შოთა უტიაშვილი: "როცა ებრძვი დანარჩენ მსოფლიოს, გრძელვადიანი ბრძოლის შნო უნდა გქონდეს"

21 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შოთა უტიაშვილი, "რონდელის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მან ილაპარაკა რუსეთის მიმართ საქართველოს პოლიტიკაზე დღეს შექმნილ საერთაშორისო კონტექსტში. შოთა უტიაშვილმა აღწერა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ლოგიკა და გაიხსენა აგრეთვე ვითარება, როცა 2008 წლის ომის შემდეგ დასავლეთს საქართველოს გამო სანქციები არ დაუწესებია რუსეთისთვის. შოთა უტიაშვილი მნიშვნელოვნად თვლის საქართველომ გონივრულად გამოიყენოს დღეს შექმნილი საერთაშორისო ვითარება და გაააქტუალუროს იგივე 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხი. საერთაშორისო სამართლის ბერკეტებს რაც შეეხება, შოთა უტიაშვილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვანია, დიდ ყურადღებასა და შრომას მოითხოვს, ამასთან - შედეგის დადგომას დრო სჭირდება. ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების მყისიერი მოგვარებისთვის კი მნიშვნელოვანია ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ვითარებას ართულებს ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის უფლებებს ვერ იცავს ვერც საქართველოს ხელისუფლება და ვერ იცავენ ვერც საერთაშორისო ორგანიზაციები. ამ ფონზე, შოთა უტიაშვილი ხიფათისშემცველად თვლის ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების გაფორმების წამოწევას. ამ განცხადების ზუსტი ფორმულირება უცნობია, თუმცა, ცნობილია რუსეთის ინტერესი, რომ საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლებებთან ერთად გააფორმოს საერთო დოკუმენტი, რაც იქნებოდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯი. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ცალმხრივად გაცხადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის შესახებ. შოთა უტიაშვილი "დილის საუბრებში" ხსნის საერთაშორისო სანქციების შემაკავებელი, პრევენციული მოქმედების მექანიზმს და ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია კონკრეტული დანაშაულების ჩამდენთა წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს და არა ყველა იმ პირის მიმართ, ვის სახელსაც უკავშირდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის განხორციელება.

Your browser doesn’t support HTML5

შოთა უტიაშვილი "დილის საუბრებში"