ირანელთა ოპტიმიზმი გაეროს გენერალური ასამბლეის წინ

ჰასან როჰანი

ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტი სამშაბათს პირველად გამოვა სიტყვით გაეროში. ჰასან როჰანის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლას იმედით ელოდება ბევრი ირანელი, რომელთა ცხოვრება კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა თეირანის მიმართ დაწესებული საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყნის ლიდერთა ოფიციალური შეხვედრა დაგეგმილი არ არის, არც ვაშინგტონი და არც თეირანი არ გამორიცხავს ბარაკ ობამასა და ჰასან როჰანის გაეროს კულისებში შეხვედრის შესაძლებლობას. ბევრი ირანელისათვის, რომლებიც ჩვენს რადიოსთან საუბარში ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებენ, პოზიტიური სიგნალი იქნებოდა, თუკი გაეროში შეხვედრის დროს ირანისა და აშშ-ის პრეზიდენტები ერთმანეთს ხელს ჩამოართმევდნენ.

„მე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი. ეს არის რეალურად პირველი შემთხვევა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც მე იმედიანად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ კარგი საქმეები მოხდება. დავიღალეთ სანქციებითა და იზოლაციით. ვიმედოვნებთ, რომ როჰანი შეძლებს ბირთვული პრობლემისა და აშშ-თან ურთიერთობის მოგვარებას. მისი ვიზიტი, ვფიქრობ, პირველი ნაბიჯია“, - ამბობს 43 წლის ირანელი ინჟინერი ქალი, რომელიც ჩვენს რადიოს ანონიმურობის საფუძველზე ესაუბრა.

აშშ და ირანი, რომელთა შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1979 წლის ირანის ისლამისტური რევოლუციის შემდეგ გაწყვეტილია, წლების განმავლობაში სასტიკ დაპირისპირებაში იმყოფებიან ერთმანეთთან ირანის ბირთვული პროგრამის გამო, რაც, ვაშინგტონის ინფორმაციით, ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება.

ამასთან, ბევრი ირანელი მიეჩვია, რომ ქვეყნის წინა პრეზიდენტის, რადიკალი მაჰმუდ აჰმადინეჯადის მიერ გაეროს ტრიბუნაზე გაკეთებული კონფრონტაციული შეფასებებისა თუ ჰოლოკოსტის უარყოფის გამო, გაეროს სხდომათა დარბაზს პროტესტის ნიშნად ტოვებდნენ დასავლეთის სახელმწიფოების დელაგაციები. ახლა კი, როგორც ირანის ნახევრად ოფიციალური ISNA-ს სააგენტო ვარაუდობს, ირანის პრეზიდენტს გაეროში არ დახვდება ცარიელი დარბაზი.

იმედი გვქონდა გადაწურული. ახლა კი იმედი დაბრუნდა და ეს კარგ განწყობაზე მაყენებს...
როჰანი გამოიყენებს თავის „ღიმილის დიპლომატიას“, რითაც ახალ ფურცელს გადაშლის ირანისა და საერთაშორისო საზოგადოების ურთიერთობაში, - წერს ISNA-ს სააგენტო.

„იმედი გვქონდა გადაწურული. ახლა კი იმედი დაბრუნდა და ეს კარგ განწყობაზე მაყენებს“, - უთხრა იშაფადელმა სტუდენტმა რადიო თავისუფლებას.

სხვები უფრო ფრთხილად საუბრობენ.

ყოფილი პრეზიდენტის, მოჰამედ ხატამის დროსაც ელოდნენ წინსვლას საერთაშორისო ურთიერთობებში, მაგრამ მან ბევრს ვერაფერს მიაღწიაო, - ამბობს ინკოგნიტო ირანელი სტუდენტი, რომელიც მაინც იმედოვნებს, რომ როჰანის დროს ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

ეს ცვლილება უკვე ეტყობა ირანის საინფორმაციო საშუალებების მუშაობას. წლების განმავლობაში ირანში აკრძალული იყო თუ არა „დიდ სატანად“, აშშ-ის სხვაგვარად მოხსენიება.

გაეროს გენერალური ასამბლეის წინა დღით ირანში გამოსული გაზეთების პირველ გვერდზე დაბეჭდილი იყო როჰანისა და ობამას სურათები და სტატიები, რომლებშიც ორი ლიდერის შეხვედრის შესაძლებლობაზეა საუბარი.

23 სექტემბერს გამოსულმა ზომიერმა გაზეთმა „ეტემადმა“ 50 ანალიტიკოსს, პოლიტიკოსსა და ინტელექტუალს ჰკითხა აზრი იმაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი აშშ-ისა და ირანის ლიდერების შეხვედრა. სტატიას კი ამ გამოკითხვაზე ასეთი სათაური აქვს: „როჰანი-ობამა: ერთი შეხვედრა, 50 შეხედულება“.

ოპტიმისტური განწყობა აისახა რიალზეც, ირანის ეროვნულ ვალუტაზე. ივლისიდან მოყოლებული, - მას შემდეგ, რაც ზომიერმა ჰასან როჰანიმ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, - ირანის სავალუტო ბაზარზე სულ უფრო მყარდება ეროვნული ვალუტის კურსი. 23 სექტემბერს კი, პირველად, საერთაშორისო ბაზარზე ერთ დოლარში 30 ათას რიალზე ნაკლებს იძლეოდნენ. „თუკი მხოლოდ ობამა-როჰანის შეხვედრის მოლოდინი მოქმედებს დადებითად ირანული ვალუტის კურსზე, მაშინ სწრაფ ეკონომიკურ ცვლილებას უნდა ველოდეთ, თუკი ომაბა და როჰანი ერთმანეთს არა მხოლოდ გაუღიმებენ, არამედ ხელსაც ჩამოართმევენო“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა ირანელმა ჟურნალისტმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.