ჯიხაშკარის ინციდენტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში საარჩევნო უბნების დარბევის ფაქტზე ამ დრომდე ორი პირია დაკავებული. ერთ მათგანს, ჯიხაშკარში მცხოვრებ გიორგი მხეიძეს, რომელსაც ბრალად ედება 79-ე უბნის დარბევა და დარბევის ორგანიზატორობა, ზუგდიდის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამავე სოფლის მკვიდრი კაკო ტიბუა კი, ჯიხაშკარის 108-ე უბნის დარბევის ბრალდებით, წუხელ დააკავეს. ზუგდიდის სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. ორივეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

Your browser doesn’t support HTML5

ჯიხაშკარის ინციდენტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში მყოფი კაკო ტიბუა მისმა ადვოკატმა, როლანდ შონიამ, წუხელ, გვიან ღამით, მოინახულა. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარყოფს რაიმე სახის კავშირს უბნის დარბევასთან და პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. როლანდ შონიას თქმით, 60 წლის კაკო ტიბუა ყანაში მუშაობისას დააკავეს, ისე, რომ მას ტანსაცმლის გამოცვლის უფლებაც არ მიეცა:

„არც მის გამოძახებას, დაბარებას ადგილი არ ჰქონია რატომღაც. ადგილზე აღეკვეთა, ფაქტიურად, თავისუფლება, როგორც ამას თვითმხილველები და თავად დაკავებული აღნიშნავს. მას არ აქვს ინფორმაცია, რისთვის არის დაკავებული. მას არანაირი ქმედება არ ჩაუდენია“.

რაც შეეხება იმავე საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ გიორგი მხეიძეს, ის 1993-1994 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შს მინისტრის მოადგილე იყო, 2000-2006 წლებში - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს უშიშროების საბჭოს მდივანი.

მოსამართლე ნატრული აკობიამ 11 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ. მოსამართლის განმარტებით, არის რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მან შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ერთი ის, რომ, შესაძლოა, ბრალდებულმა ხელი შეუშალოს მტკიცებულებების მოპოვებას, ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე. გარდა ამისა, 79-ე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს და არის საფრთხე იმავე ინციდენტის გამეორებისა და საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლის.

თავის მხრივ, ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე დუმილის უფლება გამოიყენა.

ადვოკატი ჯიტა გულუა კი არ დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების საფუძველი უფრო მეტად პოლიტიკური მოტივია, ვიდრე რეალური ვითარება.

„ეს პოლიტიკური მოტივი უფროა, ვიდრე სამართლებრივი რეალობა, რამეთუ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებელი შუამდგომლობა. დაპატიმრების გამოყენებას შუამდგომლობის სახით აქვს თავისი პირობები. ეს პირობები არ იყო დასაბუთებული და არ არსებობდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

სოფელ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე საარჩევნო უბანზე უცნობი პირები 8 ოქტომბერს კენჭის ყრის პროცედურის დასრულების შემდეგ შეიჭრნენ, გატეხეს საარჩევნო ყუთი, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს ინვენტარი. შედეგად, ამ ორივე უბანზე არჩევნები ჩაიშალა. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ როდის უნდა გაიმართოს განმეორებითი არჩევნები სოფელ ჯიხაშკარის უბნებზე.