6 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზვიად აბაშიძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. მან ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ აქტივობასა და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ზვიად აბაშიძე თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილს ეხმარება მისი საერთაშორისო კავშირები, თუმცა, ვერ ამბობს დაზუსტებით დასავლური კავშირებია ეს მხოლოდ, თუ რაიმე სხვაც. პოლიტოლოგის შეფასებით, არც უკრაინის მოქალაქეობაჩამორთმეული მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადალახვა და არც 5 დეკემბერს დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინის სამართალდამცავებისგან დახსნა არ იყო სპონტანურად განხორციელებული მოქმედება, არამედ არსებობს ორგანიზებული ქსელი, რომელიც ახერხებს მხარდამჭერთა მობილიზაციას. ზვიად აბაშიძე თვლის, რომ როგორც უნდა შეფასდეს მიხეილ სააკაშვილის მმართველობა საქართველოში, ის მნიშვნელოვან პერსონად დარჩება იმის მიუხედავად, რომ მის მიმართ მუდმივად იქნება წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებები ყველა ასპარეზზე. პოლიტოლოგის თქმით, უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოპულარულობას ხელს უწყობს უკრაინის სახელმწიფოს სისუსტე, არაეფექტიანობა და ის, რომ საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ უკრაინაში არ მომხდარა პოლიტიკური ელიტის რადიკალური ცვლილება. ზვიად აბაშიძე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პერსპექტივას ვერ ხედავს ვერც უკრაინაში და ვერც საქართველოში. მის მდგომარეობას უკრაინაში "უფესვოს" უწოდებს და თვლის, რომ უკრაინაში მოქმედი პოლიტიკური ჯგუფები არ დაუშვებენ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობას.
Your browser doesn’t support HTML5