ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტი გიორგი გასვიანი აცხადებს, რომ ბორჯომში პოლიციელმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გასვიანი ამბობს, რომ მას სცემდნენ და იარაღით ემუქრებოდნენ. ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც გიორგი გასვიანი ამბობს, ბორჯომში სემინარზე ჩავიდა. ის გზაზე მანქანით მიდიოდა, როდესაც რაღაც მომენტში, მანქანის გაუმართაობის გამო, გზაზე მოსრიალდა. ამავე გზაზე აღმოჩნდა ერთი პოლიციელი და მისი ორი მეგობარი, რომლებიც გასვიანს დაუპირისპირდნენ, რადგან იფიქრეს, რომ ის სპეციალურად აპირებდა მათ მანქანას შესჯახებოდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიციელი და მისი თანმხლები პირები სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულები. ის მანქანიდან გადმოიყვანეს და სცემეს, ასევე, იარაღით ემუქრებოდნენ და აგინებდნენ.
Your browser doesn’t support HTML5
„მთვრალები იყვნენ. მითხრა კიდეც, რომ ნასვამი ვარ და პოლიციელი ვარო. სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო საშინელი. დაგიჭერო. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა“.
თუ საჭირო იქნება, ეს პოლიციელი ჩამოშორდება თავის სამსახურს, გათავისუფლდება, პასუხისმგებლობაშიც მიეცემა. თუ დადასტურდება, ყველაზე მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული, რადგან ის, რასაც ეს ჟურნალისტი ამბობს, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება...გიორგი მღებრიშვილი
როგორც გიორგი გასვიანი ამბობს, როდესაც თავდამსხმელებმა გაიგეს, რომ ის ჟურნალისტი იყო, კიდევ ერთხელ დაემუქრნენ და გააფრთხილეს, ხმა არ ამოეღო. მოგვიანებით შერიგებაც სცადეს და იმ პირობით გამოუშვეს, რომ ჩუმად იქნებოდა.
გიორგი გასვიანმა გამოძიებას ჩვენება მისცა. თავის მხრივ, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ არ „გადაეფარება“, ანუ არ დაიცავს, იმ ადამიანს, რომელიც იმის მაგივრად, რომ წესრიგს იცავდეს, თავად არღვევს მას.:
„თუ საჭირო იქნება, ეს პოლიციელი ჩამოშორდება თავის სამსახურს, გათავისუფლდება, პასუხისმგებლობაშიც მიეცემა. თუ დადასტურდება, ყველაზე მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული, რადგან ის, რასაც ეს ჟურნალისტი ამბობს, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება“.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ სულ უფრო ხშირდება პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ზეწოლის შემთხვევები. მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა ცენტრს რამდენიმე მსგავსი საქმე დაუგროვდა. ცქიტიშვილი ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს ისევ სამართალდამცავები იძიებენ, რასაც საბოლოოდ შედეგი არ მოაქვს:
„როდესაც სამსახურიდან გათავისუფლება უნდა შეეფარდოს, გაფრთხილებას აკმარებენ. თუ სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი, ცდილობენ ადმინისტრაციულის კუთხით წაიყვანონ საქმე. აი, ასეთი ტენდენცია გვაქვს“.
ალეკო ცქიტიშვილის თქმით, საჭიროა შეიქმნას დამოუკიდებელი უწყება, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ასევე, გენერალური ინსპექციის რეფორმირება, რადგან, როგორც ის ამბობს, როდესაც გენერალური ინსპექცია იძიებს მსგავს ფაქტებს, შედეგი ყოველთვის არაეფექტურია.