„ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსზე რუსეთისთვის ხმების „წართმევამ“ კრემლი გააბრაზა

მოსკოვს, მისი საგარეო უწყების ხელმძღვანელის სახით, სულ დაავიწყა სირიის პრობლემა და ევროპაში ამერიკული სარაკეტო ფარი იმან, რომ „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსზე მის წარმომადგენელს ხმები წაართვეს, მოპარეს თუ მიღებული დაუმალეს. რა მოხდა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

რუსეთის წარმომადგენელმა დინა გარიპოვამ, სიმღერით „What if”, აზერბაიჯანში - ადგილობრივი, მის სასარგებლოდ გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიხედვით - მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ მოხდა უცნაური და გაუგებარი რამ: გარიპოვას, როგორც ტელევიზიით გამოცხადდა, მეორე ადგილზე გადანაცვლება მეზობელი ქვეყნის თაყვანისმცემლებისგან მიღებული ათი ქულის წყალობით უნდა მოეხერხებინა, აზერბაიჯანიდან კი მიიღო ქულების ნული რაოდენობა, ანუ არც ერთი ქულა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამ ამბავმა აღაშფოთა და განაცხადა, „რა თქმა უნდა, როცა ჩვენ, ანუ „ევროვიზიის“ კონკურსზე ჩვენს მონაწილეს ათი ქულა მოპარეს, ეს არ გვახარებსო“.

აზერბაიჯანში გამოძიება მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ რა მოხდა, როცა 18 მაისს შვეციაში, მალმოში, „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსის საფინალო გამოსვლები მიმდინარეობდა და რუსეთის წარმომადგენელმა ვერაფერი მიღო აზერბაიჯანისგან. სიმღერის ამ კონკურსზე ხმების მიცემისა და დათვლის პრინციპს ბევრი აკრიტიკებს: ის არაობიექტურად ითვლება, მასში ხშირადაა წინა პლანზე ქვეყნებს შორს სიმპათია-ანტიპათია და მივიწყებულია საშემსრულებლო ხელოვნება ან სიმღერების ხარისხიო. ტექნიკურად კი ხმების მოგროვება და დათვლა ასე ხდება: ყველა შემსრულებლის გამოსვლის შემდეგ „ევროვიზიის“ მაყურებლები ყველა ქვეყნიდან, სატელეფონო ზარის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით, ხმას აძლევენ რჩეულ მომღერლებს, ტელეარხები კი, რომლებიც გადასცემენ კონკურსს, მას მერე, რაც თითოეული სახელმწიფოს სატელეფონო კომპანიებისგან შედეგებს იღებენ, ცოცხალ ეთერში აცხადებენ მონაცემებს, ხმების რაოდენობას. 21 მაისს მოსკოვს სტუმრობდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამადიაროვი, რომელმაც მასპინძელთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. მამადიაროვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა ტელეარხმა უნდა განმარტოს, რა მოხდა, რადგან ის არის პასუხისმგებელი, როგორც კონკურსის ორგანიზატორის, „ევროვიზიის“ სამაუწყებლო კავშირის, მთავარი პარტნიორი:

„მობილური ტელეფონების სამივე ოპერატორის მონაცემებით (სამივე აზერბაიჯანშია), რუსეთის წარმომადგენელმა მიიღო ხმების ის რაოდენობა, რამაც ის მეორე ადგილზე გადაანაცვლა. რა იქნა ეს ხმები? როგორ მოხდა მათი გაქრობა?“

აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელეარხის ხელმძღვანელმა ქამილ გულიევმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც იმედი გამოთქვა, რომ გარკვეული ინტერესების ადამიანთა წყალობით მომხდარი ეს ინციდენტი ჩრდილს არ მიაყენებს რუსი და აზერბაიჯანელი ხალხის ძმურ ურთიერთობას“.

რუსეთმა აზერბაიჯანის წარმომადგენელს, ფარიდ მამადოვს, სიმღერით „Hold me“, ხმების შესაძლებელი მაქსიმუმი - 12 ქულა - შესძინა და, გამარჯვებული დანიელი მომღერლის შემდეგ, მეორე ადგილი მიაკუთვნა. აქვე გეტყვით, რომ აზერბაიჯანის ათი ქულა რომც მიკუთვნებოდა რუს მომღერალს, გარიპოვა მაინც ვერ შეძლებდა მეოთხეზე უფრო მაღალი ადგილის დაკავებას. ასე რომ, გარკვევა იმისა, თუ როგორ გაქრა აზერბაიჯანის ხმები, მხოლოდ პრინციპის საქმეა. ქართველ გამომსვლელებზე ერთი სიტყვით მინდა გითხრათ, რომ მალმოში აკრედიტებული ჟურნალისტების ხმების უმრავლესობა - შესაბამისად, მათი პრიზი - ნოდი ტატიშვილსა და სოფია გელოვანს ხვდათ, სიმღერით „Waterfall“.