დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სავალდებულო გაწვევა მთლიანად უქმდება. სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო, თუმცა მოქალაქეებს სავალდებულო სამსახურში კვლავაც გაიწვევს შსს, სასჯელაღსრულების სამინისტრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. როგორც ირკვევა, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა არც პრეზიდენტს, არც პრემიერსა და არც უშიშროების საბჭოს. უშიშროების საბჭომ თავდაცვის მინისტრის ბრძანება გასაცნობად გამოითხოვა, პრემიერის განცხადებით კი, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობისა და უშიშროების საბჭოს სხდომების ფორმატში უნდა განხილულიყო.
თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ბრძანებას სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუქმების შესახებ ხელი ჟურნალისტების თანდასწრებით მოაწერა და თქვა, რომ „შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ადამიანები, რომლებსაც აძალებენ სამშობლოს სამსახურს“. მან პირობა სავალდებულო გაწვევის გაუქმების თაობაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დადო:
„ჩვენ ვთქვით, რომ 2017 წლიდან შეიარაღებულ ძალებში აღარ იქნებიან წვევამდელები. ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი: შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ძალით მოყვანილი სამხედრო მოსამსახურე. შეიარაღებულ ძალებზე არის ძალიან მაღალი მოთხოვნილება. შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახური პრესტიჟულია და არავის არ სჭირდება დაძალება, რომ გახდეს თავისი ქვეყნის ჯარისკაცი. უამრავი საუბარია იმაზე, რომ ჯარში წვევამდელები მონურ შრომას ექვემდებარებიან. ეს საუბრები უსაფუძვლოა, მაგრამ მაინც ჩვენ ამის უფლებას ვერ მივცემთ და არ უნდა ვაძლევდეთ საკუთარ თავს, არ უნდა შეურაცხვყოფდეთ შეიარაღებულ ძალებს. სწორედ ამიტომ მე დავდე პირობა, ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ 2017 წლიდან გაწვევა ჯარში აღარ არსებობდეს. ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარებას, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა. ეს არ გამოვიდა, თუმცა ვიპოვეთ სხვა ფორმა“.
თინათინ ხიდაშელის ბრძანების შესაბამისად, დღეიდან თავდაცვის სამინისტრო აღარ განახორციელებს სამხედრო-სავალდებულო გაწვევას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სავალდებულო გაწვევა მთლიანად უქმდება. სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელებს თავდაცვის სამინისტრო, თუმცა მოქალაქეებს სავალდებულო სამსახურში კვლავაც გაიწვევს შსს, სასჯელაღსრულების სამინისტრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ისიც უნდა ითქვას, რომ მოქალაქეების უმრავლესობას სწორედ ეს უწყებები იწვევენ. გაწვეული ახალგაზრდები ამ უწყებებში ძირითადად გუშაგის ფუნქციას ასრულებენ. გოჩა ხარჩილაძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, რომ თავდაცვის მინისტრის ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს სავალდებულო სამსახურის გაუქმებას კანონმდებლობის დონეზე:
„შსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სასჯელაღსრულების სამინისტრო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საშემოდგომო გაწვევას. არის საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევები, სადაც გათვალისწინებულია და არის ჩამონათვალი მათი მოთხოვნების. ამ ეტაპზე ასე ჩანს, რომ თავდაცვის სამინისტრო არ გააკეთებს მოთხოვნას და გრაფაში ჩაიწერება ნული. თუკი 2017-ში გააკეთებს მოთხოვნას, შეიცვლება. აქ საკანონმდებლო ცვლილება საჭირო არ არის. უბრალოდ, თვითონ უწყებამ გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე მას დაკომპლექტება არ სჭირდება“.
თუკი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გაწვეული მოქალაქეების რაოდენობას გადავხედავთ, მაშინ უნდა ითქვას, რომ თუკი 2015 წელს ამ უწყების მიერ გაწვეულთა რიცხვი 550-ს შეადგენდა, 2016 წლის საგაზაფხულო გაწვევას 1000 მოქალაქე დაექვემდებარა, მათი გაწვევა კი სულ რამდენიმე დღის წინ, 24 ივნისს, დასრულდა.
საკონტრაქტო სამსახური არის აპრობირებული მეთოდი, რომელიც გამოიყენება ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებში, იმ პარტნიორ სახელმწიფოებში, რომლებიც არიან ნატოს წევრები, ევროკავშირის წევრები...ირაკლი ჩიქოვანი
როგორც აღმოჩნდა, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება სამხედრო-სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ სიურპრიზი იყო როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის სიტყვებით, ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული არც ქვეყნის მთავარსარდალთან, პრეზიდენტთან, არც პრემიერ-მინისტრთან და არც უშიშროების საბჭოსთან. აღსანიშნავია, რომ უშიშროების საბჭომ თავდაცვის მინისტრის ხელმოწერილი ოფიციალური დოკუმენტი სამინისტროდან 27 ივნისსვე გამოითხოვა, ოფიციალურ განცხადებას კი ისინი მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელებენ, რაც მინისტრის ბრძანებას გაეცნობიან. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ის მიიჩნევს, რომ მრავალმხრივი ასპექტიდან გამომდინარე, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება მთავრობისა და უშიშროების საბჭოს სხდომების ფორმატში უნდა განეხილათ.
ირაკლი ჩიქოვანი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სამხედრო-სავალდებულო გაწვევის გაუქმების ინიციატივით ჯერ კიდევ 2013 წელს გამოვიდა პარტიის ლიდერი და იმ დროს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. აქედან გამომდინარე, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თავისუფალი დემოკრატები ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან და თვლიან, რომ საქართველოს სჭირდება მაღალპროფესიული მობილური ჯარი, რომლის წინაპირობაც არის საკონტრაქტო სამხედრო სამსახური:
„საკონტრაქტო სამსახური არის აპრობირებული მეთოდი, რომელიც გამოიყენება ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებში, იმ პარტნიორ სახელმწიფოებში, რომლებიც არიან ნატოს წევრები, ევროკავშირის წევრები. ამ შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობის თვალსაზრისითაც, ქართულ შეიარაღებულ ძალებს ეს ფორმატი გაუადვილებს მუშაობას“.
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ოთხწლიანი კონტრაქტით მიიღებიან 18-დან 35 წლამდე წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების ერთ-ერთი ინიციატორი იყო ასევე ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“. მათ გასულ წელს კანონში ცვლილების თაობაზე პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივაც შეიტანეს, თუმცა, საბოლოოდ, ინიციატივის საკომიტეტო განხილვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე არ შედგა. „გირჩის“ წარმომადგენელი გოგა ხაჩიძე თვლის, რომ თავდაცვის მინისტრის ეს გადაწყვეტილება წინასაარჩევნო დაპირებაა, სინამდვილეში კი მთავრობამ ამ დაპირებაში, მისი სიტყვებით, „პატარა ეშმაკობა“ ჩადო:
„საქმე იმაშია, რომ გაწვეული ახალგაზრდების 75 % მიჰყავთ ყარაულებად და დარაჯებად სხვადასხვა ობიექტებზე და, დაახლოებით, 25 % მიჰყავდათ ჯარში, სადაც რაღაცას ასწავლიდნენ. თავდაცვის სამინისტრომ ახლა გამოაცხადა, რომ თვითონ აღარ წაიყვანს ახალგაზრდებს, ანუ გაწვეული ახალგაზრდების 100 % წავა ისევ დარაჯად და ყარაულად და მათ მთლიანად გამოიყენებენ უფასო მუშახელად. ჩვენი საკანონმდელო ინიციატივა კი იმაში მდგომარეობდა, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახური საერთოდ უნდა გაუქმებულიყო და თავდაცვის სამინისტრო უნდა გადასულიყო საკონტრაქტო სამსახურზე“.
სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუქმებას არ მიესალმება ექსპერტი სამხედრო საკითხებში გენერალი ამირან სალუქვაძე. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, იმთავითვე მცდარია საკითხის დასმა იმ ფორმით, სამხედრო სავალდებულო სამსახური ჯობია თუ საკონტრაქტო სამხედრო სამსახური. ამას გარდა, მისი თქმით, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება დარგის სპეციალისტებთან, საზოგადოებასთან შეუთანხმებლად და არასრულყოფილი ანალიზის შედეგად მიიღო:
„ასე ნაჩქარევად ასეთი საკითხების მიღება არ შეიძლება და ამ საკითხის ასე საჩქაროდ გადაწყვეტის არანაირი საჭიროება არ არის. თავდაცვის სამინისტროს თუ არ სჭირდება წვევამდელები, მას შეუძლია, დღევანდელ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, არ გაიწვიოს მოქალაქეები. ჩვენ ისეთი ფუფუნება არ გვაქვს, რომ სახელმწიფო მშვიდად გრძნობდეს თავს და მოქალაქეს არ გააჩნდეს იმის ვალდებულება, რომ თავისი ვალი მოიხადოს სახელმწიფოს წინაშე“.
როგორც თავდაცვის მინისტრმა ბრძანებაზე ხელის მოწერისას განმარტა, მას, როგორც თავდაცვის მინისტრს, შეუძლია სამხედრო- სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მიიღოს. მისივე განცხადებით, თუკი მომდევნო მინისტრი გადაწყვეტს წვევამდელები ჯარში დააბრუნოს, მას მოუწევს ამ ბრძანების გაუქმება. ბრძანების გაუქმება შეუძლია საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც. როგორც ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტი უკვე ძალაშია, მისი მიზანშეუწონლობის გამო, პრემიერს მისი გაუქმების შესაძლებლობა აქვს. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრის ბრძანების გასაჩივრება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს ბრძანების გამოცემიდან ერთი თვის განმავლობაში.