ჯეიმს მატისი: ნატო "ძირითად საფუძვლად" რჩება აშშ-ისთვის

ჯეიმს მატისი ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჯეიმს მატისის განცხადებით, ნატო „ძირითად საფუძვლად რჩება აშშ-ისთვისა და მთელი ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისათვის“. ეს განცხადება მან გააკეთა ბრიუსელში, სადაც პირველად მონაწილეობს ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში.

„2014 წლის მოვლენებმა თვალები აგვიხილა და უნდა გავაგრძელოთ მორგება იმასთან, რაც გამოიკვეთა, როგორც გამოწვევები ჩვენი უსაფრთხოებისათვის. ალიანსი რჩება ძირითად საფუძვლად აშშ-ისათვის და მთელი ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისათვის (...) როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, ის მტკიცედ უჭერს მხარს ნატოს“, განაცხადა აშშ-ის ახალმა თავდაცვის მინისტრმა.

ნატოს მინისტერიალზე განიხილავენ თავდაცვისათვის განკუთვნილ ხარჯებსა და ტერორიზმთან ბრძოლას. ორდღიანი შეხვედრის დაწყებამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოთქვა რწმენა, რომ მინისტერიალზე დაადასტურებენ ტრანსატლანტიკური ალიანსის დიდ მნიშვნელობას.

გუშინ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა ნატოს წევრებს მოუწოდა, დაუდასტურონ შეერთებულ შტატებს თავიანთი ძალისხმევა თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად. მეორე მხრივ, შეერთებული შტატებისაგან მოელიან ნატოს დანარჩენი წევრებიი მის დასტურს, რომ ვაშინგტონი ალიანსის ერთგულია.

პრეზიდენტ დონალ ტრამპს ნატო „მოძველებულად“ ჰყავს მოხსენიებული და ნათქვამი აქვს, რომ შეერთებული შტატები ნატოელი მოკავშირეების მხარდაჭერას შეასუსტებს, თუ ისინი არ გაზრდიან თავდაცვისათვის განკუთვნილ ხარჯებს.

16 თებერვალს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.