საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ მესამე კვარტალში, რომელიც მოიცავს პერიოდს ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეკორდულად გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, ინვესტიციების მოცულობამ 508 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. რა გახდა უცხოური ინვესტიციების ნახტომისებური ზრდის მიზეზი?
ორიოდე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის საჩვენებლად გამოაცხადა, რომ მესამე კვარტალში ქვეყანაში 508 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა:
„2008 წლის მეორე კვარტალის შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ასეთი მაღალი მაჩვენებელი არც ერთ კვარტალში არ დაფიქსირებულა. აქვე მინდა გითხრათ, რომ, 2009 წლიდან მოყოლებული, წელს, ორ კვარტალში, უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების მიხედვით, ლიდერობს ჩინეთი 150 მილიონი დოლარით, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, შემდეგ ნიდერლანდები“.
2014 წლის სამ კვარტალში, ერთად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე მოდის. სწორედ ამ სფეროში დაიხარჯა აზერბაიჯანიდან შემოსული ინვესტიციების უდიდესი ნაწილი. ჩინეთიდან განხორციელებული დაფინანსება ძირითადად მშენებლობის სფეროში დაიხარჯა, ნიდერლანდებიდან შემოსული თანხები კი მრეწველობაზე, ენერგეტიკაზე, მშენებლობაზე, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე, ასევე სამთომოპოვებით მრეწველობაზე გადანაწილდა.
მთავრობის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელებას წინ უსწრებდა ეროვნული ვალუტის, ლარის, დევალვაციის 10-დღიანი პროცესი, რაც, სხვა მიზეზებთან ერთად, აშშ დოლარზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ეკონომისტების შეფასებით, ეს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების შემცირებას უკავშირდებოდა, მაგრამ მთავრობა ამას უარყოფს. ეჭვებს ისიც ამძაფრებს, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონე აღინიშნა. მაშ, რა მოხდა მესამე კვარტალში ისეთი, რამაც ინვესტიციების 151 მილიონიდან 508 მილიონ დოლარამდე გაზრდა გამოიწვია? ამ კითხვის პასუხად, ”საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი რომან გოცირიძე შემდეგ ვარაუდს გამოთქვამს:
„ჩემი ვერსია არის ასეთი, რომ შეფერხებით მუშაობდა პროექტები, - ჩამორჩენა იყო დაფინანსებაში, - რომლებიც შერისხული იყო დღევანდელი მთავრობის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში“.
ასეთ პროექტთა შორის რომან გოცირიძე ასახელებს ახალქალაქ-ყარსის რკინიგზას, რომელსაც აზერბაიჯანი აფინანსებს საქართველოსთვის გამოყოფილი გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხით. და იმის გასარკვევად, სესხი მართლაც აისახა თუ არა ინვესტიციების ნაწილში, ”საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ინვესტიციების გამოანგარიშების მეთოდოლოგიის განმარტებას მოითხოვს:
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში სამი ძირითადი კომპონენტი გამოიყოფა - ეს არის კაპიტალის ნაწილი, რეინვესტიცია და სხვა კაპიტალი. საწესდებო-სააქციო კაპიტალზე ამ კვარტალში მოდის მთლიანი უცხოური ინვესტიციების 73 პროცენტი...ლიკა ძებისაური
„ინვესტიციას თავისი მეთოდიკა აქვს აღრიცხვის და იბადება კითხვა, რა თქვა აზერბაიჯანის ბიზნესმა, შეისყიდა მთელი საქართველოს სამარშრუტო ტაქსები ან მთელი აეროპორტები, თავისი თვითმფრინავებით? რომელი არის ტრანსპორტში უცხოელის მიერ ნაყიდი წილი? აი, ასეთი შეკითხვებიც ისმის. პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ნიშნავს უცხოელის მიერ საქართველოს საწარმოში წილის შეძენას, მაგრამ თუ სესხი არ არის 1-2-წლიანი, მოკლევადიანი, და თუ ის არის გრძელვადიანი, ამ შემთხვევაში ზოგიერთი მეთოდიკა ამას განიხილავს როგორც ინვესტიციას“.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გამოანგარიშების მეთოდოლოგიაში რაიმე ცვლილებას უარყოფს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. საქსტატის საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის სამმართველოს უფროსის ლიკა ძებისაურის განცხადებით, მისი სამსახური ბოლო 15 წლის მანძილზე საერთაშორისო მეთოდოლოგიას იყენებს:
„პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში სამი ძირითადი კომპონენტი გამოიყოფა - ეს არის კაპიტალის ნაწილი, რეინვესტიცია და სხვა კაპიტალი. საწესდებო-სააქციო კაპიტალზე ამ კვარტალში მოდის მთლიანი უცხოური ინვესტიციების 73 პროცენტი, რეინვესტიციებზე - 26 პროცენტი, დანარჩენი - სხვა კაპიტალზე“.
ეს უკავშირდება ერთ კონკრეტულ პროექტს, ჩემი აზრით, რომელიც არის ოლიმპიური სოფელი, რომლის მშენებლობა განახლდა ამ პერიოდში და მოცულობითი ინვესტიცია ჩინური კომპანიის მხრიდან ჩაიდო ოლიმპიური სოფლის მშენებლობაში...ირაკლი ლექვინაძე
ლიკა ძებისაურის მიერ ნახსენები ერთ-ერთი კომპონენტის - რეინვესტიციის -მოცულობის განსაზღვრა ამ შემთხვევაში კვარტალურად დარიცხვის მეთოდით ხდება. მაგრამ მისი მოცულობა გასულ წლებშიც თითქმის ანალოგიური იყო.
კიდევ ერთ მთავარ ფაქტორად, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა განაპირობა, თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ინფრასტრუქტურის მშენებლობა სახელდება. ასეთ ვარაუდს გამოთქვამს ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე:
„ეს უკავშირდება ერთ კონკრეტულ პროექტს, ჩემი აზრით, რომელიც არის ოლიმპიური სოფელი, რომლის მშენებლობა განახლდა ამ პერიოდში და მოცულობითი ინვესტიცია ჩინური კომპანიის მხრიდან ჩაიდო ოლიმპიური სოფლის მშენებლობაში. ამიტომ მთავარი გავლენის მომხდენი, ჩემი აზრით, ეს იყო“.
ირაკლი ლექვინაძის ვარაუდს ბევრი ეკონომისტი იზიარებს, მაგრამ ზოგიერთი მაინც ეჭვის თვალით უყურებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მესამე კვარტალის მაჩვენებელს. მათ შორის არის „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ პრეზიდენტი რამაზ გერლიანი:
„მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც ცოტა გადაჭარბებულია ეს მონაცემი. შეიძლება მართლაც მაღალი იყო, მაგრამ ეს არის იმ აქტიურობით გამოწვეული, რომელიც წლის განმავლობაში დაგროვდა ან შეთანხმდა, შემოვიდა და დაფიქსირდა მესამე კვარტალში“.
ეჭვების გაქარწყლება ვერც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შეძლო. დეპუტატების შეკითხვაზე, რა საწარმოებში და ვინ ჩადო ინვესტიციები, ხადურმა განაცხადა, "ეს კომერციული საიდუმლოებაა და ვერ დავაკონკრეტებთო".