მკალავი და მეწაღე - ისტორია „ციფრულ ფოტომატიანეში“

„გადახედეთ საოჯახო ფოტოალბომებს, მოიძიეთ თქვენს ოჯახებში დაცული ძველი ფოტოები და საფოსტო ბარათები. ჩვენ გავაკეთებთ მათ ციფრულ ვერსიას, ახალ სიცოცხლეს შევძენთ და უვნებლად დაგიბრუნებთ. ერთად შევქმნათ “ციფრული ფოტომატიანე“ - ასე მოუწოდებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ყველას, ვინც ძველი ფოტოების გადარჩენას, სხვებისთვის გაზიარებასა და, რაც მთავარია, ისტორიისთვის შემონახვას გადაწყვეტს. პროექტი „ციფრული ფოტომატიანე“ დაახლოებით ნახევარი წლის წინ დაიწყო და დღეისათვის 50 000 ფოტოა შეგროვილი.

მკა-ლა-ვი და მე-წა-ღე - ჩაწერთ საძიებო ველში და ციფრული ბიბლიოთეკა “ივერიელის” ვებსაიტი ბაადურ ქობლიანიძის კოლექციაში დაცულ შავ-თეთრ ფოტოს ამოგიგდებთ. ხის ფარდულის წინ ორი კაცი მოჩანს, ორივე თავის საქმეს აკეთებს. მეწაღე ზის და ფეხსაცმელს კერავს. მკალავი ფარდულის სიღრმეში დგას, მის წინ კი ერთმანეთზე შემოწყობილი ლითონის ჭურჭელი აწყვია - სათლები, სამოვრები... ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. ალბათ, მალე ვინმე კლიენტიც შემოივლის. ეს ფოტო ახლა „ციფრული ფოტომატიანის“ არქივშია ათასობით სხვა ფოტოს გვერდით, რომლებმაც ძველი ალბომებიდან და სკივრებიდან ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა.

მე ვფიქრობ, რომ ადამიანი იქამდეა ცოცხალი, სანამ მისი პორტრეტი და მასზე მოგონებები არსებობს. როცა ეს აღარ იქნება, მაშინ ის მართლა ქრება და მიდის ადამიანების ცნობიერებიდან...
ლევან თაქთაქიშვილი

როდესაც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ პროექტ „ციფრულ ფოტომატიანეზე“ მუშაობა დაიწყო, გაჩნდა კითხვაც - ხომ არ იქცეოდა „ციფრული ფოტომატიანე“ ერთგვარად ელიტურ ალბომად, რომელშიც მხოლოდ ცნობილი და წარმატებული ადამიანების ფოტოებს მოუყრიდნენ თავს. თუმცა ამ პროექტის იდეის უნიკალურობა, გიორგი კეკელიძის თქმით, სწორედ ისაა, რომ ის სახალხო პროექტად ჩაიფიქრეს, უზარმაზარ ციფრულ ალბომში კი ყველას შეუძლია თავისი გამორჩეული საარქივო ფოტო ჩადოს:

„მთავარი არსი სწორედ ესაა: აქ ჩანს ხალხი, არა მხოლოდ გამორჩეული და წარმატებული, ცნობილი ადამიანები, არამედ ჩვეულებრივი ხალხი და მათი ცხოვრება. სწორედ ამითაა, პირველ ყოვლისა, ეს პროექტი საინტერესო“.

ძველ ფოტოებზე ასახული საქართველოს ისტორია, მე-19 საუკუნიდან 2000-იან წლებამდე, სოციალური ქსელების ბუმამდე - „ციფრულმა ფოტომატიანემ“ სწორედ ეს პერიოდი უნდა გააცოცხლოს, შეინახოს და, რაც მთავარია, გვაჩვენოს:

„თუ როგორ ცხოვრობდა, მაგალითად, გლეხი ან მუშა თუ სხვადასხვა პროფესიის ადამიანი მე-20 საუკუნის დასაწყისში და მერეც, მთელი თავისი კულტურული თავისებურებებით, კონტექსტით, დაწყებული ჩაცმულობით, დამთავრებული თუნდაც პოზირების მანერით. ან როგორი იყო ზოგადად ადამიანების დამოკიდებულება ფოტოების მიმართ..."

„ციფრული ფოტომატიანის“ შემქმნელი გუნდი მთელ საქართველოში მოგზაურობს და ასე, დღითი დღე, იზრდება ეს უზარმაზარი ფოტოარქივი, რომელიც გვიყვება ქალაქებსა და სოფლებზე, მათ არქიტექტურაზე, სხვადასხვა პროფესიის ხალხსა და მათი ცხოვრების ცალკეულ დღეებზე, ემოციებსა და ჩაცმულობაზე. გიორგი კეკელიძე ამ ათასობით ფოტოდან რამდენიმე განსაკუთრებით შთამბეჭდავს გამოარჩევს:

გიორგი კეკელიძე

„მაგალითად, ღარიბი გურულის ფოტო - პორტრეტული ნამუშევარია, ძალიან საინტერესო ტიპაჟი; ასევე ფოტო შარაშიძეების ოჯახიდან, რომელშიც ძალიან ევროპული განწყობა იგრძნობა და კიდევ ერთი, რაც ძალიან დამამახსოვრდა, ეს არის მძიმე შინაარსის ფოტო, მაგრამ ეთნოგრაფიული თვალსაზრისით საინტერესო - გარდაცვლილ ბავშვთან ერთად როგორ პოზირებს რამდენიმე ადამიანი“.

აი, ეს ფოტო: ონის სათამაშოების მაღაზია. დაცულია ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ანდა ეს - ისევ რაჭა, ბაქრაძეების ოჯახი. წარწერა ფოტოზე: „ლხენა დაწყებულია. ქალები საპატიო ადგილზე. მამაკაცებმა ყანწებით ხელში, ახლობლების დღეგრძელება დაიწყეს“. პანტელეიმონ ბაქრაძის სურათი, გია ბერიძის კოლექციიდან: ისევ რაჭა - ონელი ებრაელები ისრაელში მიდიან. სევდიანი დღესასწაული ონში. და ასე, მრავალი სხვა ფოტო, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

შესაძლოა, ვინმეს ხმამაღალ ნათქვამად მოეჩვენოს, რომ ყოველდღიურად საქართველოში უამრავი ფოტო ნადგურდება, თუმცა ეს ასეა, - გვეუბნება ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი. - ძველი თაობის ადამიანების გარდაცვალების შემდეგ მათი ფოტოების უმრავლესობა სანაგვეში აღმოჩნდება ხოლმე. ხშირად ისეც ხდება, რომ ფოტოები გადარჩენილია, მაგრამ აღარავინაა, ვინც მის ისტორიას მომავალ თაობებს გადასცემს: ვინ იცქირება ამ ფოტოდან, სად მიდიან ეს ადამიანები, ვის დასჭიდებია ეს ფალავანი, ვის მოუგდია ზურგზე ღვინის კასრი...

„მე ვფიქრობ, რომ ადამიანი იქამდეა ცოცხალი, სანამ მისი პორტრეტი და მასზე მოგონებები არსებობს. როცა ეს აღარ იქნება, მაშინ ის ადამიანი მართლა ქრება და მიდის ადამიანების ცნობიერებიდან“, - ამბობს ლევან თაქთაქიშვილი.

"ციფრული ფოტომატიანის" ფეისბუკის გვერდი

უკვე 50 000 ფოტოა შეგროვილი და აქედან ნახევარი, ციფრული სახით, ინტერნეტშია განთავსებული. ნაწილიც ინტრანეტში ინახება და მათზე წვდომა მხოლოდ მათ ოჯახებს აქვთ. „ციფრული ფოტომატიანე“ ცალკეულ ალბომებსაც შეიცავს, კონკრეტული ადამიანების მიერ წლების განმავლობაში ნაგროვებ კოლექციებს. ასეთია, მაგალითად, დამანა მდივნიშვილის კოლექცია - ულამაზესი ქართველი ქალები. მსგავსი თემატური ალბომები დანარჩენ ფოტოებს არ შეერევა. ლევან თაქთაქიშვილი ასევე გვიხსნის, რომ საბჭოთა პერიოდის დროს სახელმწიფო გარდაცვლილი ადამიანების ფოტოებს არასოდეს ინახავდა, თუ, ცხადია, ის ცნობილი პიროვნება არ იყო. ადამიანები, უბრალოდ, ქრებოდნენ ისტორიიდან:

„მე მახსოვს, რომ ადამიანი როცა გარდაიცვლებოდა და მის საბუთებს არქივში აბარებდნენ, ფოტოებს ხევდნენ და პასპორტს ისე აბრუნებდნენ. ეს ფოტოები არსად აღარ ინახებოდა. დღეს უკვე არიან ადამიანები, რომელთა ფოტოებს ვეღარ პოულობენ, განსაკუთრებით ეს ეხება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს“.

არადა, ყველაფერი დაიწყო იმით, იხსენებს პროექტის ხელმძღვანელი რუსუდან ასათიანი, რომ ეროვნულმა ბიბლიოთეკამ თავად ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული მასალის გაციფრულება დაიწყო - ასკანერებდნენ გაზეთებს, ჟურნალებს, ფოტოებსაც... ცოტა ხანში ბიბლიოთეკის კედლებიდან გარეთ და, საერთოდ, თბილისიდან გასვლის იდეაც დაიბადა და მოგზაურობაც დაიწყო. რუსუდანი ამბობს, რომ, განსაკუთრებით სოფლებში, ბევრ არქივს ვეღარც მიუსწრეს. ზოგიერთ ოჯახს მტკიცედ სწამდა, რომ გარდაცვლილი ადამიანის ფოტოები აღარ უნდა შეენახათ, ზოგს საფლავშიც ატანდნენ:

„ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა თავიდანვე, მოჰქონდათ ფოტოები, მოგვითხრობდნენ თავიანთი წინაპრების ამბებს... სალონური სიტუაციაც კი შეიქმნა“.

უკვე ექვს რეგიონში ვიყავით და მალე იმერეთსა და სამეგრელოში წავალთ. თუმცა თუ შემოვა განაცხადება, რომ სადღაც საინტერესო ფოტომასალაა, იქვე დავბრუნდებით უკან. ჯერჯერობით მასალა შემოდის და პროექტიც გრძელდება...
თაკო როდონაია

ამ პროცესში კომპანია „ჯეოსელიც“ ჩაერთო და გეგმაც დაისახა. როგორც „ჯეოსელის“ მედია და საგარეო ურთიერთობების ექსპერტი თაკო როდონაია გვიამბობს, ფოტოების მოსაგროვებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა დღემდე გრძელდება:

„უკვე ექვს რეგიონში ვიყავით და მალე იმერეთსა და სამეგრელოში წავალთ. თუმცა თუ შემოვა განაცხადება, რომ სადღაც საინტერესო ფოტომასალაა, იქვე დავბრუნდებით უკან. ჯერჯერობით მასალა შემოდის და პროექტიც გრძელდება“.

ნელ-ნელა ფოტოების ასაკიც გაფართოვდა - მხოლოდ მე-19 საუკუნით დათარიღებული ფოტო ამბები აღარ იყო საკმარისი, უფრო კი იმიტომ, რომ ახლო წარსულში გადაღებულ სურათებშიც აღმოჩნდებოდა ხოლმე უნიკალური ისტორიები.

„ციფრული ფოტომატიანის“ გუნდის წევრები უჩა ჯიბღაშვილი და ვიოლა დელიბაშვილი ფოტოების შეგროვების პროცესს იხსენებენ:

„ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ბორჯომში, ავთანდილ გელაშვილის ოჯახში სტუმრობა, სადაც, ფაქტობრივად, ბორჯომის მთელი ფოტოისტორია დაგხვდა. თვითონ ფოტოგაფი იყო და ათასობით ფოტო ჰქონდა გადაღებული“.

„ხშირად თვითონვე აღმოჩენებს აკეთებენ ხოლმე. ძველი სკივრებიდან რამდენჯერ ამოულაგებიათ ეს დავიწყებული ფოტოები“.

"ციფრული ფოტომატიანის" ფეისბუკის გვერდი

ყველა ფოტოს თან ახლავს ბიბლიოგრაფიული აღწერილობა და ისიც, თუ ვისი საოჯახო არქივიდანაა ესა თუ ის ფოტო. არცთუ იშვიათად, ფოტოზე გამოსახული ადამიანების სახელი და გადაღების ზუსტი დრო არავინ იცის, თუმცა ისეც ხდება, რომ, რამდენიმე მკვლევარის დახმარებით, დგინდება ფოტოზე ასახული ეპოქა, ხანდახან კი მასზე აღბეჭდილი ადამიანების ვინაობაც.

ფოტოების შეგროვება და მათი ციფრულ ფორმატში გადაყვანა დღესაც გრძელდება. „ციფრული ფოტომატიანის“ შემქმნელები ფიქრობენ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ოჯახი, რომლის ძველ ალბომებში შენახული ფოტოების გამომზეურების შემდეგ ისტორიას არაერთი საინტერესო თავი დაემატება.