სავიზო ლიბერალიზაციის საკითხში ახალი პირობები არ იქნება

ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ „საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხში არავითარი ახალი პირობები არ იქნება“. იუნკერმა ამის შესახებ 19 აპრილს სტრასბურგში უთხრა ჟურნალისტებს. მოგვიანებით ის შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს. იუნკერის თქმით, სავიზო ლიბერალიზაცია „დაიმსახურეს საქართველოს ხალხმა და საქართველოს ბოლო რამდენიმე მთავრობამ, რომელთა მოქმედებამ საშუალება მისცა კომისიას, მოემზადებინა დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეთავაზების შესახებ.“ სტრასბურგში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დღის წესრიგში შედის ასევე შეხვედრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან პედრო აგრამუნტთან და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან. 21 აპრილს კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე.