პოლონეთში თავშესაფრისთვის ჩასულ ჩეჩენთა ხვედრი

შარშანდელთან შედარებით, წელს გერმანიასა და პოლონეთში თავშესაფრის მოპოვების მსურველ ჩეჩენთა რიცხვი გაორმაგდა. არც ერთი ქვეყანა არ არის მზად მათი მიღებისთვის, თვითონ ევროპაში გადმოხვეწილი ჩეჩნები კი იმედგაცრუებულნი არიან, როგორ ხვდებიან მათ უცხოეთში. თავშესაფრის მაძიებელთა საცხოვრებელი პოლონეთში, ბიალისტოკში, ბელორუსიის საზღვრიდან 50 კილომეტრშია. მას რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გლენ კეიტსი ეწვია. გარეთ ჩეჩენი კაცი ზის, მარტო, მდუმარედ. თვალები გაშტერებია. როგორც ჩვენს კორესპონდენტს უამბო, ჩეჩნეთიდან გამოიქცა, მაგრამ ხედავს, რომ კარგი აქაც არაფერი ელის. სამი დღეა აქ ვარ და ვნახე, როგორ ცხოვრობს ხალხიო, ამბობს.

მის ნათქვამს ადასტურებენ სხვებიც, რომლებიც გარს შემოერტყნენ ჩვენს კორესპონდენტს და თავიანთი გამოცდილება, პრობლემები გაუზიარეს. ერთნი პოლონელი სკინჰედების მუქარაზე ლაპარაკობენ, მეორენი იმაზე, რომ არავითარი სოციალური მხარდაჭერა არა აქვთ, ბევრმა გერმანიაში სცადა თავშესაფრის პოვნა, მაგრამ უკან გამოაბრუნეს. იანვრის აქეთ პოლონეთსა და გერმანიას რუსეთის ოცი ათასმა მოქალაქემ მიმართა თავშესაფრის თხოვნით. მათ შორის თითქმის ყველა ჩეჩენია. 2012 წლის შემდეგ ეს რიცხვი ორჯერაა გაზრდილი. ამას ზოგიერთი იმ გავრცელებული ხმებით ხსნის, რომ გერმანია ლტოლვილებს ხელგაშლილი ეგებება. დრო გადის, ადამიანები ტოვებენ სამშობლოს, მოგზაურობენ პოლონეთსა თუ გერმანიაში და ხედავენ, რომ მათი მიღება არავის უნდა, ხშირად უკან დასაბრუნებელი გზაც აღარ რჩებათ. ვარშავაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „უცხოელთა დახმარების ცენტრი“ ცდილობს მათ მხარდაჭერას, მაგრამ მისი თანამშრომელი, კოორდინატორი პიოტრ ბისტრიანინი ამბობს, „ჩვენ მხოლოდ დროსა და ფულს ვკარგავთ, ისინი კი - თავიანთ სიცოცხლესო“. ევროკავშირის მიერ დუბლინში გაფორმებული შეთანხმებით, ლტოლვილების მიღება-არმიღების პასუხისმგებლობა იურიდიულად ევროკავშირის პირველ ქვეყანას ეკისრება, სადაც შესაბამისი პირი სხვა სახელმწიფოდან შევიდა. ჩეჩნები, ჩვეულებრივ, რუსეთიდან ჯერ ბელორუსიაში ჩადიან, იქიდან კი პოლონეთში. პოლონეთს ნაკისრი აქვს ვალდებულება, მიიღოს, დაეხმაროს და კოორდინაცია გაუწიოს ლტოლვილებს. ეს ვალდებულება მან ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, 2004 წლიდან გააფორმა. 2008 და 2009 წლებში, პოლონეთმა სამი ათასამდე ჩეჩენი ეროვნების ლტოლვილი მიიღო და მათ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა. მაგრამ 2010 წლიდან ეს რიცხვი მკვეთრად შემცირდა. მას მერე მხოლოდ 600-მა ჩეჩენმა მიიღო იქ დარჩენის უფლება. სოციალური დახმარების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი პიოტრ ჯიეციოლი პრობლემებზე ლაპარაკობს. მან იცის, რომ ლტოლვილების საცხოვრებლით უზრუნველყოფაც კი გაჭირდა.

„ჩვენ რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ. ბევრი ხალხი მოგვაწყდა და ამიტომ ვცდილობთ გავზარდოთ, საერთოდ, ყველასი და ამ ობიექტის მოცულობაცო“, ეუბნება ჩვენს კორესპონდენტს.

მხოლოდ სიტყვებია, მხოლოდ სიტყვები. სინამდვილეში კი, აქ ქაოსია. არც ერთი ორგანიზაცია არ დაგეხმარება...
შარპუდი ილიასოვი
შარპუდი ილიასოვი ხუთი წელიწადია პოლონეთშია. ის ჩეჩენთა დიასპორის წარმომადგენელია პოლონეთში. მისი გამოცდილებით, სოციალური კეთილდღეობის პროგრამები მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, ისინი რეალურად არ ხორციელდება.

„მხოლოდ სიტყვებია, მხოლოდ სიტყვები. სინამდვილეში კი, აქ ქაოსია. არც ერთი ორგანიზაცია არ დაგეხმარება. ყველაფრისთვის თვითონ უნდა იზრუნოო“, უთხრა ილიასოვმა ჩვენს კორესპონდენტს ვარშავაში, მთავარ სარკინიგზო სადგურზე შეხვედრისას.

მისი თქმით, თანხა, რომელსაც ის იღებს, ქალაქში საცხოვრებლად საკმარისი არ არის. ამიტომ ქალაქგარეთ ბინადრობს და ხშირად უსახლკარო ჩეჩნებს შეიკედლებს ხოლმე. ილიასოვის თქმით, პოლონეთიდან ჩეჩნებს დასავლეთისკენ ეს ცუდი პირობები უბიძგებს, რადგან „იქ გთავაზობენ სამუშაოს, გთავაზობენ სწავლას, პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას. აქ არაფერი მსგავსი არ ხდებაო“, უზიარებს გრენ კეიტსს თავის გამოცდილებას ჩეჩენ ლტოლვილთა დიასპორის წარმომადგენელი.

გერმანიაში ლტოლვილის სტატუსის მიღების მსურველი 470 ევროს ოდენობის დახმარებას იღებს. ამას ემატება ბინის ქირა, რაც, მთლიანობაში, იმაზე ორჯერ მეტია, რასაც პოლონეთში იღებენ დევნილები. ბოლო ხანებში გერმანიაში რუსეთიდან ჩასულ ლტოლვილთა რიცხვს სირიელი დევნილების რიცხვმა გადააჭარბა. აშშ-ში, ბოსტონში, მარათონის ფინიშზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, რაშიც ჩეჩენი ეროვნების პირები არიან ეჭვმიტანილი, ჩეჩნეთში გავრცელდა ხმა, რომ ევროპის კარი მათთვის დაიხურება. კარი არ დახურულა, მაგრამ აფეთქებების შემდეგ ჩეჩნების მიმართ არასასურველი ყურადღება გაიზარდა.

მიგრანტებს მაინის ფრანკფურტში მოქმედი
არასამთავრობო ორგანიზაცია „პროაზილი“ ეხმარება. მისი დირექტორის მოადგილე ბერნდ მესოვიჩი პოლიტიკოსების შეცდომაზე ლაპარაკობს:

„ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსი ჩეჩენი ლტოლვილების თემას ტერორიზმს უკავშირებს. ზოგიერთი მათგანი იჯერებს რუსეთის ოფიციალური უწყებებისგან მიღებულ ინფორმაციას, რომ ჩეჩნები ტერორიზმთან არიან კავშირში“.

აქედან ვერ წახვალ. თუ გერმანიაში წახვედი, იქიდან კვლავ პოლონეთში გამოგასახლებენ...
იმრამ შაპტუკაევი
ეს გერმანიის მედიაშიც შეიმჩნევა. „თავშესაფარს გერმანიაში ტერორისტები ეძებენ“, ასე წერდა 8 აგვიტოს გაზეთი „ველტი“, რომელმაც ლტოლვილების რაოდენობის ზრდა დაუკავშირა მეამბოხეთა ლიდერის დოკუ უმაროვის მოწოდებას, რომ ის სოჭის ოლიმპიადის დროს თავდასხმებს გეგმავს. გერმანიის სტატისტიკა გვამცნობს, რომ იქ წელს 82-მა ჩეჩენმა მიიღო თავშესაფარი და 702-ს უარი უთხრეს, ანუ სამშობლოში გააბრუნეს.

იმრამ შაპტუკაევმა ცხრა თვე გაატარა გერმანიაში თავის ცოლთან ერთად. მისი განცხადება თავშესაფრის შესახებ არ დააკმაყოფილეს და ოჯახი იძულებული გახდა პოლონეთში ჩასულიყო. მას ჩვენი კორესპონდენტი ბიალისტოკის ლტოლვილთა ბანაკში შეხვდა. შაპტუკაევის თქმით, დეპორტაცია მოხდა მიუხედავად მისი ცოლის ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობისა. ცოლს დიაბეტი სჭირს და დრეზდენთან ახლოს - ბიშოფსვერდაში - მკურნალობდა. ბოლო კომამ 12 საათს გასტანა, უზიარებს ჩვენს რადიოს თავის გასაჭირს შაპტუკაევი:

„აქედან ვერ წახვალ. თუ გერმანიაში წახვედი, იქიდან კვლავ პოლონეთში გამოგასახლებენ“.

ბანაკის მოსახლეები სასოწარკვეთილნი არიან. ამბობენ, რომ მათ ისე ეპყრობიან, როგორც მეორეხარისხოვან ადამიანებს, სდევნიან პოლონელი ნაციონალისტები, სკინჰედებად წოდებული რადიკალურად განწყობილი პირები. ამ მძიმე პირობების მიუხედავად, მათთვის ყველაზე უარესი მაინც რუსეთში დაბრუნებაა. მოსკოვი სასტიკ რეპრესიებს მიმართავს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც სეპარატისტულ ჯგუფებს სიმპათიით უყურებს. შაპტუკაევი, თავისი ნაიარევი მკლავით და პირქუში სახით, უფრო ასაკოვნად გამოიყურება, ვიდრე არის სინამდვილეში. 37 წლის ჩეჩენი ექვს წელზე მეტხანს იმყოფებოდა ციხეში. ის გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს შეიარაღებული ძარცვის გამო, როგორც თვითონ ამბობს, შეცდომით, და იქვე ამატებს: „ჩვენთან, ჩეჩნეთში, ასეა - მოვლენ ღამით და გაგიტაცებენო“.