დღეს ჟენევაში იწყება საერთაშორისო დისკუსიის 33-ე რაუნდი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, ორღიანი მოლაპარაკებისას თბილისის დელეგაცია კვლავ მოითხოვს, რომ რუსეთმა ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება აიღოს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები.
სამინისტროს ცნობითვე, ქართული მხარე კვლავ დასვამს იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების აუცილებლობის საკითხს, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს გალის რაიონში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და ყველა ზომას მიმართავს, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა.
„საქართველოს დელეგაცია განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებშიკონსტრუქციულ მონაწილეობას და იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებებს პასუხისმგებლობით მოეკიდებიან დანარჩენი მონაწილეებიც. ამ თვალსაზრისით, დადებითი პრეცედენტი უკვე შეიქმნა წინა რაუნდებზე”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.