ჯონჯოლის კრეფის სეზონი და დაკავებები

შიდა ქართლში ჯონჯოლის კრეფის სეზონი დაიწყო, რუსეთის "მესაზღვრეებმა" კი ერთბაშად საქართველოს ოთხი მოქალაქე ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების, წაღვლისა და ბროლოსანის, მცხოვრებლები: ვეფხია ლომიძე, ელიზბარ ლომიძე, ამირან თედელური და გიორგი გოგალაძე ზნაურის რაიონის მიმართულებით სოფელ ვახტანასთან ჯონჯოლის კრეფის დროს დააკავეს. ისინი ჯერ ახლომდებარე სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. 3 დღის შემდეგ დაკავებულებს 2 000-რუბლიანი ჯარიმა გადაახდევინეს და ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს. ხაშურის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ გამყოფი ხაზი არ გადაუკვეთიათ და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები თვითონ იყვნენ ქართული სოფლების ტერიტორიაზე შემოსულები.

Your browser doesn’t support HTML5

ჯონჯოლის კრეფის სეზონი და დაკავებები

ხაშურის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში უკვე დაკითხეს და ოჯახებსაც დაუბრუნდნენ. ბოლო დაკავებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთან ყველა დაკავება უკანონოა და საქართველოს ხელისუფლება ასეთ შემთხვევებზე მყისიერად რეაგირებს.

მაისის შუა რიცხვებიდან საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები იზრდება ხოლმე, რადგან ხაშურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ამ დროს ტყეში ჯონჯოლის საკრეფად გადიან, ტყიან ადგილებში კი არც მავთულხლართებია და არც ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები, ამიტომ ადგილობრივმა მოსახლეობამ არ იცის, სად გადის საოკუპაციო ხაზი. რუსეთის "მესაზღვრეები" კი ასეთ ადგილებში მუდმივად პატრულირებენ და ადგილობრივ მცხოვრებლებს აკავებენ. საქართველოს მოქალაქეების დაკავების სტატისტიკა სწორედ მაისის ბოლოს იზრდება ხოლმე.