უნდა დაწესდეს თუ არა მოსამართლის შეურაცხყოფაზე საგანგებო რეგულაციები და დაემუქრება თუ არა ასეთ შემთხვევაში საფრთხე გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში - ამ საკითხზე თითქმის ორდღიანი დისკუსიების შემდეგ გამოიკვეთა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას სასამართლოებისა და ინდივიდუალური მოსამართლეების მიმართ „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლების განსაზღვრის შესახებ მომხრეებზე მეტი მოწინააღმდეგეები ჰყავს. მოწინააღმდეგეები, კერძოდ, ფიქრობენ, რომ საკანონმდებლო დონეზე დამატებითი რეგულაციების გარეშეც არსებობს მოსამართლეების დაცვისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიები და დაუშვებელია ამ გარანტიების გაზრდა დემოკრატიის შეზღუდვის ხარჯზე.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება, რომელსაც საბჭოს წევრებმა 26 აპრილის სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი, 6 ადრესატისადმია მიმართული. ეს ადრესატები არიან საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ჟურნალისტთა კორპუსი, სამოქალაქო სექტორი, საქართველოს სახალხო დამცველი და საზოგადოება. განცხადებაში, რომელიც თვალსაჩინოებისთვის მოსამართლეებისა და სასამართლოების მისამართით სხვადასხვა დროს მედიაში და მედიის წარმომადგენელთა მიერ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების ჩამონათვალსაც მოიცავს, აღნიშნულია, რომ გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევით წაშლილია ზღვარი კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ევა გოცირიძემ, სხდომაზე კონკრეტული გარემოებებიც ჩამოთვალა:
მაშინ ცალკე მივიღოთ კანონი ჟურნალისტთა უფლებების დაცვის შესახებ, ცალკე მივიღოთ კანონი პოლიციელთა დაცვის შესახებ, სამხედრო მოსამსახურეთა დაცვის შესახებ და ყველა იმ ჯგუფის შესახებ, ვისთან დაკავშირებითაც, შესაძლოა, რაიმე კითხვის ნიშანი დაისვას ოდესმე. ეს არასერიოზულია, ჩემი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება...უჩა ნანუაშვილი
“ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს სრულიად მიუღებელი ეპითეტების გამოყენებასთან მოსამართლეების მიმართ, ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს მოსამართლეების მიმართ სიძულვილის გაღვივებასთან, მათდამი მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბების მცდელობასთან, ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს მოსამართლეების დაშინებასთან, მათ შორის სამსახურის დაკარგვის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ისევე როგორც იყო შემთხვევები საჯარო განცხადებებისა სასამართლოს გადაწყვეტილებებისადმი დაუმორჩილებლობის თაობაზე“.
ევა გოცირიძე მიიჩნევს, რომ გამოხატვის თავისუფლების საზღვრები საქართველოში არასწორადაა გაგებული და თმენის ვალდებულება მოსამართლეებს გარკვეულ შემთხვევებში დაუცველ მდგომარეობაში აყენებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, შესაბამისად, საზოგადოებას მოსამართლეთათვის სპეციალური დამცველი სანქციების, რეგულაციების, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების გატარების აუცილებლობის გამოსაკვეთად დისკუსიისა და მსჯელობის ფორმატს სთავაზობს. ამ შეთავაზებას, პრაქტიკულად ერთგვაროვანი პასუხით, მყისიერად გამოეხმაურნენ განცხადების ძირითადი ადრესატები. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, მაგალითად, ამბობს, რომ დამატებითი მექანიზმების შექმნას ან რომელიმე ჯგუფის უფლებების დაცვისთვის კანონმდებლობის გამკაცრებას სახალხო დამცველი მხარს არ დაუჭერს:
“მაშინ ცალკე მივიღოთ კანონი ჟურნალისტთა უფლებების დაცვის შესახებ, ცალკე მივიღოთ კანონი პოლიციელთა დაცვის შესახებ, სამხედრო მოსამსახურეთა დაცვის შესახებ და ყველა იმ ჯგუფის შესახებ, ვისთან დაკავშირებითაც, შესაძლოა, რაიმე კითხვის ნიშანი დაისვას ოდესმე. ეს არასერიოზულია, ჩემი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება. მით უმეტეს, არსებობს გარკვეული რეგულაციები. ყველა საჯარო მოხელე არის ვალდებული დაიცვას კანონი და გარკვეული თმენის ვალდებულებები გააჩნია ყველას. ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული“.
მოსამართლეებსა და მათ საქმიანობასთან მიმართებით გამოხატვისა და გაშუქების განსაკუთრებული სტატუსის დაწესების სურვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მედიისთვის ცენზურის დაწესების მცდელობად აფასებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ქარტიას იუსტიციის საბჭომ დამატებით მიმართა ასევე „გამოხატვის თავისუფლების ფარგლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე“ რეაგირებისთვის. როგორც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი, ამბობს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სათანადოდ არ ესმის თვითრეგულირების ორგანოს არსი. რაც შეეხება ზოგად შეფასებას, ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ ქარტიისთვის პრინციპულად მიუღებელია როგორც ინიციატივა, ისე განცხადებაში მითითებული მოსაზრებები:
“ჩვენ ვმუშაობთ ეთიკის სტანდარტების გაუმჯობესებაზე, მედიის ხარისხის გაუმჯობესებაზე და, მათ შორის, იმაზე, რომ არ არსებობდეს არც ცენზურა და არც თვითცენზურა. სამწუხაროა, რომ იმ განცხადებაში აბსოლუტურად გაუგებარი ფრაზაა - მაგალითად, ჟურნალისტისთვის ცენზურის ვალდებულება იყო ჩაწერილი. არადა, კონსტიტუციაში გვიწერია, რომ მედია არის ცენზურისგან თავისუფალი და სამოქალაქო საზოგადოება სწორედ იმაზე ვმუშაობთ, რომ ამგვარი რამ არ არსებობდეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პირიქით, მიაჩნია, რომ თურმე თვითცენზურა უნდა არსებობდეს ქვეყანაში. ამის აღმოჩენა და გაანალიზება ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო“.
27 აპრილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადების პასუხად ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში არსებობს გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი, რომლის დაცვა და შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელია მედიის თავისუფლებისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რაიმე ფორმით შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, არსებული სტანდარტის გაუარესება იქნება.
თავის მხრივ, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი, სოფო ვერძეული, ამბობს, რომ სასამართლოს რეპუტაციის დაცვა მხოლოდ სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფით იქნება შესაძლებელი და არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით:
“მე ვფიქრობ, ამ დისკუსიის ახლა წამოწყება და ამ ინიციატივების ახლა გაჟღერება უფრო მეტად უკავშირდება იმ ბოლო პერიოდის აქტიურ კრიტიკას, რომელიც ისმის სხვადასხვა ჯგუფების მიერ სასამართლო სისტემის მიმართ, რომელსაც აქვს ძალიან კონკრეტული და ნათელი საფუძვლები. და ის სისტემური პრობლემები, რომლებიც არის მართლმსაჯულებაში და სასამართლოში, რა თქმა უნდა, განაპირობებს ამ კრიტიკას. და თუ ვინმეს სურს, განსაკუთრებით სასამართლო სისტემას, რომ კრიტიკა ასე მწვავე არ იყოს, ამ ინიციატივების ნაცვლად, მე ვფიქრობ, რომ მათ უნდა გადადგან სისტემური ნაბიჯები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური იმედოვნებს, რომ თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა კანონში შესატანი ცვლილებების სახეს მიიღებს, მას პარლამენტის მხარდაჭერა არ მოჰყვება. მათ შორის კი, ვინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებას აკრიტიკებს, არიან პოლიტიკური პარტიებიც. მათ რიგებშია მმართველი „ქართული ოცნებაც“. დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, მაგალითად, ფიქრობს, რომ ქვეყანაში არ შეიძლება ისეთი პრივილეგირებული ადამიანების ჯგუფის გაჩენა, რომლის გაკიცხვაც, კანონის თანახმად, დანაშაული იქნება და უნდა დაისაჯოს.