16 ნოემბერს რადიო თავიუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი. მან ილაპარაკა მთავრობის რეორგანიზაციის კონტექსტში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მომავალზე. სამთავრობო ცვლილებების შესახებ პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ CENN-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "CENN–ის წინასწარი შეფასებით, საქართველოს მთავრობის განცხადებებში იკვეთება გადაწყვეტილებების ნაჩქარევად, დასაბუთებისა და მონაწილეობრივი პროცესების გარეშე, გაუმჭვირვალედ მიღების რისკი, რამაც შეიძლება შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ზიანი მიაყენოს საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. პირველ რიგში, ეს ეხება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაუქმება/რეორგანიზაციას". CENN-ი მიმართავს საქართველოს მთავრობას - საზოგადოებას წარუდგინოს ცვლილებების განხორციელების აუცილებლობის დასაბუთებული არგუმენტაცია, აგრეთვე - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობების, უფლებამოსილებების, ფუნქციების, მიმდინარე პროგრამებისა და სამართლებრივი პროექტების შესაბამისი უწყებებისთვის გადაბარების დეტალური გეგმა. რეზო გეთიაშვილმა აღნიშნა, რომ ის მთავრობისგან მოელის როგორც მეტ ინფორმაციას ცვლილებებზე, აგრეთვე მის განხილვაში ფართო საზოგადოების ჩართვას.
Your browser doesn’t support HTML5