ჯო ბაიდენი: რუსეთის აგრესიამ შეცვალა ევროპის უსაფრთხოების სურათი

ჯო ბაიდენი ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-მა რუსეთთან უნდა ითანამშრომლოს იმ სფეროებში, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენენ, თუ ეს არ იწვევს „უკანდახევას“ ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების „უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“ მნიშვნელოვან „პრინციპულ საკითხებში“.

27 მაისს, ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას, ჯო ბაიდენმა განაცხადა, კონტრტერორიზმისა თუ ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებზე კრემლთან თანამშრომლობა ჩვენს მნიშვნელოვან ინტერესს შეადგენსო.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინი გააკრიტიკა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში მონაწილეობისთვის. ბაიდენის თქმით, „რუსეთის აგრესიამ“ მნიშვნელოვნად შეცვალა ევროპის უსაფრთხოების სურათი. რაც უკრაინაში ხდება, ბაიდენისთვის უშუალოდ უკავშირდება სუვერენული ქვეყნების უფლებას, აირჩიონ თავიანთი მომავალი. ამასთან, მისი თქმით, უკრაინის კრიზისი უფრო ფართოდაა დაკავშირებული ნატოს მომავალთან, დასავლეთის კოლექტიურ თავდაცვასთან, ერთიანობასა და სიძლიერესთან.

„თავისი არსით, [პრეზიდენტი პუტინი] პრაქტიკული ადამიანია. ჩემი აზრით, ის სადამდეც შეძლებს, იქამდე წავა - სანამ არ გადააწყდება წინააღმდეგობას, რომელიც მას საფასურის გადახდას მოსთხოვს. ამის შემდეგ მან შესაძლოა შეცდომა დაუშვას და გააგრძელოს მოქმედება. ... მაგრამ, ვფიქრობ, თუკი მის ნაბიჯებს მისი მთელი კარიერის კონტექსტში გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ის პრაქტიკული კაცია,“ - განაცხადა ბაიდენმა.

2014 წლის აპრილიდან მოყოლებული უკვე 6000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა შეტაკებებს კიევის სამთავრობო ძალებსა და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის. იმის მიუხედავად, რომ კიევი, ნატო და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს სეპარატისტების გაწვრთნასა და იარაღითა და სამხედროებით მათ მომარაგებაში ადანაშაულებენ, კრემლი ჯიუტად განაგრძობს ბრალდებების უარყოფას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მისი თანაშემწის, ვიქტორია ნულანდის ამასწინანდელი ვიზიტები რუსეთში კრემლმა მოსკოვ-ვაშინგტონის ურთიერთობის დათბობის ნიშნად მონათლა.

ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას, უკრაინის კონფლიქტზე ბაიდენს ახალი არაფერი უთქვამს, თუმცა გაიმეორა, რომ აშშ, ნატო და ევროკავშირი ყურადღებით უნდა იყვნენ რუსეთის „ჰიბრიდული ომის“, ანუ მოსკოვის მცდელობის მიმართ, პროპაგანდა გაავრცელოს დასავლეთში და მხარი დაუჭიროს ევროპაში მემარცხენეთა და მემარჯვენეთა რადიკალურ ფრთებს: „ვფიქრობ, უკრაინის კონფლიქტი ერთგვარი გამოცდაა დასავლეთის, ევროკავშირისა და ნატოსთვის - ჩვენთვის არის გამოცდა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სანაძლეოს დებს, რომ ის უფრო დიდხანს დარჩება ხელისუფლებაში, ვიდრე ყველა ის მხარე, რომლებიც ვახსენე. პუტინს ჰგონია, რომ თავად უფრო დიდხანს იქნება ქვეყნის სათავეში, ვიდრე უკრაინის ახლანდელი, რეფორმებზე ორიენტირებული და პროდასავლური მთავრობა და მას ეკონომიკურად დაასუსტებს“.

26 მაისს პრეზიდენტმა ობამამ და ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკრიტიკეს უკრაინაში რუსეთის „სულ უფრო აგრესიული“ ქმედებები.