ირანი არჩევნების მოლოდინში

ირანის საარჩევნო უბნებზე გახურებული სამზადისია

ღიად გაცხადებული რეფორმატორები ირანის 14 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში არ მონაწილეობენ. მაგრამ რეგისტრირებულ კანდიდატთა შორის რეფორმების მომხრე ამომრჩევლების ფავორიტი შეიძლება ჰასან როჰანი აღმოჩნდეს.
ირანის არჩევნების დაწყებამდე საათებიღა რჩება. პრეზიდენტობის რეგისტრირებულ კანდიდატთა შორის არავინ არის ისეთი, ვისგანაც მოსახლეობა რადიკალურ რეფორმებს შეიძლება ელოდეს, მაგრამ, სხვებთან შედარებით, ყველაზე დიდ რეფორმატორად 64 წლის სასულიერო პირი, ჰასან როჰანი ითვლება. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ხანს როჰანი სულ უფრო ხშირად საუბრობს ისეთ საკითხებზე, რომლებიც აშკარად რეფორმატორი ამომრჩევლების ხმების მოსაზიდად არის მიმართული. გასულ კვირაში, ქვეყნის ჩრდილოეთში, მაზანდარანის პროვინციის დედაქალაქ სარიში მან მხარდამჭერებს განუცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ირანში შეწყვეტდა პოლიტიკურ დევნას.

როჰანიმ კრიტიკულად შეაფასა ამჟამინდელი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის მოღვაწეობა და თქვა, რომ „ბოლო უნდა მოეღოს გასული რვა წლის განმავლობაში გაღვივებულ რადიკალიზმსა და ზეწოლას.“ მანამდე თეირანში, მხარდამჭერთა წინაშე გამოსვლისას, როჰანიმ მათ პირობა მისცა, თუ ამირჩევენ, ყველა პოლიტიკურ პატიმარს გავათავისუფლებო.

ჰასან როჰანის მხარდამჭერები თეირანში


ექსპერტთა აზრით, ამ და სხვა მსგავსი განცხადებებით როჰანი მიზნად ისახავს, გამოაცოცხლოს რეფორმების მომხრე ელექტორატი, რომელმაც 2009 წელს, აჰმადინეჟადის მეორედ არჩევის შედეგად, პოლიტიკისადმი, პრაქტიკულად ყოველგვარი ინტერესი დაკარგა. ბევრ ირანელი დარწმუნებულია, რომ 2009 წელს აჰმადინეჟადმა არჩევნები გააყალბა. გაყალბების გასაპროტესტებლად დაწყებული მასობრივი მოძრაობა მთავრობამ ძალის გამოყენებით ჩაახშო და დაუსაბუთებლად დააკავა ათასობით დემონსტრანტი.

ირანელი მერჰდად ემადი ლონდონში დაფუძნებული კომპანიის, „დატა მატრიქს სისტემსის“ ეკონომიკის სპეციალისტია. მისი აზრით, როჰანიმ შეძლო ზოგიერთი გულგატეხილი ახალგაზრდა ამომრჩეველის ყურადღება მიეპყრო: „ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რეფორმატორების რეალური ან იდეალური კანდიდატი არ არსებობს. მხოლოდ ბატონ როჰანის შეუძლია იყოს რეფორმების მხარდამჭერთა სასურველი კანდიდატი. ვხედავთ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც თუნდაც ორი კვირის წინ ჩამოშორებულები იყვნენ პოლიტიკას, ახლა უფრო აქტიურობენ.“

როჰანის დაპირება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების თაობაზე საარჩევნო კამპანიაში სიურპრიზი იყო. როჰანი და რეფორმატორ ამომრჩეველთა კიდევ ერთი ფავორიტი, მუჰამედ რეზა არეფი (რომელმაც კენჭისყრამდე ორიოდე დღით ადრე მოხსნა თავისი კანდიდატურა) არ გამოჩენილან 2009 წლის არჩევნების შემდგომ არეულობებში. თუმცა, მაშინ ორივემ აღიარა, რომ ხმის მიცემა დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.

როჰანი ალი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანის ახლო მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ირანის „რევოლუციის გუშაგთა საბჭომ“ საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და რაფსანჯანის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა, როჰანი უფრო მიმზიდველი კანდიდატი გახდა ზომიერი და რეფორმატორი ამომრჩევლისათვის. ოპოზიციური მოძრაობის ჩახშობის გამო რაფსანჯანი ღიად უპირისპირდებოდა პრეზიდენტ აჰმადინეჟადსა და ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის; და სწორედ ამიტომ მიიჩნეოდა რეფორმატორ ამომრჩეველთა სასურველ კანდიდატად

გასულ კვირაში ირანის ტელევიზიით გავრცელდა როჰანის მხარდასაჭერი კლიპი, რომელიც ქებას არც რაფსანჯანისათვის იშურებდა.

როჰანი, რომელმაც განათლება გლაზგოში მიიღო, პოლიტიკაში უცხო ნამდვილად არ არის. რეფორმატორი პოლიტიკოსის, მუჰამედ ხათამის პრეზიდენტობის დროს ის ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებში ირანის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. გასულ სამ არჩევნებში მან მტკიცე პოზიცია დაიკავა თავისი კონსერვატორი მოწინააღმდეგეების პირისპირ.

როჰანის თქმით, მას სურს უკეთესი ურთიერთობა დაამყაროს დასავლეთთან, მაგრამ, ამავე დროს, არ აპირებს ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში თავისი ქვეყნის პოზიციის შესუსტებას. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღებაში მან საიდ ჯალილი დაადანაშაულა, კონსერვატორთა საპრეზიდენტო კანდიდატი და ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებში ირანის დელეგაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი.

ამ ათიოდე დღის წინათ გამართულ დებატებში როჰანიმ განაცხადა, კარგია, თუ ბირთვული ცენტრიფუგები იმუშავებს, მაგრამ ამასთან ერთად ხალხმაც ნორმალურად უნდა იცხოვროსო.

მეორე მხრივ, ჯალილიმ გააკრიტიკა წინა მთავრობების მეტისმეტად „რბილი“ სტრატეგია და განაცხადა, რომ ამან ისლამური რესპუბლიკა დასავლეთს დაუქვემდებარა.

შეძლებს თუ არა როჰანი არჩევნების მოსაგებად მხარდამჭერთა საკმარისი რაოდენობის მიმხრობას? კენჭისყრის წინა დღეს ამ კითხვაზე პასუხი ბევრს აინტერესებს.

თუ 14 ივნისს გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ერთი კვირის შემდეგ გაიმართება არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას უკვე მხოლოდ ორი საუკეთესო კანდიდატი მიიღებს. სულ კი კენჭისყრაში ექვსი კანდიდატი მონაწილეობს.

მოამზადა ლუკა კალანდარიშვილმა