სტუმრად ჩვენს ეთერში: რუსუდან მჭედლიშვილი

15 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რუსუდან მჭედლიშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლისა" და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა აზერბაიჯანეილ ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე. გასული კვირის ბოლოს აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონულმა სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია და აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აზერბაიჯანის პროკურატურა აფგან მუხთარლის ბრალად სდებდა: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, საზღვარზე ფულის უკანონოდ გადატანისა და მესაზღრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. რუსუდან მჭედლიშვილი "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" წარმომადგენლის სტატუსით აკვირდებოდა აზერბაიჯანის სასამართლოში აფგან მუხთარლის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს. ის "დილის საუბრების" მსმენელს უყვება სასამართლო სხდომების მიმდინარეობის დეტალებზე, მოწმეების ჩვენებებსა და სასამართლოს დამოკიდებულებაზე მედიის მიმართ. პარალელურად, უკვე მერვე თვეა საქართველოში ფორმალურად გრძელდება აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების საქმის გამოძიება, რომლის მიმართაც უფლებადამცველებს არაერთი კითხვა აქვთ და რომელშიც არ არის პროგრესი. აფგან მუხთარლიმ თავის ადვოკატს მიაწოდა ინფორმაცია 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან მისი გატაცებისა და აზერბაიჯანში მისი ძალადობრივად გადაყვანის დეტალებზე. "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" და მისი წევრი ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" გააგრძელებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდაჭერას როგორც საქართველოში, აგრეთვე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. აფგან მუხთარლისთვის განაჩენის გამოტანას უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან მუხთარლისა და ყველა იმ პირის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, რომლებიც მათი ძირითადი თავისუფლებების გამოყენებისთვის არიან ციხეში. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე გამოძიებას და მოუწოდებს საქართველოს გამოძიება წარმართოს "სრულფასოვნად, გამჭვირვალედ და დროულად". ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტითვის ექვსწლიანი პატიმრობის მისჯა სერიოზულ კითხვებს ბადებს აზერბაიჯანში ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებაზე. "ბატონი მუხთარლის სავარაუდო მოტაცება საქართველოში, რასაც მოჰყვა მისი დაპატიმრება და გასამართლება აზერბაიჯანში მოითხოვს დეტალურ და გამჭვირვალე გამოძიებას", - აცხადებს ევროკავშირი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მსგავსად ისიც მოითხოვს ყველა იმ პირის გათავისუფლებას, ვინც აზერბაიჯანში ძირითადი უფლებების განხორციელებისთვის არის დაკავებული.

Your browser doesn’t support HTML5

რუსუდან მჭედლიშვილი "დილის საუბრებში"