ჩეხეთი: 45 წელი ოკუპაციიდან პარლამენტის თვითდაშლამდე

45 წელიწადი აშორებს ერთმანეთს დღევანდელი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტისა და სოციალისტური ჩეხოსლოვაკიის სახალხო კრების ამ ორ გადაწყვეტილებას. 2013 წლის 20 აგვისტოს საღამოს ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატამ, პარლამენტის ქვედა პალატამ, კენჭი უყარა და მიაღწია საკუთარ დაშლას, რითაც ჩეხეთში პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდა და რის შედეგადაც ხელისუფლებაში მემარცხენე ძალების გამაგრებასა და სამომავლოდ კომუნისტების კიდევ უფრო გაძლიერებას მოელიან. 1968 წლის გადაწყვეტილებას კი საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე დროებით დარჩენის შესახებ მხოლოდ ოთხი დეპუტატი არ მიემხრო 228-ის წინააღმდეგ და ათმა თავი შეიკავა, რითაც საბოლოოდ დაესვა წერტილი ამ ქვეყნის ისტორიაში „პრაღის გაზაფხულად“ წოდებულ ეტაპს, როცა კომუნისტურმა ხელისუფლებამ, „ადამიანური სახის სოციალიზმის“ შექმნის მიზნით, ექსპერიმენტი წამოიწყო.

ამ ორი პარლამენტის ორი გადაწყვეტილების ერთმანეთთან შედარება გაბედული საქმეა, მაგრამ ეს არ გაუჭირდა ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს - სხვათა შორის, ამ თანამდებობაზე პირველ ქალს - მიროსლავა ნემცოვას, ჩეხეთის მემარჯვენე ცენტრისტული „სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის“ წევრს, რომელიც 1968 წლის ამბების 45 წლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე „ჩეხეთის რადიოს“ წინ სიტყვით გამოვიდა და თქვა, ახლანდელი და მაშინდელი გადაწყვეტილებები მსგავს რისკს შეიცავს - თუ პროგნოზებს მივენდობით, მომავალ პარლამენტში ხმების საკონსტიტუციო უმრავლესობა კომუნისტებსა და სოციალ-დემოკრატებს ექნებათ, 1968 წლის მსგავსად, და ისღა გვაკლია, ვინმემ „ნორმალიზების“ პროგრამა შემოგვთავაზოსო. ნემცოვა წინასწარმეტყველებს, ახალ პარლამენტში, ალბათ, ის ათი თავის შემკავებელი და ოთხი მოწინააღმდეგეც აღარ იქნებაო. მან ეს განაცხადა რადიოს შენობის წინ, რომლის დაცვისას თავის დროზე არაერთი ადამიანი დაეცა. „ნორმალიზება“, რასაც ჩეხი პარლამენტარი ახსენებს, ტერმინია, რომელიც ასახავს 1968 წელს „პრაღის გაზაფხულის“ ჩახშობის შემდგომ ეტაპს, როცა ექსპერიმენტი შეწყდა. საბჭოთა ჯარი აქედან 1991 წელს გავიდა, ანუ პარლამენტის მაშინდელი გადაწყვეტილებიდან 32 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ჩეხეთის მიწაზე რუსი - და არამხოლოდ რუსი - ჯარისკაცი. ნემცოვა სოციალ-დემოკრატებითაა გაღიზიანებული და შეიძლება ესეც ალაპარაკებდეს მას ასე მძაფრად. თუმცა მისი პარტიის სახელის გატეხა და საერთო კრიზისის დაწყება ამ ქვეყანაში მოჰყვა „სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრის, პეტრ ნეჩასის გამო სკანდალს, როცა პრემიერმა გადადგომა გადაწყვიტა მისი ახლო თანამშრომლის - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის - კორუფციასა და ჯაშუშობაში დადანაშაულების გამო. პეტრ ნეჩასი სამი წელიწადი იყო ამ თანამდებობაზე. მან თქვა, რომ ის სავსებით აცნობიერებს პასუხისმგებლობას და გადადგა პარტიის თავმჯდომარის პოსტიდანაც. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იანა ნადიოვა, მასთან ერთად სხვა პირებიც, ეჭვმიტანილი არიან თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და მექრთამეობაში. იანა ნადიოვას პროკურატურა ბრალს სდებს მექრთამეობაში, იმაში, რომ ნეჩასის პარტიის - „სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის“ - ყოფილ კანონმდებლებს ის სთავაზობდა კარგ თანამდებობებს სახელმწიფო კომპანიებში და, სამაგიეროდ, მათგან ითხოვდა დაეთმოთ პარლამენტის მანდატი. ამასთან, ნადიოვას აბრალებენ სამხედრო დაზვერვის სამსახურის ბოროტად გამოყენებასაც, სულ მცირე, სამი პირის სათვალთვალოდ. ასე დაიწყო კრიზისი ჩეხეთში, ახლა კი მას დაერთო კომუნისტებისა და სოციალ-დემოკრატების აგრერიგად გაძლიერების რეალური საფრთხე. პაველ პეხაჩეკი, ჩვენი ვეტერანი კოლეგა, ჩეხეთში ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც 1968 წელს - ასევე შემდგომ პერიოდში - „ჩეხეთის რადიოში“, ასევე რადიო თავისუფლების ჩეხურ სამსახურში მუშაობდა, ამბობს:

„ამ ყველაფერს თავისი ფესვები აქვს ჩეხი ერის, ჩეხების ისტორიაში. მაშინ მე რადიოში ვმუშაობდი უკვე და ყველაფერი მახსოვს. რა თქმა უნდა, საბჭოთა ჯარის აქ შემოსვლა არ იყო კარგი ამბავი, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს იყო შესანიშნავი დრო, „პრაღის გაზაფხული“ - საკმაოდ მოკლე ეპიზოდი ჩეხეთის ისტორიაში. ჩეხები შეიძლება ბოლო 20-25 წლის განმავლობაში იყვნენ კიდეც ლიბერალ-დემოკრატები, მაგრამ ვშიშობ, რომ ახლა აღარ არიან. ჩეხები არ არიან, საზოგადოდ, ისტორიულად, ლიბერალ-დემოკრატები“.

რუსეთი - საბჭოეთი - ძალზე შეშინებული იყო, რომ ეს სენი, ეს დაავადება, „პრაღის გაზაფხული“, პოლონეთზე, უნგრეთსა და საბჭოთა ბლოკის სხვა ქვეყნებზე არ გავრცელებულიყო. ამიტომაც ჰქონდათ მიზეზი, შემოსულიყვნენ...
პაველ პეხაჩეკი
პეხაჩეკმა ჩვენთან საუბარში ომის შემდგომი პერიოდიც გაიხსენა, როცა, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, ჩეხოსლოვაკიის მოსახლეობამ მხარი კომუნისტებს დაუჭირა და არჩევნები მოაგებინა. ჩეხი ჟურნალისტის თქმით, ტოტალიტარულ ნაციზმს მოჰყვა ასევე ტოტალიტარული სოციალიზმი, რომლის თავიდან მოშორება იოლი არ გამოდგა. გავიდა დრო და 60-იან წლებში გამოჩნდა ახალი ძალა, რომელმაც გადაწყვიტა სოციალიზმისთვის ადამიანური სახე მიეცა, მაგრამ ეს ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. 45 წლის წინ, 21 აგვისტოს, ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირის, უნგრეთის, ბულგარეთისა და პოლონეთის ექვსი ათასი ტანკი შეიჭრა, მათ ნახევარი მილიონი ჯარისკაცი მოჰყვა და ქვეყნის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტები დაიკავა, დაიწყო ოპერაცია „დუნაი“. დემოკრატიული გერმანიის ჯარისკაცები ჩეხოსლოვაკიაში არ შესულან, ისინი საგანგებო ბრძანებით საზღვართან შეაჩერეს. აგვისტოს იმ დღეებში 108 მოქალაქე დაიღუპა, მაგრამ წინააღმდეგობა არ ყოფილა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მილოშ ზემანმა, რომელიც მთავარი გამარჯვებულია ახლანდელ კრიზისში, განაცხადა: არ შეიძლება ადამიანების დადანაშაულება იმაში, რომ 1968 წელს ოკუპაციას დამორჩილდნენ და გმირები მხდალებად იქცნენო.

პაველ პეხაჩეკს ვკითხეთ, რა ეტაპზეა ამჟამად ქვეყანა, რომელმაც 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ნატოს წევრობას, ევროკავშირის წევრობას მიაღწია და დემოკრატიული ქვეყნების რიგებში ჩადგა. პეხაჩეკი გვეუბნება, ჩეხეთის ისტორიას არასწორად უყურებთო - ჩეხები ახლა ისევე იქცევიან, როგორც იქცეოდნენ ყოველთვის ასეთ დროსო. გმირობა არ ჩაუდენიათ 1620 წელს, როცა თეთრ მთასთან იბრძოდნენ და ომი წააგეს კათოლიკურ ლიგასთანო... დღესაც ისე ხდება, როგორც „პრაღის გაზაფხულის“ წინ და 1989 წლის ნოემბერშიო. მაშინ ერი რაღაც სიახლის მოლოდინში იყო, დიდი ენთუზიაზმით თანამშრომლობდნენ, თავისუფლებას ელოდნენო... - აანალიზებს ჩვენთან საუბარში ჩეხეთის ისტორიას პაველ პეხაჩეკი, რომელიც 1968 წელზე შემდეგს ამბობს:

„რუსეთი - საბჭოეთი - ძალზე შეშინებული იყო, რომ ეს სენი, ეს დაავადება, „პრაღის გაზაფხული“, პოლონეთზე, უნგრეთსა და საბჭოთა ბლოკის სხვა ქვეყნებზე არ გავრცელებულიყო. ამიტომაც ჰქონდათ მიზეზი, შემოსულიყვნენ. ეს ინტერვენცია იყო. მათ შეაჩერეს ჩეხეთის ისტორიის ძალიან ხანმოკლე ეპიზოდი, ასე ვთქვათ, იმედის ერთი წელიწადი“.

მას ჩეხები განსაკუთრებით არ უყვარს. მიაჩნია, რომ ეს არის ხალხი, რომელიც ყველაფერზე თანახმა იქნება, თუკი ლუდსა და სოსისს მისცემ...
პაველ პეხაჩეკი
უნდა ითქვას, რომ ძნელია ჩეხოსლოვაკიაში ანტიკომუნიზმზე ილაპარაკო. ეს ქვეყანა კომუნისტების რაოდენობით პირველ ადგილზე იყო. მას, უბრალოდ, განახლება უნდოდა. ხალხი კომუნისტებს უჭერდა მხარს. საქმე მხოლოდ ეკონომიკურ გარდაქმნას ეხებოდა, ადამიანის უფლებებზე მაშინ არავინ ლაპარაკობდა.

პეხაჩეკი ამბობს, რომ ახლა, ადრეული შუა საკუნეების ერთი პერიოდის მსგავსად, ჩეხეთის საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს დაუპირისპირდა და მიდის ბრძოლა, როგორც ეს პარლამენტში მოხდა, როცა, პირველად ჩეხეთის ისტორიაში, მან საკუთარი თავი დაშალა. პეხაჩეკი ხალხის მიმართ პრეზიდენტ მილოშ ზემანის დამოკიდებულებაზეც ლაპარაკობს:

„მას ჩეხები განსაკუთრებით არ უყვარს. მიაჩნია, რომ ეს არის ხალხი, რომელიც ყველაფერზე თანახმა იქნება, თუკი ლუდსა და სოსისს მისცემ“.

ამით მხოლოდ იმის თქმა მინდაო, გვიხსნის პეხაჩეკი, რომ ხალხის გულის მოგება ადვილია, თუკი მატერიალურად უზრუნველყოფ. და ასე იყო ყოველთვისო. როცა ჩვენ, რადიო თავისუფლებას, გვისმენდნენ, ამბობს ის, ამავე დროს, დიდი მასა სხვა, სახელმწიფო მედიასაც უსმენდა და მის გავლენას განიცდიდა. ასევე გრძელდება დღესაც: როცა საზოგადოება იმედგაცრუებულია ერთი პარტიით თუ ბლოკით, სახელგატეხილი მემარჯვენე ცენტრისტული კოალიციის გამო, და როცა მემარცხენეები, კომუნისტები, მათ კვლავ კეთილდღეობას ჰპირდებიან, შანსი ამ უკანასკნელებისა, კვლავ მმართველ ძალად იქცნენ, დიდია:

„ვფიქრობ, რომ კომუნისტებს და სოციალ-დემოკრატებს, ერთად, ექნებათ სულ უფრო მეტი პროცენტი შემდგომ არჩევნებზე და ეს არ არის კარგი პერსპექტივა. პარტიები უნდა შეეცადონ ერთად იმოქმედონ, რათა მართლა ხალხისთვის აკეთონ რამე და არა მხოლოდ პოლიტიკოსების ძალაუფლებისთვის“.

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ ჩეხეთს, 1968 წლის ამბების გამო, ბოდიშივით მოუხადა ყოფილმა საბჭოთა ლიდერმა, მიხაილ გორბაჩოვმა. ახლანდელი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის რუსეთი მორალურ პასუხისგებლობას კისრულობს, მაგრამ იურიდიულს არა, რაც სხვათა შორის, ჩეხეთის ამასწინანდელმა პრეზიდენტმა, ვაცლავ კლაუსმა, დაუდასტურა კიდეც კრემლს.