ის მაინც ზემოქმედებს: რატომ გვიფრთხობს სავსე მთვარე ძილს

ერთადერთი თანამგზავრის - მთვარის - გავლენა დედამიწაზე უდავოა. აშკარაა მისი ზემოქმედება, სხვათა შორის, მცენარის ზრდის პროცესზე, ზღვებისა და ოკეანეების მიმოქცევაზე და სხვ. ქალის ორგანიზმი უშუალოდ გამოხატავს მთვარის რიტმს მენსტრუაციული ციკლის სახით. ადამიანის ძილზე სავსე მთვარის ზემოქმედების შესახებ ახალი დასკვნა გააკეთეს ბაზელელმა მეცნიერებმა. ალბათ, ყველას ჰქონია სავსე მთვარის დროს რაღაც აუხსნელი განცდა, რომელიც დღემდე ბუნებისმეტყველებას სათანადოდ შესწავლილი არა აქვს. ადამიანს, რომელიც დაიჩივლებდა, უძილობა მჭირს სავსე მთვარის გამოო, სერიოზულად არ უყურებდნენ. მაგრამ ბაზელის (შვეიცარია) უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნით, მთვარის ციკლსა და ადამიანის ძილის ხარისხს ურთიერკავშირი აქვთ. ლაპარაკია შინაგანი საათის არსებობაზე, რომელიც მთვარის ფაზების მიხედვით მუშაობს და ადამიანის ძილ-ღვიძილის რიტმზე ზემოქმედებს. გაკონტროლებული ლაბორატორიული დაკვირვების დროს დადგინდა, რომ სავსემთვარეობის დროს ღრმა ძილის ხანგრძლივობა მცირდება; საერთოდ, ძილიც ხანმოკლეა და მცირდება ძილის ჰორმონის, მელატონინის გამოყოფა. მაშინ როცა კარგადაა შესწავლილი დღის რიტმიკის წარმმართველი ცირკადიანული საათი, როგორც ამ კვლევის ავტორები აცხადებენ, ბნელითაა მოცული ცირკალუნარული საათი, რომელიც ჩვენს ძილს არეგულირებს. ბაზელის უნივერსიტეტის მკვლევარი, ქრისტიან კაიოხენი, ამბობს, რომ ადამიანის ძილზე მთვარის ციკლი ზემოქმედებს მაშინაც, როცა მთვარეს ვერ ვხედავთ და არც კი ვიცით, რა ფაზაშია დედამიწის თანამგზავრი. კაიოხენის ცდებისა და დაკვირვების დროს გადამწყვეტი იყო სხვა ხელის შემშლელი ფაქტორების გამორიცხვა, როგორიცაა სავსე მთვარის მკვეთრი სინათლე, ასევე რწმენა, რომ სავსემთვარიანობამ შეიძლება ადამიანს ძილი დაუფრთხოს. კაიოხენმა და მისმა ჯგუფმა გამოიყენა ადრე ჩატარებული ძილის კვლევის მონაცემები. ცდაში მონაწილე პირებმა - არც მკვლევრებმა და მათმა ასისტენტებმა -არ იცოდნენ მაშინ, რომ კვლევა შეიძლებოდა შეხებოდა მთვარის ფაზების ზემოქმედებას ძილზე. მაშინდელი ცდების დროს დღიური რიტმების კვლევა ხდებოდა და მისი მონაწილეები სრულიად იყვნენ მოწყვეტილი გარე სამყაროს. ადამიანთა ორ - ასაკოვან და უფრო ახალგაზრდა - ჯგუფზე დაკვირვების შედეგი აშკარა იყო: სავსემთვარეობამდე სამი დღით ადრე და მას მერე ოთხი დღის შემდეგ პერიოდში ღრმა ძილის ფაზა 30 პროცენტით შემცირდა. ჩაძინების დრომ გადაიწია ხუთი წუთით. საერთოდ, ძილის ხანგრძლივობა 20 წუთით ნაკლები იყო. ზოგადად, გაუარესდა ძილის ხარისხი, ორჯერ შემცირდა ძილის ჰორმონის, მელატონინის გამოყოფა. მოკლედ, ძილზე სავსე მთვარის გავლენა აშკარაა, თუმცა, წერენ კვლევის ავტორები, მთვარის გრავიტაციის ზემოქმედება ადამიანის ტვინზე ან ნივთიერებათა ცვლაზე უნდა გამოირიცხოს, რადგან, ჩანს, ცდებით მისი დადგენა არ ხერხდება. ისინი გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ევოლუციის განმავლობაში ჩამოყალიბდა შინაგანი ცირკალუნარული საათი, რომელიც ადამიანის სხეულის ზოგიერთი ფუნქციისა და მთვარის ციკლების თანამოქმედებას არეგულირებს. სწორედ ეს საათი შეიძლება განსაზღვრავდეს, მკვლევრების - ჟურნალ „Curent Biology”-ში გამოქვეყნებული ამ სტატიის ავტორების - აზრით, ქალის მენსტრუაციულ ციკლს და, ზოგადად, სექსუალურ ქცევას.