ინვესტიციები საქართველოში

სარფი

ხელისუფლება იტყობინება, რომ, გასულ წელთან შედარებით, ინვესტიციები გაიზარდა. საქართველოსთვის გასული 2015 წელი, ბევრი მონაცემით, მათ შორის ინვესტიციების მოცულობითაც, საკმაოდ მძიმე წელი იყო. გასულ წელს ქვეყანაში 1 მილიარდ 351 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს შემოსული ინვესტიციები 2014 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე 23 პროცენტით ნაკლებია. ამასთან, 2014-2015 წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა ინვესტიციების სტრუქტურაც. გასულ წლებთან შედარებით, კერძოდ, 2015 წელს სექტორების მიხედვით ყველაზე მეტი, 594 მილიონი დოლარის, ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში, 191 მილიონი საფინანსო სექტორში და 129 მილიონი მშენებლობაში ჩაიდო. აღსანიშნავია, რომ 2011-2013 წლების საინვესტიციოდ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სფერო, ენერგეტიკა, გასულ წელს მსხვილი უცხოური ინვესტიციების გარეშე დარჩა.

2015 წელს ინვესტიციები განსაკუთრებით შემცირდა ისეთ დარგებში, როგორიცაა ენერგეტიკა (52%-ით), დამამუშავებელი მრეწველობა (55%-ით), სამშენებლო სექტორი (59%-ით) და უძრავი ქონება, სადაც, 2014 წელთან შედარებით, 65%-იანი კლება დაფიქსირდა. 2015 წლის მონაცემებით, ინვესტიციების შემოდინების კუთხით, ზრდა ფიქსირდება ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (+27 %), საფინანსო სექტორი (+40 %), სოფლის მეურნეობა (+59%) და ჯანდაცვის სექტორი, სადაც, 2014 წელთან შედარებით, 80 %-ნი მატება ფიქსირდება.

ასეთი ვარდნის ფონზე, ცხადია, განსაკუთრებული მაჩვენებელი არ არის, თუმცა მაინც აღსანიშნავია, რომ ვარდნის პროცესი მეტ-ნაკლებად შეჩერებულია და, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში ინვესტიციების მოცულობამ 376 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.
2016 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 103 პროცენტით მეტია 2015 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე. 2016 წლის აღნიშნული მაჩვენებელი 21.6 პროცენტით აღემატება 2014 წლის 1 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემს.

საინტერესოა, რომ ინვესტიციების მთლიან მაჩვენებელში სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2016 წლის I კვარტალში 79 პროცენტი შეადგინა. ლაპარაკია შემდეგ სამ სექტორზე: ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორი, სადაც 200 მლნ აშშ დოლარის მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო (სრული ინვესტიციის 53 პროცენტი), რაც, 2015 წლის 1 კვარტალთან შედარებით, 36.9%-იანი მატებაა; საფინანსო სექტორი - 58 მლნ აშშ დოლარი (2015 წელს პირველ კვარტალში იყო მინუს 4 მლნ აშშ დოლარი); ენერგეტიკის სექტორი, სადაც 2016 წლის პირველ კვარტალში 40 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც 90 % -ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (როგორც უკვე ვთქვით, გასულ წელს ამ სექტორში ყველაზე დიდი ვარდნა მოხდა).

საინტერესოა, რომ 2016 წლის დასაწყისში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია - 137 მლნ აშშ დოლარი - აზერბაიჯანიდან განხორციელდა (მთლიანი ინვესტიციების 36 %), მეორე ადგილზეა თურქეთი - 57 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 15 %), ხოლო მესამე ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს - 44 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 12 %). ტოპ 10 ქვეყანა შემოსული ინვესტიციების მიხედვით ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი - 137 მილიონი აშშ დოლარი, თურქეთი - 57 მილიონი, გაერთიანებული სამეფო - 44 მილიონი, კორეა - 32 მილიონი, ნიდერლანდები - 22 მილიონი, საერთაშორისო ორგანიზაციები - 16 მილიონი, ვირჯინის კ-ები (ბრიტ.) – 12 მილიონი, ლუქსემბურგი - 11 მილიონი, აშშ - 9 მილიონი, კვიპროსი - 7 მილიონი.