გინახავთ თუ არა ჟირაფი? თუ გინახავთ, სად? - არ გეგონოთ, რომ ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვებზე სწორი პასუხის გაცემა იოლი იყოს. ბევრს ჰგონია, რომ ჟირაფი ცხოვრებაში ხელისგაწვდენაზე ჰყავს ნანახი, მაგალითად, თბილისის ზოოპარკში და არა რომელიმე ილუსტრირებული ჟურნალის ფურცლებზე ან ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში. ფაქტია, თბილისის ზოოპარკს ჟირაფები არც ახლა ჰყავს და, სავარაუდოდ, არც არასოდეს ჰყოლია, თუმცა პარკის ადმინისტრაციის ზოგიერთი თანამშრომელიც ამტკიცებს, რომ პირველად ჟირაფი თბილისის ზოოპარკში ნახა. რატომ ახდენენ ჟირაფები მნახველებზე იმდენად ძლიერ შთაბეჭდილებას, რომ მათი წარმოსახვის განუყოფელი ნაწილი ხდებიან და რატომ არ ჰყავს თბილისის ზოოპარკს დედამიწის ეს ყველაზე მაღალი და ეგზოტიკური ცხოველები?
Your browser doesn’t support HTML5
პატარა ანდრიამ თბილისის ზოოპარკი დაათვალიერა და მიღებული შთაბეჭდილებები ცხელ გულზე გაგვიზიარა. ბევრი ცხოველი მოეწონა, თუმცა რამდენიმემ მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა:
„ვნახე ვეფხვი, მარტორქა, ჟირაფი...“
ცხადია, ანდრიას ჟირაფი არ უნახვს იმის გამო, რომ თბილისის ზოოპარკს ჟირაფები არ ჰყავს, თუმცა, ანდრიას მსგავსად, ბევრ ჩემს მეგობარსაც ჰგონია, რომ ჟირაფი თბილისის ზოოპარკში ნახა. არადა, მეგობრები ანდრიაზე ბევრად უფროსები არიან:
„რა თქმა უნდა, ნანახი მყავს, ჩვენთან, ზოოპარკში, ბავშვობაში“, ამბობს ბექა.
„არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ თითქოს მახსოვს, რომ ნანახი მყავს, ოღონდ ძალიან პატარა ვიყავი... ასე მახსოვს, რომ ვნახე“, ორჭოფობს მერაბი.
„ორი ჟირაფი მახსოვს ჩვენს ზოოპარკში... გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ უფრო ადრე, ჩემს ბავშვობაში, ნამდვილად იყვნენ. მამაჩემთან ერთად რომ ვსეირნობდი ზოოპარკში, ზუსტად მახსოვს ჟირაფი. ადგილსაც კი გეტყვით, სად იყო: დაახლოებით, იქ, სადაც წყლის მბრუნავი ნავებია... საიდან მახსოვს, დამესიზმრა?“ - კითხულობს ირაკლი და არაა გამორიცხული, რომ მართლა დაესიზმრა. ილიას უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ფილოსოფოსი გიგი თევზაძე, 2010 წელს გამოცემულ წიგნში „უცნობი წიგნები“ მკითხველს უზიარებს ჟირაფების შესახებ საინტერესო დაკვირვებას, რომელიც მოთხრობილი აქვს ვითომდა ჟირაფებზე დაწერილი, სინამდვილეში კი არარსებული წიგნის რეცენზიაში:
„ზოოპარკის დირექტორმა თქვა, რომ თბილისის ზოოპარკში ჟირაფი არასოდეს ყოფილა. ამის შემდეგ ოთახში მყოფებმა დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ნამდვილად ჰყავთ ჟირაფი ნანახი თბილისის ზოოპარკში. ვთხოვე დირექტორს, ზოოპარკის დოკუმენტაციაში გადაემოწმებინა ეს ამბავი: დადასტურდა, თბილისის ზოოპარკში ჟირაფები ან, თუნდაც, ერთი ჟირაფი არასოდეს ყოფილა. შემდეგ, უბრალოდ, როცა შესაძლებლობა მეძლეოდა, ჩემს თბილისელ ნაცნობებს ვეკითხებოდი - გინახავთ ჟირაფი? უმეტესობა დადებით პასუხს მაძლევდა და თან ნახვის ადგილად თბილისის ზოოპარკს უთითებდა“.
გიგი თევზაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, ხანგრძლივი და გულმოდგინე მცდელობის მიუხედავად, მართლა ვერ მიაკვლია თბილისის ზოოპარკში ჟირაფის კვალს:
„საბჭოთა კავშირის პერიოდში რომ არ იყო, ზუსტად ვიცი. 100 პროცენტით არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ არანაირი საბუთი არ არსებობს, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ თბილისის ზოოპარკში ჰყავდათ ჟირაფი“.
თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში დავით თაქთაქიშვილი:
„იცით რა, ჩემს ბავშვობაში მე მახსოვს, ვიყავი, დაახლოებით, 6-7 წლის, ნამდვილად იყო, მე მახსოვს, ნანახი მყავს... დიახ, თბილისის ზოოპარკში ადრე იყო... მე თქვენ გიყვებით, დაახლოებით, 46-47 წლის წინანდელ ამბავს“.
გამოდის, რომ 46 წლის წინ, ანუ სადღაც 1970 წელს, თბილისის ზოოპარკს ჰყოლია ჟირაფი, რასაც არ ადასტურებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე, რომლის თქმითაც, არანაირი დოკუმენტი, გარდა გასული საუკუნის 50-იან წლებში გადაღებული ფოტოსი, არ ადასტურებს თბილისის ზოოპარკში ჟირაფის ყოფნას.
„ზუსტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, მაგრამ ვიპოვეთ რაღაც ფოტო, რომელზეც გამოსახულია ჟირაფი. საკმაოდ დიდი ხნის წინ არის გადაღებული, ალბათ გასული საუკუნის 50-60-იან წლებში, თუმცა თარიღი მითითებული არ არის. ასევე არ გვაქვს არანაირი სხვა ჩანაწერი... ერთ-ერთ ვოლიერშია ჟირაფი გადაღებული. მოარული ხმებით გაგვიგია, რომ რამდენიმე დღე ჰყოლიათ და მერე მოუკვდათ“, უთხრა ზურაბ გურიელიძემ რადიო თავისუფლებას.
ჟირაფების შესახებ არაფერი წერია 1960 წელს „საბჭოთა საქართველოს“ მიერ გამოცემულ „თბილისის ზოოპარკში“ (ავტ. ა. ჯანაშვილი, შ. სირბილაძე), არადა, აშკარაა, თბილისის ზოოპარკს რომ ასეთი ეგზოტიკური ცხოველები ჰყოლოდა, წიგნის ავტორები მათ ვერაფრით აუვლიდნენ გვერდს. გიგი თევზაძე ვარაუდობს, რომ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ჟირაფის მაგიის მსხვერპლია. მაინც, რას ეფუძნება ეს მაგია? გიგი თევზაძის „უცნობ წიგნებში“ ვკითხულობთ:
„ჟირაფი იმდენად საოცარი, არამიწიერი ცხოველია, რომ თუნდაც მისი სურათის ან ფოტოს ნახვის შემდეგ უკვე გვესიზმრება, როგორ მოხვდი მის ახლომახლო და როგორ უყურებ აღფრთოვანებით და გაოცებით.ჟირაფი მნახველზე განსაკუთრებულ, უნიკალურ შთაბეჭდილებას ახდენს: სადაც უნდა ნახოთ ჟირაფი, - სურათზე, ტელევიზორის თუ კინოს ეკრანზე, ანდა ზოოპარკში, - ის უკვე თქვენი წარმოსახვის განუყოფელი ნაწილი ხდება - იწყებს თქვენს ცხოვრებაში არსებობას ისე, რომ ამას ვერ ამჩნევთ. ის იწყებს ჩვენს სიზმრებში ცხოვრებას და აღარასოდეს გვტოვებს. ამითვე შეიძლება აიხსნას მათი აგებულების უცნაურობა და ჰარმონიულობა: სიზმარში ყველაფერი შესაძლებელია“.
გიგი თევზაძის თქმით, ჟირაფის ეს უჩვეულო გარეგნობა განსაკუთრებით ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ბავშვებზე:
„როგორც ჩანს, ჟირაფის ხატება ებეჭდებათ ცნობიერებაში და მერე ჰგონიათ, რომ ნანახი ჰყავთ ცხოვრებაში. წარმოუდგენლობამდე უცნაური ფორმის ცხოველია. საოცარია, როგორ დადის, კისერს როგორ ხრის, წყალს როგორ სვამს და ა.შ. გადამწყვეტ როლს თამაშობს ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება, რომელსაც ჟირაფი იწვევს“.
როგორც ჩანს, ჟირაფის ზემოქმედების მაგიურ ძალას ვერც ნიკო ფიროსმანი გაექცა. მწერალი გიორგი კაკაბაძე წიგნში „ნიკო ფიროსმანი“ შენიშნავს, რომ თუკი ფიროსმანის თითქმის ყველა ნახატში დომინანტური საწყისი პრიმიტიულობაა, ხშირად ბავშვური, უსაზღვროდ გულუბრყვილო და მშვენიერი, საგნის სულთან მიახლოება, „ჟირაფში“ ბავშურობას ადგილი აღარ აქვს. აქ რაღაც მაგია, ჯადოსნობა და დემონიზმია, რომელთა ზემოქმედების ძალა საკუთარ თავზე გამოსცადა რუსმა მწერალმა კონსტანტინ პაუსტოვსკიმ, რომელიც ავტობიოგრაფიულ წიგნში „ნახტომი აღმოსავლეთით“, აღწერს სტუმრობას ძმებ ზდანევიჩებთან, რომელთა სახლის კედლები, ჭერიდან იატაკამდე, დაფარული იყო ფიროსმანის ნახატებით:
„როგორც ჩანს, ძალიან ადრიანად გავიღვიძე. მოპირდაპირე კედელი დილის მზის მკვეთრ სინათლეს გაეჩახჩახებინა. შევხედე ამ კედელს და ლოგინიდან წამოვხტი. გული ძალუმად მიცემდა. კედლიდან პირდაპირ თვალებში მიყურებდა აშკარად ნატანჯი, მაგრამ ამ ტანჯვის ვერამომთქმელი უცნაური, ფოლადის სიმივით დაჭიმული ცხოველი, რომლის თვალებიდან შიში და მუდარა გამოსჭვიოდა. ეს იყო ჟირაფი. უბრალო ჟირაფი, რომელიც ფიროსმანმა, ალბათ, ტფილისის ძველ სამხეცეში ნახა. ზურგი შევაქციე, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჟირაფი დაჟინებით მიცქერდა და რომ მისთვის ზედმიწევნით კარგად იყო ცნობილი, თუ რა ხდებოდა ჩემს სულში. სახლში სამარისებური სიჩუმე იდგა. ჯერ კიდევ ყველას ეძინა. როგორც კი მოვარიდე მზერა, მაშინვე მომეჩვენა, თითქოს ის გადმოსულია ხის უბრალო ჩარჩოდან, მიდგას გვერდით და ელოდება, რომ ვეტყვი რამეს, ისეთ მნიშვნელოვანსა და მარტივს, რაც ახსნის ჯადოს, გააცოცხლებს და გაათავისუფლებს მას მტვრიანი და მშრალი მუშამბის მრავალწლიანი ტყვეობიდან“.
ფიროსმანი იმდროინდელ გაზეთებში, პერიოდულ პრესაში ნახულობდა ამ ცხოველების სურათებს და იქიდან ხატავდა, რადგანაც მიკიტნებს ძალიან უყვარდათ ასეთი სიუჟეტები და სთავაზობდნენ ფოტოებს ან ჟურნალებიდან, ან გაზეთებიდან, რომლებიც უნდა გადმოეხატა...გიორგი კაკაბაძე
კონსტანტინ პაუსტოვსკიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ ფიროსმანმა ჟირაფი ტფილისის ძველ სამხეცეში ნახა, თუმცა რუსი მწერალი ტფილისში 1922 წელს იმყოფებოდა, თბილისის ზოოპარკი კი დაარსდა 1927 წლის 10 თებერვალს, როდესაც მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა შესაბამისი დადგენილება მიიღო და მდინარე ვერეს ხეობაში გამოიყო 66 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. მანამდე, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, თბილისში მუშაობდა ე. წ. კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება, ხოლო მე-20 საუკუნის დასაწყისში -კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოება. ფიროსმანის ბიოგრაფიისა და შემოქმედების მკვლევარი გიორგი კაკაბაძე ფიქრობს, რომ ფიროსმანს ცოცხალი არც ჟირაფი უნახავს და არც ლომი.
„ფიროსმანი იმდროინდელ გაზეთებში, პერიოდულ პრესაში ნახულობდა ამ ცხოველების სურათებს და იქიდან ხატავდა, რადგანაც მიკიტნებს ძალიან უყვარდათ ასეთი სიუჟეტები და სთავაზობდნენ ფოტოებს ან ჟურნალებიდან, ან გაზეთებიდან, რომლებიც უნდა გადმოეხატა. მაგალითად, ირანთა ყაჯართა დინასტიის გერბი - ხმლიანი ლომი, რომლის უკან მზე ამოდის. ასეთი რამ ასანთის კოლოფებზე ეხატა და ერთ-ერთმა მიკიტანმა სთხოვა, დაეხატა ეს ლომი. ანუ ფიროსმანი არ გასულა შორს, უცხოეთში, რომ ეს ცხოველები ბუნებაში ენახა. როგორც ვთქვი, ის მათ ან ჟურნალებში ნახულობდა, ან ღია ბარათებში, ან იმ მოხეტიალე ზოოპარკისა თუ ცირკის საშუალებით, რომელიც დროდადრო ჩამოდიოდა ხოლმე თბილისში“, უთხრა გიორგი კაკაბაძემ რადიო თავისუფლებას.
შეძლებდა თუ არა მოხეტიალე ცირკი ან ზოოპარკი ჟირაფების ტრანსპორტირებას რუსეთის იმპერიის პერიფერიაში ერთი საუკუნის წინ? „ნეშნლ ჯეოგრაფიკ - საქართველოს“ მთავარი რედაქტორი, ზოოლოგი ლევან ბუთხუზი, ფაქტობრივად, გამორიცხავს ამის შესაძლებლობას, ჟირაფის სიმაღლესთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების გამო:
„ადრე, სანამ სატვირთო თვითმფრინავები შემოვიდოდა, გემებით გადაჰყავდათ და წარმოუდგენლად ძვირი ჯდებოდა, ამიტომ მხოლოდ ზღვისპირა ქვეყნებსა და იმპერიებს ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ ჟირაფები ჰყოლოდათ. საქართველო ვერანაირად ვერ დაიკვეხნიდა ამ საშუალებებით და, შესაბამისად, ისტორიულად ჩვენ არ მოგვდგამს ეს. შემდეგაც, 60-იანი წლებიდან, ზრდასრული ჟირაფების ჩამოყვანა ყოველთვის იყო დაკავშირებული ტექნიკურ პრობლემებთან, რადგანაც ყველა თვითმფრინავი ამ საქმისთვის არ გამოდგება“.
ჟირაფები სიმაღლეში 5,5-6 მეტრამდე იზრდებიან (სიმაღლის 1/3 კისერზე მოდის) და მათი ტრანსპორტირებისთვის ვარგისი თვითმფრინავები ან ძალიან ძვირია, ან სპეციალურ ასაფრენ ზოლს საჭიროებენ. სხვა მხრივ, როგორც ლევან ბუთხუზი ამბობს, ეგზოტიკური გარეგნობის ჟირაფების მოვლა და შენახვა განსაკუთრებულად რთული არ არის.
„ზოგადად ჩლიქოსნები კარგად ეგუებიან ახალ გარემოს, მტაცებლებისგან განსხვავებით. მისი კვების ნირი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია, რადგანაც ჟირაფი ვერ იხრება (მხოლოდ წყლის დალევის დროს აკეთებს ამას). არ ვიცი, ქართულში გვაქვს თუ არა შესატყვისი იმ მოქმედებისა, რომელიც ჟირაფის კვებას აღწერს. ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერ მივაგენი, ალბათ, იმის გამო, რომ ჟირაფი არასოდეს გვყოლია. ეს არის browsing ანუ ძოვის ფორმა, რომელიც ხეებთან არის დაკავშირებული, ანუ არა ძოვა, ჩვეულებრივ, მიწაზე მინდვრის, არამედ ხეების ფოთლებისა (განსაკუთრებით, აკაციის) თავაღერებული, თუმცა ზოოპარკებში - მაგალითად, ავსტრიაში - ვოლიერში ხეები არ დგას, უბრალოდ, მაღლა არის განთავსებული საკვებური და იქიდან იღებს ჟირაფი საკვებს. ტექნიკური თვალსაზრისით ესეც ძალიან მარტივი და დაძლევადია, ანუ პასუხი კითხვაზე, იქნებ შენახვა არის პრობლემა, უარყოფითია. შენახვა ნამდვილად არ არის რთული“, უთხრა ლევან ბუთხუზმა რადიო თავისუფლებას.
თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციაშიც ამბობენ, რომ ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების გაერთიანების დახმარებით, შეძლებდნენ სხვა რომელიმე ზოოპარკიდან ჟირაფების უსასყიდლოდ მიღებას, რადგან, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ზოოპარკებისთვის ცხოველებს პირდაპირ ველური ბუნებიდან აღარ მოიპოვებენ, თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც ზოოპარკის დირექტორის მოადგილე დავით თაქთაქიშვილი ამბობს, თბილისის ზოოპარკის მცირე ტერიტორია არ იძლევა ჟირაფებისთვის საჭირო პირობების შექმნის საშუალებას.
„როდესაც ახალი ცხოველი შემოდის (მით უმეტეს, ასეთი ცხოველი), ყოველთვის გამომგზავნი მხარე ითხოვს შესაბამის პირობებს ამ ცხოველისთვის, ანუ წინასწარ უნდა მომზადდეს ვოლიერი, რომლის მონაცემები უნდა გადაეგზავნოს გამომგზავნ მხარეს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება შეთანხმება. ჩვენ ვაპირებდით ჟირაფების ჩამოყვანას, მაგრამ, სამწუხაროდ, წყალდიდობამ ძალიან შეგვიშალა ხელი. ქვედა ზონას, რომელიც განადგურდა, ვეღარ ვიყენებთ. ამიტომ რამდენიმე ჰექტარი კიდევ მოგვაკლდა. დაახლოებით, 5 ჰექტარიღაა მთელი ფართობი, არადა ჟირაფს საკმაოდ დიდი ფართობის ღია ვოლიერი სჭირდება და რადგან ჩვენ ახლა არ გვაქვს საშუალება სათანადო ვოლიერის გასაკეთებლად, ამიტომ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ“, უთხრა დავით თაქთაქიშვილმა რადიო თავისუფლებას.
იქნებ, არც არის საჭირო ამ არამიწიერი გარეგნობის ცხოველების გადმოყვანა თბილისში? ისედაც ხომ ლამის ყველას ჰგონია, რომ თბილისის ზოოპარკში, ისევე როგორც ჩადის ტბის გარშემო, ამაყად დააბიჯებენ კოპლებიანი გოლიათები, რომლებიც, თუ პროფესორ გიგი თევზაძეს ვერწმუნებით, კონგოში გაგონილი მითის მიხედვით, ერთადერთი ცხოველები არიან, რომლებმაც ოდესღაც, აფრიკელი ჯადოქრის შელოცვის შედეგად, სიზმრების სამყაროდან ჩვენს სამყაროში გადმოინაცვლეს და ამის შემდეგ მუდმივად ეძებენ უკან დასაბრუნებელ გზას ჩვენივე სიზმრების გავლით.