ჰერმან ფონ ჰებელი - „სამართალი უნდა დადგეს მსხვერპლისთვის“

ჰერმან ფონ ჰებელი

2018 წლის დასაწყისში თბილისში გაიხსნება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ადგილობრივი ოფისი. ამის შესახებ განაცხადა სასამართლოს რეგისტრატორმა ჰერმან ფონ ჰებელმა, რომელიც პროკურორის ოფისისა და მსხვერპლის „ნდობის ფონდის“ წარმომადგენლებთან ერთად თბილისში იმყოფება. უკვე მეორე წელია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი იძიებს 2008 წლის ომის დროს სავარაუდოდ ჩადენილ ომისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულს. როგორც სასამართლოს წარმომადგენლები აცხადებენ, გამოძიების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. პროკურორის ოფისის წარმომადგენლის განცხადებით, კონფიდენციურობის პრინციპიდან გამომდინარე, გამოძიების პროცესი ფართო საზოგადოებისთვის შეუმჩნეველია. შეუძლებელია იმის განსაზღვრა - რა დრო დასჭირდება პროკურორის ოფისს საკმარისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, კონკრეტული პირებისთვის ბრალის წარსადგენად და დაპატიმრების ორდერის გასაცემად. მას შემდეგ, რაც პროკურორის ოფისი სასამართლოს გადასცემს საქმეს, მეტი ინფორმაცია გასაჯაროვდება. ამ ეტაპზე ICC-ს წარმომადგენლები მხოლოდ სასამართლოს მანდატისა და პროცედურების განმარტებით შემოიფარგლებიან. 3 ოქტომბერს რადიო თავისუფლება ჰერმან ფონ ჰებელს, ICC-ს რეგისტრატორს ესაუბრა:

რადიო თავისუფლება: რა შეიცვლება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ადგილობრივი ოფისის გახსნით?

ჰერმან ფონ ჰებელი: ოფისის გასხნით შეიცვლება ის, რომ ადგილზე გვეყოლება პირი ან პირები, ვინც იმუშავებს საქართველოში სხვადასხვა მხარესთან ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად. ამჟამად პროკურორის ოფისი საქართველოში აწარმოებს დიდ საგამოძიებო სამუშაოს, რაც არ არის დამოკიდებული ოფისის გახსნაზე. მას შემდეგ რაც გავხსნით ოფისს, ადგილზე გვეყოლება პირი, რომელიც იურთიერთებს საქართველოს ხელისუფლებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სხვადასხვა დასახლებაში მცხოვრებ ადამიანებთან, რა თქმა უნდა, მედიასთან, რომ მიაწოდოს მეტი ინფორმაცია სასამართლოს მიმდინარე საქმიანობაზე და აგრეთვე მათგან მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ - რა სურვილები და მოლოდინი აქვთ ჰააგის სასამართლოსგან საქართველოში. ჩვენი წარმომადგენელი აუხსნის ადამიანებს რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი - არა.

რადიო თავისუფლება: არიან ადამიანები, მსხვერპლი, ვისაც ჯერ არ ჰქონია ურთიერთობა სასამართლოსთან. რას ნიშნავს ოფისის გახსნა პოტენციური მსხვერპლისთვის?

ჰერმან ფონ ჰებელი: უპირველესად იმას ვიტყვი, რომ სასამართლოსთვის მსხვერპლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მართლმსაჯულება ხორციელდება მსხვერპლისთვის. ეს არის „რომის სტატუტის“ კონცეფციაც - სამართალი უნდა დადგეს მსხვერპლისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა სამუშაოს საწყის ეტაპზე ვართ. თუკი მსხვერპლი თვლის და უკმაყოფილოა იმით, რომ მას ჯერ არ დაუკავშირდნენ, ეს იმიტომ, რომ, სავარაუდოდ, ძალიან ადრეა. ჩვენ ვურთიერთობთ სხვადასხვა ორგანიზაციასთან იმისათვის, რომ გარკვეული ინფორმაცია მოვიპოვოთ მსხვერპლზე. თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც გვექნება მეტი და უფრო ზუსტი ინფორმაცია გამოძიებაზე, გვეცოდინება - რა შეიძლება იყოს მსხვერპლის პოტენციური როლი ამ პროცესში. ჯერ-ჯერობით ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს. 2008 წელს ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლის მხარდაჭერისთვის საქმიანობა შეუძლია „ნდობის ფონდს“. ეს არ არის დაკავშირებული მართლმსაჯულების პროცესის მიმდინარეობასთან. მას უფრო ფართო ასპარეზი აქვს. თუმცა, ჩვენთვის - სასამართლოსთვის პირველ ყოველისა, აუცილებელია იმის ცოდნა - კონკრეტულად რა პრიზმაში შეიძლება წარუდგინოს პროკურორმა ესა თუ ის საქმე სასამართლოს, მას შემდეგ, რაც წინ წაიწევს გამოძიება.

რადიო თავისუფლება: ნიშნავს, თუ არა ეს, რომ პირველი ინფორმაცია გამოძიების დეტალებზე გასაჯაროვდება მას შემდეგ, რაც პროკურორის ოფისი დაასრულებს გამოძიებას, ან პატიმრობის პირველ ორდერს გასცემს?

ჰერმან ფონ ჰებელი: პროკურორის ოფისი იქცევა ამგვარად - ისინი პატიმრობის ორდერს გასცემენ მხოლოდ მაშინ, როცა აქვთ საკმარისი მტკიცებულებები, რაც პროკურორს არწმუნებს, რომ მათი პოზიცია სასამართლოში იქნება მყარი. არსებული გამოცდილების მიხედვით, პროკურორის ოფისი გასცემს პატიმრობის ორდერს მაშინ, როცა ის მზად არის სასამართლოს წინაშე წარსადგომად. ეს ნიშნავს, რომ გამოძიებას დასჭირდება გარკვეული დრო, რადგან პროკურორი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას საკმარისად ძლიერი საქმე აქვს სასამართლოსთვის წარსადგენი. მას უნდა სჯეროდეს, რომ მის მიერ მომზადებული საქმე, შედეგად მსჯავრის დადებას მოიტანს. გამოძიების პროცესი ჯერჯერობით მიმდინარეობს და ჩვენ ჯერ არ გვაქვს მკაფიო სურათი - როგორი შეიძლება იყოს მსხვერპლის როლი მართლმსაჯულების პროცესში.

რადიო თავისუფლება: რა არის დღეს თქვენთვის - რეგისტრატორის ოფისისთვის მთავარი გამოწვევა ადამიანებთან ურთიერთობაში?

ჰერმან ფონ ჰებელი: ვფიქრობ, ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა არის პროცესის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე - ადამიანების მოლოდინი, რაც შეიძლება ჰქონდეთ სასამართლოს მიმართ. ინფორმირების პროცესში ჩვენ შეზღუდვებიც გვაქვს, თუმცა, ჩვენი ამოცანაა ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ ვზრუნავთ მართლმსაჯულებაზე, მსხვერპლზე. თუმცა, ახლა ძალიან ადრეა, რომ რეალური მოქმედებები დავიწყოთ. გვსურს რაც შეიძლება მალე გადავიდეთ მოქმედებაზე. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ როგორც კი მოხდება ბრალდება ან დაპატიმრება, როცა უკვე შესაძლებელი იქნება ჰააგაში პროცესის წარმართვა, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ უზრუნველვყოთ მსხვერპლის სრულფასოვანი მონაწილეობა მართლმსაჯულების პროცესში. ჩვენთვის ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, თუმცა, მოცემულ მომენტში არაფრის გაკეთება შეგვიძლია, რადგან უნდა დაველოდოთ პროკურორს, როგორც ელოდება ყველა. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა.

რადიო თავისუფლება: ნიშნავს, თუ არა ოფისის გახსნა მსხვერპლისთვის, რომ მან დაინახა ოფისი და შეუძლია იქ მოსვლა და რაღაცის მოყოლა?

ჰერმან ფონ ჰებელი: არა, ასე არ არის. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ როგორი იქნება ბრალდება, დაპატიმრების ორდერი. პროკურორს, სავარაუდოდ, არ შეუძლია ფოკუსირება ყველა ჩადენილი დანაშაულის ყველა მსხვერპლზე. ისინი ყურადღებას ამახვილებენ შედარებით მაღალი რანგის პირებზე და ცალკეული პირის ან პირების პასუხისმგებლობის გარკვეულ სპექტრზე. მხოლოდ მაშინ, როცა ვიცით რას ეხება საქმე და შეგვიძლია დავინახოთ ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ხვდებიან კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის სფეროში. ეს ადამიანების პატარა ჯგუფია - ნაწილი იმ ადამიანებისა, რომელთა მიმართაც ჩადენილია დანაშაული. მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობა შეუძლიათ იმ ადამიანებს, ვინც პირდაპირ არის დაკავშირებული სასამართლოს წინაშე მდგომ ბრალდებულ პირთან. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან ადრეა ამ ჯგუფის განსაზღვრა, რადგან ჯერ არ ვიცით საქმის დეტალები.

რადიო თავისუფლება: თუკი ადამიანი მოდის თქვენს ოფისში და გეუბნებათ - მე ვარ მსხვერპლი, მინდა რაღაც მოგიყვეთ, რა ხდება ამის შემდეგ? სახლში გააბრუნებთ მას, თუ როგორია პროცედურა?

ჰერმან ფონ ჰებელი: ჩვენ მას ავუხსნით, რაც ახლა გითხარით. რა თქმა უნდა, ალბათ, მივიღებთ მისგან ინფორმაციას. მაგრამ, ამავე დროს ჩვენ ჯერ ვერ ვეტყვით მას რა როლი შეიძლება მიენიჭოს მართლმსაჯულების პროცესში, რადგან ეს მართლაც დამოკიდებულია კონკრეტულ საქმეზე.

რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ მეტი გვითხრათ საქართველოს ხელისუფლებასთან - იუსტიციის სამინისტროსთან გაფორმებულ შეთანხმებაზე? რა ვალდებულებები ეკისრებათ მხარეებს?

ჰერმან ფონ ჰებელი: ეს ძალიან ზოგადი ჩარჩო-შეთანხმებაა, რომლის ფარგლებშიც ვმოქმედებთ. რეგისტრატორი პასუხისმგებელია მსხვერპლის მონაწილეობის უზრუნველყოფაზე, მოწმის დაცვაზე, ინფორმაციის გავრცელებაზე. აგრეთვე, თუკი იქნება მოსამართლის ბრძანება, მისი შესრულებაც ევალება რეგისტრატორს. ყველაფერი ეს წერია შეთანხმებაში. მთავრობა ვალდებულია ითანამშრომლოს ჩვენთან, რომ მე შევძლო მოსამართლეთა დახმარება მათი საქმიანობის განხორციელებაში. უკვე ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაა ჩვენსა და მთავრობას შორის, მთავრობასა და პროკურორის ოფისს შორის და ეს თანამშრომლობა გაღრმავდება, როცა საქმე სასამართლოს მოქმედებების ეტაპს შეეხება.