ჯო ლუის უოკერი

ჯო ლუის უოკერი

5 მაისს ტენესის შტატის ქალაქ მემფისში ამერიკულმა ორგანიზაცია "Blues Foundation"-მა, რომელიც ჟანრის პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეს ემსახურება, სხვადასხვა ნომინაციაში წლის საუკეთესო პროექტები, შემსრულებლები და ჯგუფები გამოავლინა.

გამარჯვებულთა სრულ სიას ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე იხილავთ, დღევანდელ სიუჟეტში კი თანამედროვე ბლუზის კატეგორიაში საუკეთესო შემსრულებლად აღიარებულ არტისტზე, ჯო ლუის უოკერზე, მოგითხრობთ.

ჯო ლუის უოკერი სან-ფრანცისკოში დაიბადა და გაიზარდა. თვითნასწავლი გიტარისტისა და მომღერლის საშემსრულებლო ხელწერის ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა მუსიკოსმა მაიკ ბლუმფილდმა მოახდინა. უფროსმა მეგობარმა ინსტრუმენტული ხელოვნების ტექნიკა შეასწავლა, ჯიმი ჯენდრიქსისა და ჯგუფ "Grateful Dead"-ის შემოქმედებაში გაუკვალა გზები. დიდ სცენაზე კი უოკერი 1965 წელს ახალი ორლეანის ჯაზფესტივალზე გამოჩნდა, სადაც მსმენელის წინაშე საკუთარ ბენდ "Bosstalkers"-თან ერთად წარდგა. საკონცერტო გამოსვლას მოჰყვა სადებიუტო ალბომიც, სახელწოდებით "Cold Is The Night", რომელიც მეტწილად არტისტის საავტორო სიმღერებით გახლდათ წარმოდგენილი. კრიტიკოსებმა ნამუშევარი მოიწონეს, განსაკუთრებით მოიხიბლნენ ბლუზით "Don't Play Games", რომელმაც ჰიტ-აღლუმებშიც წამყვანი პოზიციები დაიკავა.

ჯო ლუის უოკერი რაღაც ხანს ჩიკაგოში გადაბარგდა. აქ მან პირადად გაიცნო საკუთარი კუმირები მადი უოტერსი, ჰაულინ ვულფი, ოტის რაში და სხვა ლეგენდები. "ბევრი დამწყები მუსიკოსი სახელოვანი არტისტების ფირფიტების სმენით იზრდება და იყალიბებს საშემსრულებლო ხელწერას, თუმცა ყველაზე დიდ გამოცდილებას მაშინ იღებ, როცა, მაგალითად, მადი უოტერსი დედის გინებით მოგმართავს, შეცდომას არ შეგარჩენს და ლანძღვით მიგითითებს, როგორ უნდა დაუკრა. სწორედ ამგვარი მიდგომა ჭრის და არა ფერება, დაყვავება, თუ რა კარგი ბიჭი ხარ", - ასე იხსენებს ჯო ლუის უოკერი უფროს მენტორებთან გატარებულ წლებს. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული ზრდისათვის ზემოხსენებულ მუსიკოსებთან კოლაბორაციას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, ჩიკაგოდან კვლავ კალიფორნიაში დაბრუნდა. უოკერის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება თვალსაწიერის გაფართოების სურვილით იყო ნაკარნახევი. სურდა, რომ ბლუზში გოსპელის, ჯაზის, სოულის, ფანკისა და როკის აქცენტები დაესვა, ჩიკაგო კი ერთგვარი კონსერვატორული სივრცე გახლდათ, რომელიც ნაკლებად იძლეოდა ექსპერიმენტების საშუალებას.

ჰოდა, არტისტის მთელი მომავალი შემოქმედება სხვადასხვა ჟანრების სინთეზის წარმატებული მცდელობები გახლდათ. უოკერი არაბლუზური მიმართულების სივრცეებში მოღვაწე მუსიკოსებთანაც აქტიურად თანამშრომლობდა, მაგალითად, ჯაზპიანისტ თელონიუს მონკთან, საქსოფონისტ ბრენფორდ მარსალისთან, ელვის პრესლის გიტარისტ სკოტი მურთან და სხვა მრავალ გამოჩინებულ ფიგურასთან. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი თანამშრობლობა ბიბი კინგთან, რომელთან ერთადაც გამოცემულმა სტუდიურმა თუ საკონცერტო ჩანაწერებმა უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა ამერიკული ბლუზის ისტორიაში. უოკერს საკუთარმა ვოკალურმა შესაძლებლობებმა, საკომპოზიტორო ნიჭმა და პროდიუსინგის ალღომ "გრემისა" და ჟანრის ყველაზე პრესტიჟული - უილიამ ჰენდის სახელობის - 5 პრემია მოუტანა სხვადასხვა ნომინაციაში. მისი ბოლო ნამუშევრებიდან გამოვყოფდი 2012 წლის დისკს, "Hellfire"-ს, და ალბომს "Everybody Wants A Piece". 2013 წელს 64 წლის ჯო ლუის უოკერი ბლუზის დიდების დარბაზის ღირსეული წევრი გახდა.