კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის იწყებს კამპანიას „მინდა ვენდო სასამართლოს“. კამპანიის მიზანია იმ სისტემური პრობლემების წარმოჩენა, რომლის წინაშეც დღეს მართლმსაჯულება დგას. კოალიციის წარმომადგენლების თქმით, ბოლო წლებში სასამართლოში გატარებულმა რეფორმებმა ვერ გამოიღო შედეგი და დღემდე მართლმსაჯულება ხორციელდება მიკერძოებული მოსამართლეების მიერ, რომელთა კეთილსინდისიერება და კომპეტენცია ეჭვს იწვევს. მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის თითოეულ ეტაპზე რჩება განცდა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გავლენიანი ჯგუფის მიმართ კანდიდატების ლოიალობასა და სავარაუდო ნეპოტიზმს ეფუძნება. კოალიციის წევრები მოითხოვენ ხელისუფლებამ აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისებზე; სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან; პროკურატურა დაინტერესდეს და სრულფასოვნად გამოიძიოს მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო დანაშაულის შემთხვევა.
ჩვენი მიზანია სასამართლო სისტემაში ჩატარდეს სიღრმისეული რეფორმები, ამბობს ეკა გიგაური, კოალიციის წევრი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი:
კლანური მმართველობის აღმოფხვრისა და საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი სულხან სალაძე. ის მიუთითებს სასამართლო სისტემაში არსებულ ისეთ ხარვეზებზეც, როგორებიცაა გაჭიანურებული სასამართლო პროცესები:
სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესში ოთხი ძირითადი მიმართულების დახვეწის აუცილებლობაზე მიუთითებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სოფიო ვერძეული, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი. ეს მიმართულებებია: იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირება; სასამართლოების თავმჯდომარეთა დანიშვნის საკითხი; მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმი; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მომწესრიგებელი ნორმების გამართვა:
კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების საილუსტრაციოდ მოჰყავს რამდენიმე მაგალითი. მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 22 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა. კოალიციის წევრთა განცხადებით, მოსამართლეთა შორის არიან ის მოსამართლეებიც, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში არსებობდა მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება წარსულში მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო. კიდევ ერთი მაგალითი, რომლის შესახებაც ლაპარაკობენ კოალიციის წევრები, ეს არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი შავაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რომელსაც 22 თებერვალს უარი ეთქვა უვადოდ გამწესებაზე. ირაკლი შავაძის მტკიცებით, მას დაპირისპირება აქვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან.