18 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სოფო ვერძეული, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC)-ს ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი. მან ილაპარაკა პარლამენტში ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილებების პროექტზე, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებული, ადრე დაანონსებული საკითხების გარდა სხვა საკითხებსაც ეხება. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ჯგუფი თვლის, რომ "განსაკუთრებით პრობლემურია კონსტიტუციის მე-18 მუხლში ინფორმაციის თავისუფლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებს არსებულ კონსტიტუციურ სტანდარტს. დაუსაბუთებელი და მოუმზადებელია ასევე ცვლილება, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას შეეხება". 15 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში აგრეთვე წაიკითხავთ: "უნდა ითქვას, რომ არცერთი ხსენებული საკითხი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის თავდაპირველ ტექსტში ასახული არ ყოფილა და მათი გაჟღერება მოხდა საყოველთაო სახალხო განხილვის ბოლო შეხვედრაზე, რომელსაც მხოლოდ კონსტიუტიცური ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამ ცვლილებების შესახებ ასევე საუბარი არ არის ცვლილებების განმარტებითი ბარათის ტექსტში". სოფო ვერძეული ვარაუდობს, რომ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მუხლში ცვლილება მეტი ინტერპრეტაციის საშუალებას მისცემს ამა თუ იმ უწყებას, თუკი ის ინფორმაციის გაუცემლობისთვის მიზეზის ფორმულირებას მოისურვებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის სტატუსის კონსტიტუციურ დონეზე განსაზღვრის შესახებ ინიციატივა მოქმედ მდივანს ეკუთვნის. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ ეს ინიციატივა ვერ ჩაითვლება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და სისტემის გაძლიერებისკენ ნაბიჯად. სოფო ვერძეულმა კონსტიტუციური ცვლილებების ინიციატივების გარდა ილაპარაკა 16 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც მიწვეული იყვნენ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის კოალიციის" წევრი ორგანიზაციები და მართლმსაჯულების რეფორმის "მეოთხე ტალღის" ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხებოდა. მიწვეულებმა კომიტეტის ხელმძღვანელებისგან მოისმინეს ინფორმაცია, რომელიც კომიტეტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა და რომელშიც არ არის წარმოდგენილი თავად კოალიცია. ჯგუფის შედგება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.
Your browser doesn’t support HTML5