9 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამაზ დოლაბერიძე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე. მან ილაპარაკა ექვსი მეშახტის დაღუპვის ფაქტსა და იმ საფრთხეებზე, რომლებიც საქართველოში ახლავს მეშახტეების შრომას.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით არ გამოხმაურებია პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის წინადადებას: სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შექმნის, მომხდარის შესწავლაში საერთაშორისო ექსპერტის ჩართვის, ტყიბულის შახტების სრული რეაბილიტაციისა და ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების შესახებ. უცხოელი ექსპერტების ჩართვის თხოვნით პროფკავშირების გაერთიანებამ მიმართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასაც და უკრაინელ კოლეგებს. თამაზ დოლაბერიძე იხსენებს მსგავსი ფაქტების შემდგომ პრაქტიკას - უცვლელ რეალობას და თვლის, რომ შახტებში მუშაობა უნდა შეჩერდეს მანამდე, ვიდრე არ იქნება შესწავლილი ყველა დარღვევა, საფრთხე, რაც იქ მუშაობას ახლავს და არ გატარდება მაქსიმალური ღონისძიებები მათი მინიმალიზაციისთვის. ამასთან, გაჩერების პერიოდში უნდა მოხდეს ტყიბულელთა სუბსიდირება იქნება ეს სახელმწიფოს, თუ დამსაქმებლის მიერ. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე "დილის საუბრებში" ჩამოთვლის ამ საფრთხეებს და აღნიშნავს, რომ ტყიბულის შახტები გამოირჩევა საფრთხეებით, რაც არ უკავშირდება მაინცდამაინც შახტების სიღრმეს. ტყიბულში 5 აპრილს მომხდარის გამოძიება და მიზეზების კვლევა გრძელდება. თამაზ დოლაბერიძე ლაპარაკობს ტყიბულის შახტებში ადგილობრივების დასაქმების უალტერნატივობასა და ამის ეკონომიკურ ეფექტზე მუნიციპალიტეტის სოფლების ცხოვრებაზე. "დილის საუბრების" სტუმარი ლაპარაკობს დღემდე მიუღწეველ კონტაქტზე: "ხელისუფლება ვერ გრძნობს, რა პრობლემებია დაბლა, მიწისქვეშ და მიწისქვეშ მომუშავე ხალხი ვერ გრძნობს, რომ მაღლა ვიღაც არის, ვინც მასზე იზრუნებს". "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო ლინა ღვინიანიძე, EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი. მან ილაპარაკა ტყიბულის საკითხზე, სახელმწიფო ხედვის დეფიციტსა და იმაზე, რომ ადამიანები, ვინც არიან ნაწილი და მოწმე ტრაგედიისა, სამუშაო ადგილის დაკარგვის შიშით ვერ ლაპარაკობენ ღიად ამ ტრაგედიაზე. თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, ასეთი ვითარებაა ყველა მონოდასაქმების ადგილზე საქართველოში.