4 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ შორენა ზედგინიძე, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) სოციალური მუშაკი, პროექტის - "დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის" კოორდინატორი და თეონა კუჭავა, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი. მათ ილაპარაკეს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე. თეონა კუჭავამ აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში მომხდარი დანაშაულები კიდევ ერთხელ აჩვენებს ძალადობისა და დანაშაულის პრევენციის მნიშვნელობას. მისი განმარტებით, პრევენცია არ არის ერთი კონკრეტული უწყების საქმე, არამედ უნდა არსებობდეს უწყებათაშორისი მექანიზმი და მისი ეფექტიანობის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებლი იქნებოდა პრობლემის იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე. თეონა კუჭავას თქმით, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია არასრულწლოვნების სტიგმატიზაციის თავიდან აცილება. შორენა ზედგინიძის თქმით, საჭიროა საზოგადოებამ იფიქროს იმაზე - სად მივედით? სტუმარმა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი ინსტიტუტების (სკოლა, ოჯახი) ჩართულობის მნიშვნელობას. სტუმრებმა აღნიშნეს გამოკვლევების შედეგები, რომლებიც აჩვენებს საზოგადოების მიერ ძალადობის მიღებას. შორენა ზედგინიძე იშველიებს პრაქტიკას და ერთ-ერთ სირთულედ ასახელებს მშობლების ჩართვას არასრულწლოვნის პრობლემის მოგვარებაში. "დილის საუბრების" სტუმრებმა ილაპარაკეს აგრეთვე საზოგადოებაში დამკვიდრებულ მცდარ ნორმებსა და სხვადასხვა რგოლში საჭირო ცოდნის დეფიციტზეც.
Your browser doesn’t support HTML5