სტუმრად ჩვენს ეთერში: შორენა ლორთქიფანიძე

27 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შორენა ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი, "თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ გამოკვლევაზე, რომელშიც ასახულია საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ. წინა წლის მსგავსად, საქართველოს მოქალაქეები ზოგადად პოზიტიურად (59%), ან ნეიტრალურად (34%) აღიქვამენ ევროკავშირს. გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირთან აიგივებს: სიტყვის თავისუფლებას, ეკონომიკურ კეთილდღეობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. გამოკვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ "ის ფასეულობები, რომლებიც ძლიერ ასოცირდება ევროკავშირთან, ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობებია". აღნიშნული გამოკვლევის შედეგებით, საქართველოში ყველაზე მეტად ევროკავშირს (66%) ენდობიან, გაეროსთან (56%), ნატოსთან (54%) და ევრაზიის კავშირთან (25%) შედარებით. შორენა ლორთქიფანიძე ამ მაღალ ნდობას იმით ხსნის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი სულ უფრო ხელშესახები ხდება საქართველოს მოსახლეობისთვის. ნიშანდობლივია, რომ გამოკითხულთა 45%-ის სურვილია ევროკავშირი უფრო დიდ როლს ასრულებდეს საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაში, დასაქმების შესაძლებლობების გაზრდაში (37%) და განათლების გაუმჯობესებაში (34%).

Your browser doesn’t support HTML5

შორენა ლორთქიფანიძე "დილის საუბრებში"