12 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კახა კვაშილავა, იურისტი, "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა "ბირჟა მაფიის" რეპერების დაკავების საქმესა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კამპანიაზე. კახა კვაშილავას თქმით, იმდენად ხისტია ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა და იმდენად დიდი ხანია ნარკოპოლიტიკის ცვლილებისთვის კამპანია, რომ საზოგადოებამ გადაწყვიტა გააგონოს ხმა ხელისუფლებას და 10 ივნისის აქცია იყო "სერიოზული სიგნალი ხელისუფლების მიმართ". დაკავებული რეპერების ამბავს რაც შეეხება, კახა კვაშილავამ ვერ გაიხსენა შემთხვევა, როცა სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული - კონკრეტულად ნარკოტიკული ნივთიერების ჩადების ფაქტის გამოძიება სამართალდამცავთა დასჯით დასრულებულიყოს. თუმცა, გამოთქვა იმედი, რომ, თუკი ასეთი დანაშაული ჩადენილია, ეს დადგინდება გამოძიებით და დაკავებული რეპერების მიმართ შეწყდება სამართალწარმოება. კახა კვაშილავამ ილაპარაკა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კამპანიის გამოცდილებაზე - რას, როდის და რა ვითარებაში აღწევდა ეს კამპანია და რა მოლოდინი არსებობს დღეს? მიმდინარე კვირაში პარლამენტში მოხდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ინიცირება. "დილის საუბრებში" პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის 10 ივნისის განცხადებისგან დამოუკიდებლად, კანონპროექტის ინიცირება სწორედ მიმდინარე კვირაში იგეგმებოდა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტს მიმართა თხოვნით - დაჩქარდეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხზე მუშაობა და საშემოდგომო სესიისთვის მოასწრონ "სახეცვლილი, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება". კახა კვაშილავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის გარეშე ვერ მიიღწევა პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზანი. წინ არის კანონპროექტის განხილვის პროცესი. "უპირატესობა უნდა მიენიჭოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და არა - დასჯას", - ამბობს კახა კვაშილავა.
Your browser doesn’t support HTML5