ფრენკ ვესი და ირაკლი ჩარკვიანის ახალი სიმღერა

ირაკლი ჩარკვიანი

დღევანდელ სიუჟეტს სევდიანი ამბით დავიწყებ: ამას წინათ ჩინებული საქსოფონისტი და ფლეიტისტი ფრენკ ვესი აღესრულა, 91 წლის ასაკში. თუ მისი გვარ-სახელი არაფერს გეუბნებათ, მოკლედ ვიტყვი: ისტორიული მნიშვნელობის ფიგურა გახლდათ, რადგან ჯაზური ბენდის კოლექტიურ ჟღერადობაში ახალი ინსტრუმენტის - ფლეიტის - დამკვიდრება მიეწერება.



ფრენკ ვესი 1922 წლის 4 იანვარს კანზას-სიტიში დაიბადა. ალტ-საქსოფონზე დაკვრას ბავშვობაშივე დაეუფლა და პროფესიონალ მუსიკოსად მალევე ჩამოყალიბდა. 16 წლის იყო, როცა ლეგენდად ქცეული მომღერლისა და მოცეკვავის ჯოზეფინა ბეიკერის ბენდში აიყვანეს, თუმცა სახელი ქაუნთ ბეისისთან თანამშრომლობისას გაითქვა. პიანისტთან 10 წელი დაყო და სწორედ ამ პერიოდში წარმოაჩინა ფლეიტის ჯაზური შესაძლებლობები: ტკბილხმოვანი, ჰაეროვანი ბგერებით მოჰყვა იმპროვიზირებას. მომდევნო წლებში კი ისეთ მუსიკოსებს უწევდა პარტნიორობას, როგორებიც იყვნენ: ბილი ეკსტაინი, კლარკ ტერი, ბენი კარტერი, მაილს დევისი, დიზი გილესპი და ჩარლი პარკერი.

ფრენკ ვესმა ჯაზურ სცენაზე 70 წელი გაატარა. ამ ხნის მანძილზე, როგორც საიდმენმა, 70-მდე სტუდიურ თუ საკონცერტო პროექტში მიიღო მონაწილეობა, ხოლო, როგორც ლიდერმა, 15 სოლო ალბომი გამოსცა. მათ შორის უკანასკნელი, “Magic 101”, 2011 წელს ჩაწერა პიანისტ კენი ბერონთან, კონტრაბასისტ კენი დევისსა და დრამერ ვინარდ ჰარპერთან ერთად. ტენორ-საქსოფონზე სვინგისა და ბოპის ეპოქის სულ 7 სტანდარტი შეასრულა. როცა უსმენ, შთაბეჭდილება გექმნება, რომ პროდიუსერებმა მის ჭაღარას სცეს პატივი, მოხუცის ფიზიკური შესაძლებლობები გაითვალისწინეს და მასალა დაბალ ტემპში, მშვიდი, ბალადური თხრობის მანერით შეგნებულად ჩააწერინეს. არადა, ჯაზური ბალადა ერთ-ერთი ყველაზე „სახიფათო“ მუსიკალური ფორმაა, სადაც ყველაზე მკაფიოდ იკითხება არტისტის საშემსრულებლო შესაძლებლობები და აზროვნების მანერა. ჰოდა, 89 წლის ფრენკ ვესმა საოცრად სისხლსავსე, ნატიფი ბგერებით, მოზომილი, კარგად ნაფიქრი ფრაზებით იმეტყველა და, სამწუხაროდ, უკანასკნელად დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი გახლდათ ჯაზის ისტორიაში.



სიუჟეტის ბოლოს ქართულ მუსიკალურ სინამდვილეს დავუბრუნდები, სადაც რამე ღირებული თუ მნიშვნელოვანი სიახლის მოსმენა ტრადიციად ქცეული იშვიათობაა. „უმეფოდ“ დარჩენილ სცენაზე მასვე თუ მოუხმობ, სულის სალხენად და „ტახტის მოცილეთა“ გულების გასახეთქად. თანაც, გუშინ, 19 ნოემბერს, 52 წელი შეუსრულდებოდა. ირაკლი ჩარკვიანის შესახებ ბოლოს 2011 წელს ვისაუბრე, როცა ალბომი „თეთრი ღმერთი“ გამოიცა და არტისტის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა. დისკი იმ კომპოზიციებისგან შედგებოდა, რომელთა ჩაწერაც სიცოცხლეში ვერ მოასწრო, დაწყებული საქმე კი ქეთათომ და ირაკლის მეგობარმა, გიორგი ასანიშვილმა, დაასრულეს. ჰოდა, ამ უკანასკნელმა „მეფის“ საარქივო აუდიომასალაზე კიდევ ერთხელ წაიმუშავა და ირაკლის მიერ წაკითხული ლექსი მუსიკალურად გააფორმა. სიმღერის „ცხელი მარში“ პრემიერა გუშინ რადიო „უცნობის“ ეთერში შედგა, დღეს კი მას ჩვენც მოვისმენთ.