ფრანგული ლიტერატურის არაერთი სპეციალისტისა და კრიტიკოსის შეფასებით, მეოცე საუკუნის ფრანგულ მწერლობას განსაკუთრებული კვალი სამმა ბელეტრისტმა დააჩნია. ჩვეულებრივ, ახსენებენ ხოლმე მარსელ პრუსტს, ჟულიენ გრაკსა და ჟან ჟიონოს.
ცხადია, ასეთი გამოცალკევება ყოველთვის სარისკოა და, გარკვეულწილად, არასწორიც, მაგრამ თუ სადემარკაციო ნიშნად მწერლის სტილსა და, საერთოდ, მშობლიურ ენასთან დამოკიდებულებას ავიღებთ, მაშინ ეს სამივე მწერალი თავისუფლად გაერთიანდება ერთ ჯგუფში, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო ნაირგვარი სტილისტური თამაშით ფრანგული ენის სიღრმეების ნიუანსობრივი გააზრება ორი ძირითადი - ემოციური და აზრობრივი - მიმართულებით.
ჟან ჟიონოს სტილს ხშირად ადარებენ ხოლმე ,,ჰაერს“ ან ,,აბრეშუმს“ და გულისხმობენ იმას, რომ, მიუხედავად ერთგვარი სილაღისა თუ სიმსუბუქისა, ეს სიმსუბუქე ვულგარულობას კი არა, პირიქით, დახვეწილ ენობრივ არტისტიზმს, გენიალურ შემოქმედებით უბრალოებას ნიშნავს.
ამის გამო განსაკუთრებით ძნელია ჟიონოს წიგნების სხვა ენაზე თარგმნა ისე, რომ მისი სტილის ეს უმთავრესი მახასიათებლები არ დაიკარგოს ან, ელემენტარულად, არ გავულგარულდეს ის, რაც დედანში უბრალოების ღვთაებრივი ნიშნით აღბეჭდილა.
ამ მიზეზით, ბევრი გამოცდილი სპეციალისტი, ვინც კარგად იცნობს ჟიონოს სამყაროს, მრავალი წლის განმავლობაში შორიახლო უტრიალებს მის ტექსტებს და სათარგმნად ხელის მოკიდებას კი ეკრძალება.
ილიას უნივერსიტეტის ფრანგული ენის პროფესორისა და მთარგმნელის დალი იაშვილისათვის ეს გასაგებიცაა. მისი თქმით:
,,ყოველ მეორე ფრაზაში მოდის ან ანდაზა, ან გამოთქმა, რისი თარგმნაც ქართულად ან ნებისიმერ სხვა ენაზე არის ძალიან ძნელი, იმიტომ რომ ნებისმიერი ანდაზა რომ აიღო, სულ სხვაგვარად უნდა გადმოვიდეს, უნდა მოუძებნო ზუსტი შესატყვისი და აქ არის კიდევ ნიუანსები იმ სამხრეთფრანგული გამოთქმების, რომელიც ზოგჯერ ზოგიერთი პარიზელი ფრანგისთვისაც მაინცდამაინც ცხადი არ არის”.
სხვათა შორის, პირველად ჟან ჟიონოს წიგნი ქართულ ენაზე 1940 წელს გამოიცა. მისი რომანი ,,დიდი ფარა“ ,,მწერალთა ფედერაციამ“ დასტამბა და ფრანგულიდან თარგმნა შესანიშნავმა მოქართულემ და თავის დროზე პოპულარულმა მწერალმა იროდიონ ქავჟარაძემ. ეს ის პერიოდია, როცა კომუნისტები ჯერ კიდევ სწყალობდნენ ჟან ჟიონოს, რადგან მეოცე საუკუნის 20-იან წლებში ფრანგ მწერალთა უმრავლესობა სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებას უჭერდა მხარს, პაციფისტური იდეოლოგიის გამო მშვიდობისმოყვარე ჟან ჟიონო კი კომუნისტებს დაუახლოვდა. მათ მხარდასაჭერად სტატიებსა და მანიფესტებსაც წერდა, მაგრამ როგორც კი ფრანგმა კომუნისტებმა პლატფორმა შეცვალეს და მოსკოვიდან მიღებული დირექტივებით ამოქმედდნენ, ჟიონო მათ მაშინვე ჩამოშორდა.
თუმცა მანამდე, როგორც ჩანს, იროდიონ ქავჟარაძემ შექმნილი ვითარებით ისარგებლა და მოასწრო ქართველი მკითხველისათვის ეს მართლაც გამორჩეული მწერალი წარედგინა. თარგმანის პოპულარიზაცია კი ვერ მოესწრო, რადგან პოლიტიკურ წინააღმდეგობათა გამო თარგმანი ბიბლიოთეკების დახურულ საცავებში ჩაიკარგა. ამასობაში ომიც დაიწყო და ჟიონოს, რომელიც, თავისი კოლაბორაციონიზმის გამო, ფრანგებისთვისაც მიუღებელი გახდა, ცხადია, საქართველოში აღარავინ ახსენებდა.
სხვათა შორის, მწერლისათვის მიწებებულ ამ პოლიტიკურ იარლიყებზე დალი იაშვილმაც მიუთითა და აღნიშნა:
,,1944 წელს ძალიან დიდი პანიკა ატყდა იმაზე, რომ ჟიონო იყო კოლაბორაციონისტი და ამ ბრალდებით კიდევაც დააკავეს. კოლაბორაციონიზმის ბრალდება, ძირითადად, ეფუძნებოდა იმას, რომ ჟიონოს ნაწარმოები ,,ჭქა-ქუხილის ორი მხედარი“ დაიბეჭდა კოლაბორაციონისტულ ჟურნალ „ჟერბში“, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ჟიონოს უკვე მიტანილი ჰქონდა დასაბეჭდად თავისი ტექსტი ჟურნალში, რომელიც შემდეგ გახდა კოლაბორაციონისტული. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე კი მან თავი აარიდა ომს, რადგანაც იყო პაციფისტი“.
ამ პოლიტიკურ წინააღმდეგობათა გამო ჟიონოს სახელს დიდი ხნის განმავლობაში ან საერთოდ არა, ანდა ირონიული ღიმილით იხსენიებდნენ და მისი შემოქმედებითი რეაბილიტაცია, პრაქტიკულად, მხოლოდ 1951 წელს მოხდა, როდესაც მწერლის რომანი ,,ჰუსარი სახურავზე“ გამოქვეყნდა.
ყველას აქვს თავისი განსაკუთრებული და გამორჩეული სამყარო. სწორედ ასეთი განსაკუთრებული სამყარო აქვს ჟან ჟიონოსაც, რომელიც თითქოს ჰგავს სხვა მწერლებს, მაგრამ არც ჰგავს. როგორც იცით, მას შეარქვეს ,,უძრავი მოგზაური“, ანუ კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა. ის ძალიან საინტერესოდ აღწერს არა მარტო ბუნებას, არამედ გარემოს და, საერთოდ, ყველაფერს. უფრო სწორად, მე ვიტყოდი, ხატავს...თამარ კაპანაძე
ამ რომანმა ცხადყო, რომ ფრანგულ ლიტერატურას ჰყავდა ცოცხალი კლასიკოსი, რომლის ნაწარმოებებებს და, საერთოდ, არსებობას, ფრანგული და მთლიანად ევროპული კულტურისათვის განუზომელი მნიშვნელობა ჰქონდა.
1953 წელს ჟიონო გონკურების აკადემიის წევრად აირჩიეს, რომანი „ჰუსარი სახურავზე“ კი მეოცე საუკუნის 50 საუკეთესო ფრანგული რომანის სიაში შეიტანეს.
ეს რომანი მიეკუთვნება მწერლის რომანების იმ ციკლს, რომელთა მთავარი გმირია ანჟელო. ამ გმირის პროტოტიპი კი არის პიეტრო ანტონიო - მწრლის პაპა, თავისთავად მეტად საინტერესო კაცი, ძველი კარბონარო და იტალიის საიდუმლო ორგანიზაციის წევრი, რომელიც იტალიის გაერთიანებისათვის იბრძოდა.
როგორც ჩანს, პაპის გენები და, საერთოდ, იტალიური წარმოშობა მკვეთრად განსაზღვრავდა მწერლის დაუდგრომელ ტემპერამენტსაც. ის მთელი არსებით იყო გადაშვებული პოლიტიკურ პროცესებში, რამაც მხოლოდ დააზარალა მისი შემოქმედებითი რეპუტაცია, შეძენით კი არაფერი შეუძენია დიდი ადამიანური გამოცდილების გარდა.
სწორედ ეს წინააღმდეგობრივი ადამიანური გამოცდილება აისახა ჟიონოს რომანებში და ამიტომაც, სტილისტურ სირთულეს რომ თავი დავანებოთ, ესეც თავისებურად აძნელებს ტექსტის აღქმას და ადეკვატურად გადმოღებას.
ამ სირთულეს განსაკუთრებით ახალგაზრდა მთარგმნელი წააწყდება, რადგან არის წიგნები, რომელთა სათარგმნადაც საჭიროა შენც გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება გქონდეს, რათა სწორად აღიქვა არაერთი დეტალი, რაც მწერლის მრავალფეროვანი ცხოვრებიდან არის ამოზრდილი.
სასიამოვნოა, რომ ეს სითამამე უხვად აღმოაჩნდა ახალგაზრდა მთარგმნელ თამარ კაპანაძეს, რომელმაც თავისი მთარგმნელობითი საქმიანობა - არც მეტი, არც ნაკლები - სწორედ ჟიონოს შედევრით დაიწყო.
"ჰუსარი სახურავზე“ ახლახან დასტამბა ,,ელფის“ გამომცემლობამ, რედაქტორი კი საგანგებოდ არსად არის აღნიშნული.
საქმე ისაა, რომ ჩვენი გამომცემლობების ძალიან ბევრი პროდუქტი სწორედ მთარგმნელისა და რედაქტორის შემოქმედებითი თანამშრომლობის ნაყოფია, ხოლო თუ მთელ ტექსტზე პასუხისმგებლობას მხოლოდ მთარგმნელი იღებს, ეს ორმაგად სასიამოვნოა, რადგან წიგნი, მთლიანობაში, ქართულად ცუდად ნამდვილად არ იკითხება.
მთარგმნელმა თამარ კაპანაძემ ჟან ჟიონოზე ჩვენთან საუბრისას აღნიშნა:
,,ფრანგული ლიტერატურა ჩემთვის არის აღმოჩენა, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ლიტერატურაა, ზოგადად, მსოფლიოში და თან არც ერთი მწერალი ერთმანეთს არ ჰგავს. ყველას აქვს თავისი განსაკუთრებული და გამორჩეული სამყარო. სწორედ ასეთი განსაკუთრებული სამყარო აქვს ჟან ჟიონოსაც, რომელიც თითქოს ჰგავს სხვა მწერლებს, მაგრამ არც ჰგავს. როგორც იცით, მას შეარქვეს ,,უძრავი მოგზაური“, ანუ კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა. ის ძალიან საინტერესოდ აღწერს არა მარტო ბუნებას, არამედ გარემოს და, საერთოდ, ყველაფერს. უფრო სწორად, მე ვიტყოდი, ხატავს. ვიდრე თარგმანს დავიწყებდი და გადავხედე ნაწარმოებს, პირველი რაც იყო, გამახსენდა ორი მხატვარი - ბოსხი და რენუარი. ხომ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მხატვარია? ბოსხია რაღაც საშინელი პირქუში სამყაროთი, მუქი ფერებით, და რენუარია რაღაც საოცრად ლაღი ფერებით და, წარმოიდგინეთ, ამ ორი მხატვრის შერწყმაა ერთ ნაწარმოებში“.
შეიძლება ითქვას, რომ მთარგმნელმა, ძირითადად, შეძლო ეგრძნობინებინა ჩვენთვის, რა რანგის მწერალთან გვაქვს საქმე, თუმცა იმ წინააღმდეგობათა ჩვენება, რაზედაც თვითონ მიუთითა, ჩემი აზრით, ვერ მოხერხდა, რადგან ვფიქრობ, აქ ისევ გამოცდილებამ, უფრო სწორად, გამოუცდელობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი, თორემ თამარ კაპანაძეს, ალბათ, არც ნიჭი აკლია და არც ის გარკვეული ავანტიურიზმი, რაც ჟან ჟიონოს, სავარაუდოა, მასში განსაკუთრებულად მოეწონებოდა.
ყოველ შემთხვევაში, ეს თარგმანი იმითაც არის საინტერესო, რომ ქართულად უკვე ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ჟიონო გვაქვს: ერთი, რომელიც 1940 წელს იროდიონ ქავჟარაძემ დაგვანახვა და მეორე, რომელსაც ახლა გვთავაზობს თამარ კაპანაძე.
ამ თარგმანთა შედარება კი არა მხოლოდ ორი მთარგმნელის ნიჭისა და შემოქმედებითი პოზიციის განსხვავებას, არამედ ქართული ენის ქრონოლოგიური ცვალებადობის მრუდსაც კარგად წარმოაჩენს.