თამაზ დოლაბერიძე: "ყველაფერი ბრალდება ხოლმე გარდაცვლილს, ან დაშავებულს"

13 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამაზ დოლაბერიძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (სპკგ) თავმჯდომარის მოადგილე. მან ილაპარაკა 12 მარტს ზესტაფონის "ფეროში" მომხდარ ინციდენტზე, რომელსაც მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქარხნის შენობის სახურავის შეკეთებისას 55 წლის მუშა 40 მეტრი სიმაღლიდან ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის შესწავლაში თავისი ინსპექტორის ჩართვა მოითხოვა პროფკავშირმა და როგორც თამაზ დოლაბერიძემ "დილის საუბრების" ეთერში აღნიშნა, თანხმობაც მიიღო. პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა ილაპარაკა მსგავსი შემთხვევების შესწავლის პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ, როგორც წესი, ყველაფერი ბრალდება ხოლმე გარდაცვლილს ან დაშავებულს. რაც შეეხება ზესტაფონის "ფეროში" მომხდარს, თამაზ დოლაბერიძემ აღნიშნა, რომ არარუტინული სამუშაოს შესრულებისას მნიშვნელოვანია უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა განყოფილებამ სწორად შეაფასოს რისკები და შესაბამისად მოამზადოს შემსრულებლები და სამუშაო ადგილი. გადაცემის სტუმარი პრობლემურად თვლის საწარმოთა ახალ პრაქტიკას, როცა ხელმძღვანელობა ცდილობს მოამზადოს უნივერსალური კადრი და მას სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შესრულებას ავალებს, რაც ბევრ შემთხვევაში გაუმართლებელია. თამაზ დოლაბერიძე თვლის, რომ შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ შრომის ინსპექციის გაძლიერება არ იქნება საკმარისი, არამედ აუცილებელია პროფკავშირების გაძლიერება და შრომის უსაფრთხოების პირობებზე აქტიური მონიტორინგი, რის საშუალებასაც არ იძლევა საწარმოთა ხელმძღვანელების პოლიტიკა - მუდმივად ავიწროებდნენ პროფკავშირის წევრებს და აქტივისტებს.

Your browser doesn’t support HTML5

თამაზ დოლაბერიძე "დილის საუბრებში"