ივანე ჯავახიშვილის მივიწყებული ნაშრომები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოსცა ივანე ჯავახიშვილის ალბომი, რომელშიც მეცნიერის მიერ შედგენილი სამართლისა და ეკონომიკის 1 845 ტერმინია შესული. ტერმინები ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობითაა შემუშავებული. ალბომს რამდენიმე დანიშნულება აქვს, აქედან ერთ-ერთი ამ სფეროში არსებული ლექსიკური მარაგის დახვეწა და გაუგებარი ტერმინებისგან ენის დაცვაა.

Your browser doesn’t support HTML5

ივანე ჯავახიშვილის მივიწყებული ნაშრომები

პროექტის ავტორი მალხაზ ბაძაღუა ამბობს, რომ სამართლის მეცნიერების განვითარებამ ტერმინოლოგიური პრობლემები წარმოქმნა. ბევრი წინააღმდეგობა და გაუგებრობა იყო კრიმინოლოგიაში, ბევრი უცხო სიტყვა და შეუსაბამობა პროგრამებს შორის. იყო, ასევე, პრობლემები ამა თუ იმ ტერმინის სხვადასხვანაირად გაგების გამო. სწორედ ამ მიზეზით დაიწყო კვლევა, რომელიც, საბოლოოდ, ჯავახიშვილის ბარათებით დამთავრდა:

„წავაწყდით ამ მასალებს. ძალიან უხვადაა, 3 500-მდე ტერმინია სამართლის დარგში, რომელზეც ივანე ჯავახიშვილს უმუშავია. სამართლის ისტორიის წიგნში, წინასიტყვაობაში, ის აღნიშნავს, რომ აპირებდა იურიდიული ტერმინოლოგიის გამოცემას, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა“.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა აბაშიძე ამბობს, რომ ყველაზე მეტად ეს წიგნი სამართლისა და ეკონომიკის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს გამოადგებათ. წიგნში პირდაპირ ფოტოების სახითაა გადმოტანილი ის ბარათები, რომლებზეც ესა თუ ის ტერმინია დაწერილი. ბარათები თავად ივანე ჯავახიშვილის მიერაა დამზადებული. ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში, რომელიც ხელნაწერთა ცენტრშია დაცული, მსგავსი ბარათების რაოდენობა 10 ათასს სცილდება. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის, მანუჩარ გუნცაძის, თქმით, ამჯერად ალბომში მხოლოდ მათი ნაწილი მოხვდა. შეიქმნა, ასევე, ამ ბარათების ციფრული ვერსიები, რის გამოც შემდეგ მკვლევარს უკვე კომპიუტერულად შეეძლება მასალაზე მუშაობა:

„კონკრეტულ ტერმინს აქვს რამდენიმე მნიშვნელობა სხვადასხვა წყაროში და ამ ბარათებზე ეს მაგალითები არის მოცემული და ბიბლიოგრაფიაც, რითიც ხელმძღვანელობდა“.

თსუს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი თეიმურაზ ბერიძე საუბრობს ტერმინებსა და მათ სხვადასხვა მშნიშვნელობაზე, იურიდიული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგალითად:

ალბომის პრეზენტაცია

„ალბომის 33-ე გვერდზე საუბარია ძღვენზე, 55-ეზე - ქრთამზე. სამართლებლივად ეს დასჯადია, ქრთამი - განსაკუთრებით. აქაც არის ეკონომიკური შინაარსი, ვინაიდან ძღვენის გამცემი, როგორც წესი, ელოდება ეკონომიკურ სარგებელს ან რომელიმე სხვას, რომელსაც ყოველთვის არ მოაქვს დადებითი ეფექტი ეკონომიკაში“.

ივანე ჯავახიშვილზე საუბრისას მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ მის განსაკუთრებულ განათლებას სხვადასხვა სფეროში. ივანე ჯავახიშვილი მუშაობდა როგორც ხალხური მუსიკის ისტორიაზე, ასევე იურიდიულ თუ ეკონომიკურ ტერმინებზე, რისი ილუსტრაციაცაა ეს ალბომიც. შოთა ფაფიაშვილი, საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ამბობს, რომ ივანე ჯავახიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართული სამართლის ისტორიას და ამ საგანს უნივერსიტეტში თავადაც ასწავლიდა. ფაფიაშვილის თქმით, დაქტილოსკოპიასთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობის დროს სწორ პასუხს სწორედ ჯავახიშვილთან მიაკვლია. კერძოდ, კრიმინალისტების ნაწილი ამბობდა, რომ დაქტილოსკოპია, რომელიც თითის ანაბეჭდის მიხედვით პიროვნებას ადგენს, უძველესი დროიდან მოდის. ამის დასტურად მოჰყავდათ ქვაზე ამოკვეთილი ხელის ნიშანი. ჯავახიშვილი კი განმარტავს, რომ ასეთი ქვები, უბრალოდ, საზღვრის პირას იდგმებოდა და ადამიანი მათ დანახვაზე უნდა შეჩერებულიყო.

„წავაწყდებით მის ნაშრომებში ისეთ საკითხებს, როგორიცა არის, რას ნიშნავდა ჯვრის დასმა დოკუმენტზე, რას ნიშნავდა ხელის დართვა და ასე შემდეგ“.

ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე ამბობს, რომ 1917 წელს, როდესაც საქართველოს ავტოკეფალია გამოცხადდა, საჭირო გახდა რაიმე კანონის შემუშავება, რომელიც რუსეთის სახელმწიფოში საქართველოს ეკლესიის უფლებლივ მდგომარეობას დაამტკიცებდა:

თარხუჯ ჯავახიშვილი

„სწორედ ივანე ჯავახიშვილმა და ზურაბ ავალიშვილმა დაწერეს დროებითი მართვა-გამგეობის დებულება, უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს ეკლესიის. ირაკლი წერეთლისა და კარლო ჩხეიძის მეშვეობით დაამტკიცებინეს მაშინდელ დროებით მთავრობას. თუ ეს დოკუმენტი არ შემუშავდებოდა, ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია ჰაერში გამოკიდებული დარჩებოდა“.

ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი, თარხუჯ ჯავახიშვილი, პაპის შესახებ ჰყვება. ის ივანეს გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ დაიბადა, შესაბამისად, თავად არ მოსწრებია, თუმცა გადმოცემით იცის, რომ ივანე ჯავახიშვილი შინ თუ გარეთ, ყველასთან ერთნაირად ზრდილობიანი ყოფილა. ზოგადად, იმ დროის ადამიანები გაცილებით თავაზიანები იყვნენო, ამბობს თარხუჯ ჯავახიშვილი, ამის მაგალითად კი ივანესა და ნიკო მარის მიმოწერა მოჰყავს:

„ბოლომდე პატავს სცემდა, როგორც ძალიან დიდ მეცნიერსა და, ამავე დროს, მის მასწავლებელს (ანუ ვამბობ, რომ ივანე პატივს სცემდა ნიკო მარს), მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა, იქ აბსოლუტური პრინციპულობა იყო. იქ ეუბნება: „გადაწყვეტილია, რომ თქვენ უარს გეუბნებით““.

ამ წერილის ბოლოს კი მიწერილია, იმედია, ეს უარი ჩვენს პირად ურთიერთობაზე არ აისახებაო.