

ეგრეთ წოდებული „კაბელების საქმის“ წინასასამართლო სხდომაზე 1 აპრილს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების აღკვეთის საპატიმრო ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა არ დამდგარა. შესაბამისად, ხუთი პირი, რომელთაც პროკურატურა 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვას ედავება, კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება. ეს გარემოება გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმ შეფასებისა, რომელიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა:

ირაკლი ალასანია

“ეს არის ჩრდილო კორეის საუკეთესო ტრადიციებში გაკეთებული, რომ საქმე ზოგადად რაღაცაზე გახსნილია და როცა უნდა ბატონ ივანიშვილს, მაშინ მიაწებებენ ამა თუ იმ გვარს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ჩვენი სამართლისთვის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ძალიან დამაზიანებელია ასეთი ჩრდილოკორეული სტილით საქმის წარმოება“.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების გახმაურებული საქმე ეხება 2013 წელს ჩატარებულ ტენდერს, რომელშიც, გამოძიების თანახმად, სამინისტრომ უპირატესობა კომპანია „სილქნეტს“ მიანიჭა, სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა კი 4 102 000 ლარი შეადგინა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა.

სახელმწიფოს შესყიდვების საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს. საიდუმლო გრიფის მოხსნის მიზანშეწონილობის საკითხს პროცესის გახსნამდე, 1 აპრილს, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომლის აზრითაც, პროკურატურის, როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს, მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვა კაბელების საქმეზეც იბადება:

“სახალხო დამცველის შეფასებით, პროკურატურის მხიდან აუცილებლობას არ წარმოადგენდა ეგრეთ წოდებული კაბელების საქმისთვის საიდუმლო გრიფის მინიჭება მთლიანი საქმისთვის, რამაც გამოძიების საწყის ეტაპზე ხელი შეუშალა დაცვის მხარეს შეუფერხებელი წვდომა ჰქონოდა საქმის მასალებისადმი“.

სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საქმის მასალების დასაშვებობის საკითხის განხილვა 1 აპრილის სხდომაზე არ დასრულებულა. შესაბამისად, 15 აპრილის წინასასამართლო სხდომაც, სავარაუდოდ, დახურულ რეჟიმში განახლდება. 1 აპრილის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებების მიხედვით კი, მხარეთა დაპირისპირების საგანი კვლავ მტკიცებულებებია. პროკურორი ნინო აღლემაშვილი ამბობს, რომ ადვოკატების მიერ სასამართლოში წარდგენილია 2 200 გვერდი მოცულობის მტკიცებულებები, რომელთაგან 2000 გვერდი ბრალდების მხარის მიერაა მოპოვებული:

“ყველა ის მტკიცებულება, რომელიც არის უმთავრესი და რომელსაც ეყრდნობა ბრალი, გამეორებული აქვს დაცვის მხარეს. ეს არის მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც ბრალდებულების ბრალეულობა დასტურდება, დასტურდება ის, რომ მათი ქმედებებით გაიფლანგა თანხა, 4 მილიონზე მეტი, და, სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ნამდვილად აბსურდი, იმიტომ რომ დაცვის მხარის მტკიცებულებად იმ ფონზე, როდესაც ბრალდებულები არ აღიარებენ დანაშაულს, ნამდვილად ვერ გამოდგება“.

ბრალდება არის აბსოლუტურად გამოგონილი. ისინი არც ხელს აწერენ ამ ხელშეკრულებას, არც თანხა გამოუყვიათ, არც თანხა მიუღიათ, არც თანხა გადაურიცხავთ...
იოსებ ბარათაშვილი

პროკურორის პასუხად, ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი ამბობს, რომ თუ დაცვის მხარემ თავის მტკიცებულებებად ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიყენა, ადვილი წარმოსადგენია, როგორი მტკიცებულებები აქვს ბრალდებას. თავის მხრივ, ადვოკატი ამბობს, რომ დაცვის მხარემ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდებულთა სრული უდანაშაულობის დასამტკიცებლად:

“ბრალდება არის აბსოლუტურად გამოგონილი. ისინი არც ხელს აწერენ ამ ხელშეკრულებას, არც თანხა გამოუყვიათ, არც თანხა მიუღიათ, არც თანხა გადაურიცხავთ“.

ეგრეთ წოდებული „კაბელების საქმის“ წინასასამართლო სხდომის დამსწრეთა შორის იყო შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნთერ ბეხლერი, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმით დაინტერესება ახსნა იმით, რომ სურს წარმოდგენა შეიქმნას პროცესის მიმდინარეობაზე. ელჩმა კომენტარი არ გააკეთა კითხვაზე, ხედავს თუ არა იგი პოლიტიკურ მოტივაციას აღნიშულ საქმეში. თავის მხრივ, „თავისუფალი დემოკრატების“ მხრიდან ამ მოტივის ხაზგასმის კიდევ ერთი მცდელობაა ფილმი „ცუდად მიცნობენ“, რომელიც 1 აპრილს გავრცელდა და რომელშიც, ეგრეთ წოდებული „კაბელების საქმის“ გარდა, საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესყიდვაზე დოკუმენტის ხელმოწერის წინ განვითარებულ მოვლენებზეა საუბარი. ამ საკითხზე დეტალურ განმარტებებს ირაკლი ალასანია საგანგებო პრესკონფერენციაზე აპირებს 3 აპრილს, ეგრეთ წოდებული „კაბელების საქმეზე“ სხდომა კი 15 აპრილს დილიდან განახლდება.