ჯონ სურმანი

ჯონ სურმანი

ბარიტონ-საქსოფონს დაბალ ტონალობებში დინჯი ნაბიჯებით სეირნობა უყვარს. ვეებერთელა, გვარსა თუ ჯილაგში ყველაზე მძიმეწონიანი ინსტრუმენტი გახლავთ, ამიტომ უჟმური და მედიდური ზნისა ბრძანდება. ცოტა მოუქნელია, მაგრამ გამოცდილი მუსიკოსის ხელში უჩვეულოდ რბილი, ხავერდოვანი ბგერებითაც შეუძლია მეტყველება. მე-19 საუკუნეში დაიბადა და გაჩენის დღიდან მისი მძიმე ხასიათის მორჯულება რამდენიმე შემსრულებელმა თუ მოახერხა. ჯაზური მუსიკის ისტორიაში ასეთი ჯერი მალიგანი გახლდათ, რომელმაც ზორბა ვაჟბატონი პირველმა მოათვინიერა, აკომპანირებას გადააჩვია და სოლირების ინსტრუმენტად აქცია. თუმცა დღევანდელი სიუჟეტი ჯონ სურმანზეა, ბრიტანელ ბარიტონ-საქსოფონისტზე, კლარნეტისტსა და კომპოზიტორზე. ჯერი მალიგანი კი იმიტომ ვახსენე, რომ სურმანს სწორედ მას ადარებენ, საშემსრულებლო ხელწერისა თუ ხავერდოვანი, ლირიკული, ზოგჯერ კი დრამატული ჟღერადობის გამო.

http://www.youtube.com/embed/8Is94GHGv4c

ჯონ სურმანი ბრიტანულ მუსიკალურ სამყაროში 60-იანი წლების ბოლოს, იმ პერიოდში გამოჩნდა, როცა ევროპელ ჯაზმენებს თავში მხოლოდ ავანგარდული ჯაზი უტრიალებდათ, ხოლო როკსცენაზე ვინც ბატონობდა, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. დებიუტი კი ტემზის მარცხენა სანაპიროზე მდებარე "მარკი კლაბში" შედგა, იმ ლეგენდარულ სცენაზე, სადაც პირტიტველა "როლინგებმა" პირველად დაუკრეს. მიუხედავად პოსტბოპური თუ ფრიჯაზური აქცენტებისა, როკმუსიკის მოყვარული ლონდონელები ზღაპრული ბგერისა და უჩვეულო საშემსრულებლო სტილის წყალობით მაინც მოაჯადოვა.

http://www.youtube.com/embed/jFU195Dfy8U

სურმანის ჟღერადობა არც მანფრედ აიჰერის პირმშოს, ხმის ჩამწერ სტუდია "ECM"-ს გამორჩენია. იმხანად იქ მულტიეთნიკური შემოქმედებითი ფუსფუსი სუფევდა: კით ჯარეტი, იან გარბარეკი, ტერიე რიპდალი, ჯონ აბერკომბი, ჩარლზ ლოიდი, პოლ ბლეი, გარი პიკოკი, უსტად ფატეჰ ალი ხანი, რავი შანკარი, ანუარ ბრაჰემი და სხვა მუსიკოსები ტრიალებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ამ სკანდინავიურ-ამერიკულ-ინდურ-არაბულ ოჯახს ბრიტანული მუსიკალური აქცენტებიღა აკლდა. ჰოდა, ჯონ სურმანიც სიამოვნებით მიიღეს, როგორც ვირტუოზი ინსტრუმენტალისტი და, რაც მთავარია, როგორც შესანიშნავი კომპოზიტორი. აუთვისებელ მუსიკალურ სივრცეებში ექსპერიმენტების კეთების საშუალება მისცეს. ჰოდა, მეც იმ ორ ექსპერიმენტულ ალბომზე მოგახსენებთ, რომლებიც ბრიტანელს უკეთ გაგაცნობთ და ნათელ წარმოდგენასაც შეგიქმნით, თუ რა ხვითო კომპოზიტორი და ინსტრუმენტალისტი ბრძანდება. ამისათვის ჯერ სთოუნჯენჯის მახლობლად მდებარე ქალაქ სოლსბერის ღვთისმშობლის ტაძარში მოგვიწევს შესვლა. ჯონ სურმანმა 1996 წელს აქ კონცერტი გამართა და მრევლს ძველი აღთქმის ტექსტებზე შექმნილი ჯაზურ-ქრისტიანული თხზულებები შესთავაზა, საერთო სახელწოდებით "ანდაზები და გამონათქვამები". ამბიონიდან საეკლესიო გუნდი გალობდა, ორგანზე ჯონ ტეილორი, თავად სურმანი კი ბარიტონ-საქსოფონითა და ბას-კლარნეტით ასრულებდა ამ უჩვეულო ლიტურგიას.

http://www.youtube.com/embed/a30JEBajvQU

დაბოლოს, 1999 წლის ალბომზე შევჩერდები, რომელსაც Invisible Nature ჰქვია და გერმანულ-ფინური ტურნეს ფარგლებში შესრულებულ საკონცერტო თხზულებებს აერთიანებს. პირველ რიგში, ჩანაწერის ხარისხს აღვნიშნავდი - "ECM"-ის პროდუქტია და, როგორც ამ "მონსტრს" ახასიათებს, ყველა ნოტი თუ ბგერა ცალ-ცალკეა ნაფერები და ნალოლიავები. შემდეგი ღირსება კი სურმანის პარტნიორი ჯეკ დეჟონეტი გახლავთ, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ არა მარტო ჩინებული დრამერი, არამედ საოცრად გემოვნებიანი და ნატიფი ხელწერის პიანისტი ბრძანდება. მისმა მუსიკალურმა წარსულმა ბევრი რამ შესძინა ხსენებულ ალბომსაც: ჯონ სურმანის ევროპული კლასიკური მუსიკის ინტონაციები მაილს დევისის "ცოცხალ-ბოროტი" (Live/Evil 1971) მუხტით, ჯონ კოლტრეინთან გატარებული წლების აქცენტებით გააჯერა. თუმცა ამდენ ლაპარაკს სჯობს, თავად ჯონ სურმანის პირქუშ, სულისშემძვრელ მელოდიურ ხაზებსა და დეჟონეტის კოსმოსურ-მედიტაციურ იმპროვიზაციულ პასაჟებს მოვუსმინოთ.

http://www.youtube.com/embed/phR-LLaHGTQ