მოქალაქის თქმით, მას პოლიციელმა სასტიკად სცემა

ზუგდიდის სოფელ ცაიშში მცხოვრები მუსიკოსი როინ ქადარია აცხადებს, რომ ლანჩხუთის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა პაპუნა ფაჩულიამ სასტიკად სცემა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევა ხობში 25 ნოემბერს, გამთენიისას, ერთ-ერთი ადგილობრივის ქორწილში მოხდა, სადაც ის მუსიკოსად მუშაობდა.

როინ ქადარია განმარტავს, რომ მას პოლიციელმა, რომლის ვინაობაც მოგვიანებით შეიტყო, სასურველი სიმღერის შესრულება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო, რადგან მუსიკოსმა მისი დაკვრა არ იცოდა. პოლიციელის გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. როინ ქადარია განმარტავს, რომ პაპუნა ფაჩულიამ მას სტყვიერი შეურცხყოფა ჯერ დარბაზში სტუმრების თანდასწრებით მიაყენა, მოგვინებით კი, გარეთ გასულს, სცემა:

„არანაირი სიტყვა, არც არაფერი, პირდაპირ მუშტი მატაკა სახეში. უცებ კედელს მივარტყი თავი. ჰაერში მომგლიჯა, ისე მატაკა მუშტი. წავიქეცი, გრძნობა დავკარგე და მერე ჩემი ძმა მოვიდა, დაიყვირა, სასწრაფოს გამოუძახეთო. მე არ უნდა მეშინოდეს დღეს ქორწილში სიარულის და ის ადამიანი, ვინც კრიმინალებისგან უნდა გვიცავდეს, მე არ უნდა მცემდეს“.

როინ ქადარია ამ დროისთვის საკუთარ სახლში წევს და მკურნალობას განაგრძობს. მისი განმარტებით, მომხდარის შესახებ თავად შეატყობინა ხობის პოლიციას, რადგან სურს დამნაშავე დროულად დაისაჯოს.

თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლანჩხუთის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის პაპუნა ფაჩულიას მიერ სოფელ ცაიშის მკვიდრის, როინ ქადარიას ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„გამოძიება დაიწყო ხობის პოლიციამ 118-ე მუხლით. ეს არის სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. საქმეზე დეტალები გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ეკატერინე ბრეკაშვილმა, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დანაშაულის ჩადენისთვის პირი ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით თვრამეტ თვემდე, ან თავისუფლების შეზღუდვით, ვადით სამ წლამდე.