სტუმრად ჩვენს ეთერში: ვახტანგ ჭარაია

22 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვახტანგ ჭარაია, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი. მან ილაპარაკა მთავრობის მიერ წარმოდგენილ საგადასახადო ცვლილებების ინიციატივაზე, რომელიც, სავარაუდოდ, 120 ათას მეწარმეს შეეხება.საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ინიციატივის მიზანია "ხელი შეუწყოს საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას, რათა მთლიან ეკონომიკაში გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი". დაგეგმილ ცვლილებათა შორისაა ბრუნვის გადასახადის 5%-დან 1%-მდე შემცირება. პრემიერმინისტრის განცხადებით, "მცირე ბიზნესის სტატუსს მიიღებს ყველა ის მეწარმე, რომლის შემოსავალიც 500 000 ლარს არ აღემატება". იგეგმება "დამატებითი ბუღალტერიის წარმოების ვალდებულებისა" და საავანსო გადასახადების გაუქმება. ერთ-ერთი ინიციატივა შეეხება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების გათავისუფლება დამატებული ღირებულების გადასახადისგან. ხელისუფლება გეგმავს მანქანების რეექსპორტის ხელშეწყობას. გარდა ამისა, საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის რეფორმის ვადა 2023 წლის პირველ იანვრამდე გადაიწევს. ვახტანგ ჭარაია თვლის, რომ ეკონომიკის გააქტიურებისა და გაჯანსაღებისთვის სხვა, უფრო არსებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რასაც ის განმარტავს კიდეც "დილის საუბრებში".

Your browser doesn’t support HTML5

ვახტანგ ჭარაია "დილის საუბრებში"