1941 წლის ოქტომბერში ნაცისტები მიხვდნენ, რომ ყველა ებრაელის გაწყვეტა ძალუძთ

(ინტერვიუ პროფესორ ქრისტოფერ ბრაუნინგთან)

ქრისტოფერ ბრაუნინგის წიგნი Ordinary Men: Reserve Police Battalion 101 and the Final Solution in Poland დღეს ითვლება კლასიკურ ნაშრომად შოას (ჰოლოკოსტის) ისტორიოგრაფიაში. 1992 წელს გამოქვეყნებული ამ ნაშრომით ბრაუნინგი იყო პირველი, ვინც დაანგრია იმ პერიოდში გავრცელებული მითი, რომ შოა იყო რაციონალური და თანამედროვე, უსახო და «სტერილური» ბიუროკრატიული მანქანის ფუნქციონერების შედეგი. ქრისტოფერ ბრაუნინგს ლაშა ოთხმეზური ესაუბრა.

ლაშა ოთხმეზური: რა კავშირშია ერთმანეთთან ოპერაცია «ბარბაროსა» და შოა?

ქრისტოფერ ბრაუნინგი: პირდაპირ კავშირში - ჰიტლერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ომი აღმოსავლეთით იქნებოდა განადგურების ომი და ეს იყო სიგნალი SS-ის ხელმძღვანელობისათვის, რომ ომის დაგეგმვა აბსოლუტურად სხვანაირად მოეხდინათ: კანონები, რომლებიც იცავდა მშვიდობიან მოსახლეობას და ტყვეებს, უქმდებოდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ამას გარდა ნაცისტ ეკონომისტებს შემუშავებული ჰქონდათ შიმშილის გეგმა, რომლის მიხედვით, 30 მილიონი ადამიანი უნდა მომკვდარიყო შიმშილით 1941-1942 წლის ზამთარში. «კომისრის ბრძანების» მიხედვით, კომუნისტები ადგილზევე უნდა დახვრეტილიყვნენ. აი, ამ ზოგად კონტექსტში დაიბადება ის, რასაც ნაცისტები უწოდებდნენ «ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტას» და რასაც ჩვენ შოას ვუწოდებთ.

ლ. ო. : კი, მაგრამ 1941 წლის 22 ივნისამდე ნაცისტებს მარტო "ტანენბერგის ოპერაციის" ფარგლებში უკვე ათასობით სლავი პოლონელი მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის ქალები და ბავშვები, ჰყავდათ მოკლული...

ქ. ბ.: რა თქმა უნდა. 1939 წლის სექტემბერსა და 1941 წლის 22 ივნისს შორის ნაცისტებმა გაწყვიტეს ათასობით პოლონელი, როგორც სლავი, ისე ებრაელი. მაგრამ ეს არასისტემურ ხასიათს ატარებდა. ამას გარდა, ნაცისტების მიერ შექმნილ ლოძის და ვარშავის გეტოებში ებრაელები შიმშილით კვდებოდნენ. მაგრამ ამ პერიოდში არ არსებობს არანაირი გეგმა ებრაელების გაწყვეტისა. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ტერიტორიას, ნაცისტების მიერ 22 ივნისამდე შემუშავებული გეგმა ითვალისწინებდა «ებრაელების პრევენციულ (პროფილაქტიკურ) გაწყვეტას აღმოსავლეთის სივრცის დაწყნარების მიზნით». ამ გეგმის მიხედვით, საქმე ეხებათ მხოლოდ იმ საბჭოთა ებრაელებს, რომლებიც, ნაცისტების ლოგიკით, საფრთხეს უქმნიდნენ ოკუპაციას. 1941 წლის 2 ივლისის ჰაიდრიხის ბრძანება აზუსტებდა, რომ Einsatzgruppen უნდა მოეკლათ ის ებრაელები, რომლებსაც რაიმე თანამდებობა ეკავათ პარტიის, სახელმწიფო სტრუქტურებში, ან რომლებიც იყვნენ ადგილობრივი თემის ლიდერები (რაინჰარდ ჰაიდრიხი ჰიმლერის მარჯვენა ხელი იყო. მას ექვემდებარებოდა ყველა ის პოლიციისა და Einsatzgruppen-ის შენაერთი, რომელთა ამოცანა იყო ოკუპირებული ტერიტორიის „დაწყნარება“. - ლ.ო.). მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ივლისის დასაწყისში ნაცისტები არ ფიქრობენ ყველა ებრაელის გაწყვეტაზე.

ლ. ო.: როდის იღებენ ნაცისტები ამ გადაწყვეტილებას?

ქ. ბ.: 1941 წლის ივლისის შუაში. ამ მომენტში ჰიმლერი საგრძნობლად გააძლიერებს პოლიციის შენაერთებს Einsatzgruppen-ის გვერდით: ამ მიზნით იგი სწრაფად გადაისვრის საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე SS-ის ორ ბრიგადას და პოლიციის 11 ბატალიონს. ჯამში 16 700 კაცს. 25 ივლისს ჰიმლერი დაითანხმებს ჰიტლერს, რომ ებრაელების განადგურების მიზნით ადგილობრივი მოსახლეობისგანაც შეექმნა შენაერთები. ასე ჰიმლერს უკვე დეკემბერში ეყოლება ადგილობრივი ბალტიისპირელებისა და უკრაინელებისგან შემდგარი 33-ათასკაციანი შენაერთები, რომლებსაც SS-ის და პოლიციის გვერდით გამოიყენებენ ებრაელების განადგურებისათვის. 1941 წლის ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში ნაცისტები უკვე იწყებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ებრაელი ბავშვებისა და ქალების დახოცვას. ასე რომ, საბჭოთა ებრაელებისათვის შოა იწყება ივლისის შუა რიცხვებში. მაგრამ ამ დროს ნაცისტები არ ფიქრობენ არც პოლონელ და არც დასავლელ ებრაელებზე.

ლ. ო.: რატომ მაინდამაინც ივლისის შუა რიცხვებში?

ქ. ბ.: იმიტომ, რომ ეს ეიფორიის პერიოდია გერმანიის ჯარში და ნაცისტურ ხელმძღვანელობაში. პირველი სამი-ოთხი კვირის დიდი სამხედრო წარმატების შემდეგ ისინი დარწმუნებული არიან, რომ წითელი არმიის დიდი ნაწილი განადგურებულია და მათ მიაჩნიათ, რომ უკვე აქვთ საშუალება, დაიწყონ, ჰიმლერის მიერ ჯერ კიდევ 1939 წლის აგვისტოში მომზადებული გეგმის - "აღმოსავლეთ ევროპის დემოგრაფიული რევოლუციის" - განხორციელება.

ლ. ო.: და როდის იღებენ ნაცისტები პოლონელი და შემდეგ უკვე დასავლეთევროპელი ებრაელების გაწყვეტის გადაწყვეტილებას?

ქ. ბ.: 1941 წლის სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში: კიევის, ვიაზმისა და ბრიანსკის გიგანტური ალყების შედეგად გერმანელების ხელში ჩავარდება 1,3 მილიონი წითელარმიელი. ამ მომენტში ისინი დარწმუნებული არიან, რომ მოსკოვისაკენ გზა ხსნილია. აი, ამ უპრეცენდენტო სამხედრო წარმატებების კონტექსტში ნაცისტები გადალახავენ ახალ ზღვარს. ქრონოლოგია თვითონ კარგად მეტყველებს ამაზე: 1941 წლის 13 ოქტომბერს ჰიმლერი და გლობოჩნიკი (ოდილო გლობოჩნიკი იყო ლუბლინის რეგიონში SS-ისა და პოლიციის ხელმძღვანელი იყო - ლ.ო.) შეხვდებიან ერთმანეთს, რათა განიხილონ ვირთის მიერ ბელორუსიაში და უკრაინის ტერიტორიაზე ნახშირჟანგით ებრაელების მოკვლის ცდების შედეგები (ქრისტიან ვირთს . "ევთანაზიის სპეციალისტს" უწოდებდნენ. უკრაინისა და ბელორუსიის ტერიტორიაზე მისი დავალებით ებრაელებს ხოცავდნენ მანქანის გამონაბოლქვი გაზით - ლ.ო.). 25 ოქტომბერს ჰიმლერი გასცემს პოლონეთის ტერიტორიაზე სიკვდილის პირველი ბანაკების - ბელჟეცისა და ჩელმნოს - მშენებლობის ბრძანებას. ბელჟეცის მშენებლობა დაიწყება 1941 წლის 1 ნოემბერს. 15 ოქტომბრიდან ნაცისტები დაიწყებენ გერმანელი, ავსტრიელი, ბოჰემიელი და მორავიელი ებრაელების დეპორტაციას. 15 ოქტომბრამდე ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ებრაელებს კიდევ ჰქონდათ ემიგრაციის საშუალება. 15 ოქტომბრიდან ისინი ამ უფლებას კარგავენ.