თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, 35 %-ით გაიზარდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა. განსაკუთრებული ზრდა გასული წლის ბოლო სამ თვეში დაფიქსირდა. სულ 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი ითხოვა საქართველოს 10 455 მოქალაქემ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის, ნუგზარ კოხრეიძის, შეფასებით, დღეს არსებული სტატისტიკა უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეს არ ქმნის, მაგრამ ტენდენცია სახიფათო და გასათვალისწინებელია:
Your browser doesn’t support HTML5
„ეს არ არის კატასტროფული მონაცემი, მაგრამ შეჩერების მექანიზმი ამუშავდება, თუ მაჩვენებელმა 50 %-ს გადააჭარბა. ამასთან, არის საყურადღებო, რადგან ციფრი შესაძლებელია გახდეს მზარდი. ჩვენ ვხედავთ ინფორმაციის ნაკლებობასაც, რადგან საქართველოს მოქალაქეებმა არ იციან, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყნების სიაში“.
ნუგზარ კოხრეიძის განმარტებით, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ნაკლები შანსი აქვთ მიიღონ დადებითი პასუხი თავშესაფარში განთავსებაზე. ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში პროგრამა ჩანაცვლდება სხვა - მათ შორის, იძულებითი დეპორტაციის ან ნებაყოფლობითი დაბრუნების - პროგრამით, რომელიც საქართველოში უკვე მოქმედებს:
„საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარში განთავსებას ითხოვდნენ ორი მიზეზით: პირველი - იმისთვის, რომ ლეგალურად ყოფილიყვნენ უცხო ქვეყანაში და ემუშავათ და მეორე – მიეღოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა. თუმცა დღეს ძალიან ნაკლებად არის სავარაუდო ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ გზით მიიღებენ ან ერთს, ან მეორეს“.
რადიო თავისუფლებას ქუთაისში მცხოვრებმა რესპონდენტმა უამბო, რომ მისმა ახლო ნათესავებმა გასული წლის დეკემბერში ისარგებლეს ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით და, ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ, თავშესაფარი მოითხოვეს:
„ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, ნათესავი წავიდა ოჯახთან ერთად საფრანგეთში, სადაც მოითხოვა თავშესაფარი. ახლა გადის გარკვეულ პროცედურებს იმისთვის, რომ მოიპოვოს იქ ცხოვრების უფლება, შეძლოს დასაქმება და შემოსავალი ჰქონდეს. საბოლოოდ რა გამოვა, ან რა იქნება შედეგი ამ ყველაფრიდან, ჩვენთვის უცნობია. მათი წასვლის შემდეგ, გასულ თვეში, კიდევ ერთი ოჯახი წავიდა ოთხ შვილთან ერთად. მიბაძეს მათ და, ანალოგიურად, მოითხოვეს თავშესაფარი. მეორე ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო, პირველისგან განსხვავებით, და გარკვეული შემწეობების ხარჯზე ცხოვრობდნენ. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წასვლა გადაწყვიტეს, იყო ეს“.
რადიო თავისუფლების რესპონდენტის ინფორმაციით, მისი ნათესავი ცოლ-ქმარი, რომლებსაც ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ, საქართველოში დასაქმებულები იყვნენ, თუმცა ოჯახის სარჩენად საკმარისი შემოსავალი არ ჰქონდათ და ამიტომ გადაწყვიტეს ევროპაში გამგზავრება. მიგრაციის მაღალ მაჩვენებელს მოქალაქეთა მძიმე სოციალური მდგომარეობით და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნელი ტემპით ხსნის ეკონომისტი პაატა კლდიაშვილი:
რაც მეტი მოქალაქე დატოვებს ქვეყანას, ძალიან ცუდია, განსაკუთრებით - ქვეყნის მომავლისთვის, რადგან ქვეყნიდან მიდიან ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ფიზიკური და ინტელექტუალური შრომა...სულხან კუპრაშვილი
„გასათვალისწინებელია ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ადამიანებს უფრო მარტივად შეუძლიათ ქვეყნიდან წასვლა ცხოვრების უკეთესი პირობების საძიებლად. როცა ეს შესაძლებლობა მოქალაქეებს გაუჩნდათ, მათ ის გამოიყენეს, თუმცა ეს არ არის გუშინდელი და დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით გამოწვეული, ეს არის წლების განმავლობაში ქვეყანაში დაგროვებული სოციალური პრობლემებით გამოწვეული შედეგი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმერეთი ქვეყნის მასშტაბით არის ერთ-ერთი დიდი რეგიონი როგორც ფართობით, ასევე მოსახლეობის რაოდენობით. მიგრაციის მაჩვენებელიც მაღალია, სხვა რეგიონებთან შედარებით, ორი გარემოების გამო. ერთი ის, რომ აქ მსხვილი ეკონომიკური ობიექტები არ არსებობს და მეორე მოსახლეობის რიცხოვნებაა“.
მზარდ მიგრაციას ქვეყნისთვის არასახარბიელოდ მიიჩნევს პოლიტოლოგი სულხან კუპრაშვილი. მისი შეფასებით, სავიზო ლიბერალიზაციის შემდეგ ეს პროცესი მოსალოდნელი იყო:
„რაც მეტი მოქალაქე დატოვებს ქვეყანას, ძალიან ცუდია, განსაკუთრებით - ქვეყნის მომავლისთვის, რადგან ქვეყნიდან მიდიან ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ფიზიკური და ინტელექტუალური შრომა“.
2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი მოითხოვა საქართველოს 10 455-მა მოქალაქემ. უარის შემთხვევაში მათ სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნება ან დეპორტაცია ელით.