უჩა ნანუაშვილი: "ომი არ დამთავრებულა, ის გრძელდება თითოეული ამ ადამიანის ცხოვრებაში"

14 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო უჩა ნანუაშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა საქართველოს ტერიტორიაზე ომით დაზარალებულთა უფლებებსა და მდგომარეობაზე. უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ წარმოებულ გამოძიებაზე, რომელიც 2008 წლის ივლის-ოქტომბრის პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილ ომისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულებში პასუხისმგებელთა გამოვლენას ისახავს მიზნად. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ გამოძიება მომხდარიდან 8 წლის დაგვიანებით დაიწყო, რაც ართულებს სინამდვილის დადგენას. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიურობა, რომ საგამოძიებო პროცესიცა და მისი შედეგიც იყოს ადეკვატური. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ომით დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვა. ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება ომის შემდეგაც, ოკუპაციის პირობებში. უჩა ნანუაშვილი მნიშვნელოვნად თვლის მათი უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას. "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც ჰააგის სასამართლოს მიერ წარმოებულ გამოძიებაზე მონიტორინგს ითვალისწინებს.

Your browser doesn’t support HTML5

უჩა ნანუაშვილი "დილის საუბრებში"